ბურჭულაძის პარტია დღეს 180-მდე ადამიანმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ პინაიშვილი პარტიას ტოვებს.
პარტიის დატოვების მიზეზებზე ზურაბ პინაიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელობა შემჩნეულია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან აქტიურ კავშირში.
მისვე თქმით, „ისინი ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს გაერთიანებაზე “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან“.
ამასთან, როგორც ზურაბ პინაიშვილმა აღნიშნა, პარტიის ხელმძღვანელობას ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება. მისი თქმით, პარტიას ოფისის 180 თანამშრომლის მიმართ გააჩნია დავალიანება.
“მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი, არავის ჩაუყენებივარ საქმის კურსში “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან, “გირჩთან” და “ახალ საქართველოსთან” გაერთიანების შესახებ და არც აზრი უკითხავს არავის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ავანტიურასთან პაატა ბურჭულაძის სახით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და ავანტიურისტულ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებ ჩემს გუნდთან ერთად აღნიშნულ პარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ზურაბ პინაიშვილი აცხადებს, მან პარტიაში 180-მდე ადამიანი მიიყვანა და მათ უმრავლესობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, პარტიის დატოვების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები