„სისხლი სისხლია, ხომ ვერ შეცვლი. სისხლით ქართველი ხარ – ესაა მთავარი“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ეთნიკური ქართველი ილიას ჩილოღლუ თურქეთის ქალაქ ორდუს რაიონშ – უნიეში გაიზარდა, სადაც ქართველები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დასახლდნენ და იქ მხოლოდ მათი შთამომავლები ცხოვრობენ. დღევანდელი ჩვენი „პერსონა“ საქართველოსთან მის პირველ შეხებას, მაშინდელ ემოციებს იხსენებს. ილიას ჩილოღლუმ ფესვებთან დაბრუნება მაშინ გადაწყვიტა, როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო. შავ-თეთრი 90-იანი წლები და ფერადი მოგონებები ეთნიკური ქართველის წარსულიდან…13689442_1349971931698078_1078340387_n

– თავიდან სხვა პროფესია მინდოდა, ტელეწამყვანობაზე ვოცნებობდი და სპორტის წამყვანობას ვაპირებდი. 90-იანი წლების ყველა ფეხბურთელი კარგად ვიცოდი, სახლში ჩემთვის – თითქოს გადაცემა მიმყავდა, ხშირად ვვარჯიშობდი. თუმცა, ხანდახან ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც შენ ფიქრობ. 1995 წელს საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. ჩვენთან, თურქეთში რეკლამა ვნახე, სადაც ამბობდნენ, რომ სწავლება ინგლისურ ენაზე იყო და სხვადსხვა პროგრამები ჰქონდათ. ერთ-ერთი იყო ბიზნესი. გავედი გამოცდაზე და ჩავაბარე. სტიპენდიაც ავიღე…
წარმოშობით ქართველი ვარ, ამიტომ ჩემთვის უცხო გარემო არ უნდა ყოფილიყო, ენაც ვიცოდი, კარგად არა, მაგრამ… ოჯახში,  ჩემთან ქართულად საუბრობდნენ და მეგობრებთან შედარებით ყველაზე კარგად ვიცოდი…13695028_1349971935031411_857179329_n
როცა მამაჩემს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ეს იყო 90-იანი წლები, გვესმოდა და ტელევიზითაც ვუყურებდით, რა ხდებოდა საქართველოში, მაგრამ მამაჩემს ძალიან გაუხარდა. მის სახეზე კმაყოფილება რომ დავინახე, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მართლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ბიზნესის სწავლა. დღესაც რომ მკითხონ, სხვა რამეს ხომ არ ვისწავლიდი, არა – მე ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. აღმოვაჩინე, რომ ეკონომიკა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დავრჩი ბიზნესში, დავამთავრე მაგისტრატურა, დოქტურანტურა, საბოლოოდ კი ეკონომისტი გავხდი.
– მაშინ პირველად ჩამოხვედით საქართველოში?
– კი, პირველად ჩამოვედი. მახსოვს, ტრაპიზონში ჩამოვედით, დავჯექით ავტობუსში და წამოვედით საქართველოში. ავტობუსში თურქები ქართულ სიტყვებს სწავლობდნენ, მაგრამ მე უკვე ვიცოდი და პრობლემა არ მქონდა. რა თქმა უნდა, უჭირდათ ქართული სიტყვების წარმოთქმა, ზოგიერთი წ-ს ვერ ამბობდა, ან ყ-ს… როცა უკვე საქართველოში გადმოვედი და ერთად ამდენი ქართველი ვნახე… სისხლი სისხლია, ხომ ვერ შეცვლი. მე რაც არ უნდა ვიწვალო და მაგალითად ვთქვა, რომ ამერიკელი ვარ, მოქალაქე შეიძლება იყო, მაგრამ შენ სისხლით ქართველი ხარ – ესაა მთავარი. ამიტომ, რომ გადმოვედი, ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი ჩემთვის. თბილისში ჩამოსვლისას ვნახე სულ სხვანაირი გარემო, მეზობლები, მეგობრები და სხვა…
– თუმცა, მაშინ საქართველოში ძალიან მძიმე პერიოდი იყო…13689504_1349971928364745_1246844344_n
– კი, იყო, მაგრამ ეს არ გვიგრძვნია. ეს ძალიან საინტერესოა. ერთ ამბავს გავიხსენებ, უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, ჩემი მეგობარი გერმანიაში წავიდა. ერთი წლის შემდეგ ველაპარაკე და მითხრა, რომ მიუხედავად გერმანიაში წარმატებული საქმიანობის, მატერიალური დამოუკიდებლობის და უზრუნველი ცხოვრებისა, საქართველოში გატარებული წლები მისთვის სამოთხის ტოლფასი იყო. ეს კი გამოიწვია ქართველების დამოკიდებულებამ და სითბომ. სტუდენტები ვიყავით და მეზობლები ხშირად მოგვაწოდებდნენ სადილს, როგორც საკუთარი დედა, ისე გვექცეოდნენ, ამას ვერსად იპოვი… აქ მე ისეთი მეგობრობა ვნახე, ასეთი რამ არსად ხდება. ისეთი ეფექტი ჰქონდა ადამიანზე ამ ყველაფერს, დღესაც რომ ვიხსენებ, ძალიან ემოციური ვხდები. ამიტომ ამ ნეგატიურ გარემოს ჩვენზე არანაირი ზემოქმედება აღარ ჰქონდა. ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია და გავიწყებს ყველაფერს სხვას…
– საქართველში ყველაზე მეტად რომელი კუთხე მოგეწონათ?
– თავიდან თბილისში ჩამოვედი და, ვფიქრობ, თბილისმა, განსაკუთრებით ქალაქის გამწვანებამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ადამიანები, ვისაც შუქი და გაზი არ აქვს და ხეებს არ ჭრის, უვლის. ეს იყო ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი… ხალხი მაქსიმალურად აქცევდა ყურადღებას, რომ ეს იყო ქალაქისთვის საჭირო. დავდიოდით ქუჩებში და ხეები თითქოს ცოცხალ თაღებს ქმნიდა, თურქეთში ასეთი ქალაქები არ გვაქვს. ეს იყო საოცრება. ულამაზესი იყო, მთაწმინდიდან ქალაქს რომ ვუყურებდით, ეს შეგრძნებები დღესაც მახსოვს.
– როგორ გააგრძელეთ პროფესიული გზა?13692142_1349971951698076_1787125104_o
– შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, დარჩენა შემომთავაზეს. დავრჩი და შავი ზღვის უნივერსიტეტში ძალიან ბევრ პოზიციაზე ვიმუშავე – ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, კანცელარიაში, ასევე პროგრამის კოორდინატორი, დეკანის მოადგილე, დეკანი, რექტორის მოადგილე და ბოლოს გავხდი რექტორი. გავიარე ყველა ეტაპი, რომ დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ვარ. ამ პერიოდში მქონდა გასვლები, 2008 წელს ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, მოწვეული პროფესორი. შემდეგ ვასწავლიდი ამერიკის ატლანტას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ეკონომიკას. მქონდა სხვადასხვა ქვეყნებში მოკლევადიანი პროგრამები. თუმცა, სხვაგან დარჩენა არასოდეს მიფიქრია.
ასეთი მომენტიც იყო, 2013 წელს ჩემმა მეუღლემ ამერიკის green card-ი მოიგო. იმ პერიოდში ამერიკაში, სადაც ვასწავლიდი, იქიდანაც მქონდა შემოთავაზება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მივიღე, საქართველოს მოქალაქეობა ამეღო და ახლა ორმაგი მოქალაქე ვარ – თურქეთის და საქართველოსი.
– ფიქრობდით, რომ სადაც სწავლობდით, იმ უნივერსიტეტის რექტორი გახდებოდით?13695937_1349971925031412_1126389571_n
– არა, მე ასეთი ვარ. ყოველთვის მინდოდა, კარგი პროფესორი, ან მენეჯერი ვყოფილიყავი. სადაც ვარ, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთო. თუმცა, არასოდეს მიფიქრია, ამ საქმეს თუ კარგად გავაკეთებდი, მერე ამ პოზიციაზე მომიყვანდნენ და ა.შ. ეს დანარჩენი თავისით მოდის…
–   რა არის ქართული თქვენს ხასიათში?
– ძალიან გაწონასწორებული ვარ. ხშირად მიწევს სტუდენტებთან ურთიერთობა და ჩემს გარშემო ბარიერებს არასოდეს ვქმნი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და თავისი სურვილი თუ პრობლემა გამიზიაროს. თუმცა პირდაპირ არ ვრეაგირებ. ყოველთვის ვცდილობ, ის კონკრეტული სიტუაცია თავად ვნახო, მეორე მხარეს მოვუსმინო, გავაანალიზო და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღო.
– ოჯახი…13714573_1349971921698079_1311727134_n
– მყავს მეუღლე, 7 წლის ტყუპი ბიჭები – იოსეფი და იუნუსი და 11 წლის გოგონა – სუება. რა თქმა უნდა, საქართველოში სწავლობენ. ჩემმა მეუღლემ ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრა, ერთ პერიოდში ვსწავლობდით.
– თქვენი ოცნება…
– ჩემი სურვილები უნივერსიტეტს უკავშირდება. მინდა, რომ უფრო მეტი სტუდენტი გავუშვა გაცვლით პროგრამებზე. არიან ისეთი სტუდენტები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, წავიდნენ უცხოეთში, მაგრამ კარგად სწავლობენ. ჩემი დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს ხელი შევუწყოთ, რომ სასწავლებლად ამერიკაში, ევროპაში წავიდნენ. საქართველოში უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდეს, ამჯერად 300 უცხოელი სტუდენტი გვყავს. ეს ჩვენთვისაც და ქვეყნის ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, კარგია… ჩვენი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სადაც სწავლობდნენ იმ ქვეყნის რეკლამას ახდენენ… ვფიქრობ, შავი ზღვის უნივერსიტეტის პატარა წილიც იქნება ამ კუთხით…
რაც შეეხებაბავშვობის დროინდელ ოცნებას, წამყვანობაზე არასოდეს მიფიქრია. თუმცა, როცა სიტყვით გამოვდივარ, მაშინდელი ჩემი ვარჯიშები ძალიან მეხმარება…

ნინო ჯაჯანიძე
13682343_1349971948364743_684073575_o
13720431_1349971995031405_419380673_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები