გენერალური მდივნის ბოლო მოხსენების თანახმად, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში თითქმის 300 000 ადამიანი იყო რეგისტრირებული როგორც იძულებით გადაადგილებული პირი – ეს ციფრი შეგვახსენებს ამ მიმდინარე ჰუმანიტარული გამოწვევის მასშტაბებსა და ხანგრძლივ ხასიათს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს.
„ამ ციფრების უკან დგანან რეალური ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც გადაადგილების ნიშნით მიმდინარეობს. მართლაც, გენერალური მდივნის მოხსენებაში საუბარია იმაზე, თუ რა ფასის გადახდა უწევთ ადამიანებს, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს ცხოვრობენ – გადაადგილების შეზღუდვები, რომლებიც განსაკუთრებით ართულებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ შორის ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობას. საუბარი არ არის მხოლოდ რაღაც აბსტრაქტულ გამოწვევებზე.
წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილას, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში. წარმოიდგინეთ, რომ 15 წლის წინ მოგიწიათ რეგიონის დატოვება. თქვენ მუდმივად აწყდებით დაბრკოლებებს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად, სამუშაოს საძიებლად, ექიმთან მისასვლელად ან უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრებით საცხოვრებლად. თქვენ გიწევთ ბებიებთან და ბაბუებთან განშორება, ოჯახური მეურნეობების მიტოვება. ხოლო თქვენი ბებია-ბაბუები ცხოვრობენ ვიდეოკამერების მეთვალყურეობის ქვეშ, ღობეების მიღმა, სადაც სხვადასხვა საშუალება და დეტექტორი ხელს უშლიან მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებაშიც კი, რადგან ხდება გადაადგილების მონიტორინგი. შეზღუდვები ცხოვრების ფაქტად იქცა. შეუძლებელია ნათესავების მონახულება, საგვარეულო საფლავებზე გასვლა, საკულტო ადგილებში, ბაზრებსა თუ სხვა ადგილებში დაბრუნება, რომლებიც ოდესღაც თქვენს სახლს წარმოადგენდა.
ეს რეზოლუცია არ არის უბრალოდ პოლიტიკური დოკუმენტი, ეს არის გაეროს წესდების და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების პატივისცემის დადასტურება, რაც წარმოადგენს ვალდებულებას და არა ნებაყოფლობით არჩევანს. საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს, მათ შორის, ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უზრუნველყოფის განრიგის შემუშავების გზით. ამ თვალსაზრისით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე მოქმედებდეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გაეროს წესდების პრინციპებისა და გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების ჩათვლით, მათ შორის 79/292 რეზოლუციის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია ამ პრინციპების აზრით აღვსება. ეს გულისხმობს მუდმივ ყურადღებას ჰუმანიტარული სიტუაციისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმართ ყველა დაზარალებულ რაიონში, საქართველოში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჰუმანიტარულ აქტორებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ხშირად იმყოფებიან გადაადგილებისა და უსაფრთხოების ნაკლებობის მწვავე რისკის ქვეშ. ეს პრინციპები ასევე მოითხოვს მკაფიოდ და ნათლად იქნას აღნიშნული მშვიდობის პოსტულატები, გაეროს წესდების პრინციპების დაცვა, კერძოდ – ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულება და ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს დადასტურებულია უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში საქართველოს შესახებ.
ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიური ძალისხმევის გაწევას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კვლავ რჩება დიალოგის მნიშვნელოვან ფორმატად. ამ პროცესის ფარგლებში ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ რეზოლუციების მიღება, არამედ მათი აზრით აღვსება“, – აღნიშნა ბერბოკმა.