„კარგი როიალი იდეალური ქალივითაა, როგორც ეხები, ზუსტად ისე გპასუხობს…“

„არც ვიცი, რა არის აბსოლუტურ სიჩუმეში ცხოვრება მუსიკის გარეშე. ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი…“- მუსიკოსი დავით წიკლაური საკუთარ მელოდიაზე, მუსიკის ძალაზე და ბგერების ჰარმონიაზე „პერსონას“ მკითხველს მოუყვება…13551093_1336725159689422_1179153440_n

– რატომ გახდა მუსიკა დავით წიკლაურის თანამგზავრი?
– ბევრ რამეს შეიძლება „დავაბრალო“,  ასე ვთქვათ, ჩემი მუსიკისკენ ლტოლვა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს, რა დროს შემოვიდა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. ის ყოველთვის იყო და, მგონი, მან უფრო ადრე ამირჩია, ვიდრე მე – ის. ძალიან ადრეული ასაკიდან ჰიპნოტურ მდგომარეობაში მაგდებდა მუსიკის გაგონება, ყველაფერი მავიწყდებოდა. შემეძლო საათობით მონუსხულს მესმინა და ალბათ ეს იყო ჩემი ‘’მოთვინიერების’’ ერთადერთი საშუალება, იმიტომ რომ ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი როგორც ჩემი მშობლები ამბობენ. ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი აღქმის მიღმა ხდებოდა მანამ, სანამ 3-4 წლამდე მივაღწიე და თანდათან ტრადიციული აღქმის დონემდე დავიდა, რა იყო ეს ხმები, საიდან მოდიოდა, რა გამოსცემდა და ა.შ.
– ფორტეპიანო, ინსტრუმენტი, რომელიც არის შენთვის…
– ცოცხალია, სუნთქავს, თავისი ხასიათი აქვს, 2 ერთნაირი ინსტრუმენტი არ არსებობს. კარგი როიალი იდეალური ქალივითაა, როგორც ეხები, ზუსტად ისე გპასუხობს. აბსოლუტურად უნიკალური და იდეალური ინსტრუმენტია. იმდენად იდეალურია, ლაპარაკიც კი მიჭირს. ის არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ერთდროულად ორკესტრიცაა და ცალკ13578814_1336725156356089_677555577_nე სოლო ინსტრუმენტიც, ფაქტობრივად, ამოუწურავი პოტენციალით. რაც არ უნდა გენიალურად უკრავდე ის, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის თავისი შესაძლებლობებით. ნებისმიერი ინსტრუმენტის ხმის იმიტაცია შეიძლება ფორტეპიანოზე, უფრო მეტიც, მეხის გავარდნიდან წყლის წვეთების ხმამდე, მოკლედ, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, რასაც შემსრულებლის ნიჭი და ფანტაზია გაწვდება და რაც უფრო მაღალი კლასის ინსტრუმენტია, კიდევ უფრო ჭკუიდან გადაყავხარ მისი ბგერის ხარისხს და იმ ამოუწურავ პოტენციალს, რაც მასშია ჩადებული. ღმერთის ინსტრუმენტია. უსასრულოდ შემიძლია მასზე ვილაპარაკო.
– წერ მუსიკას. როდის დაიწყე და როგორ/რატომ გაჩნდა პირველი ბგერები?
– ერთი კვირაც არ იყო გასული, რაც ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიაში მქონდა დაწყებული სწავლა, პირველ კლასში ვიყავი. ერთ-ერთ ნაწარმოებს ვმეცადინეობდი და თანდათან ისე გადავუხვიე ტექსტიდან, რომ რამდენიმე წუთში აბსოლუტურად სხვა რამეს ვუკრავდი, რომელშიც, როგორც თიხაში, ისე გამოიძერწა ეტაპობრივად მელოდია, ჰარმონია, ფორმა და მქონდა ძალიან უცნაური შეგრძნება (მაშინ ეს პირველი იყო), როცა აბსოლუტურად გამოვეთიშე გარესამყაროს და ვიმყოფებოდი ტრანსში, სადაც მარტო მე და ფორტეპიანო ვიყავით… სწორედ მაშინ პატარა, მოკრძალებული ნაბიჯი გადავდგი კომპოზიტორობისკენ, რამაც მრავალი წლის მერე ჰპოვა გაგრძელება.
– როგორია დავით წიკლაურის მუსიკა…13579050_1336725163022755_1813824062_n
– ძალიან ძნელია საკუთარ მუსიკაზე საუბარი. ამაზე ხალხმა უნდა ილაპარაკოს, ზუსტად იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათი ემოცია და განცდა ჩემი მუსიკის მიმართ. ხალხია ზუსტად ადრესატი და მათ უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ მუსიკაში, მხოლოდ ასე შეიყვარებენ და გულთან ახლოს მიიტანენ. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფურცელზე გადმომაქვს და მზის სინათლეს ნახულობს ჩემი ნამუშევრები. მუსიკა ყველასია, მოდი, ასე ვთქვათ, მე თუ დავწერე, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ გამიმართლა, რომ მისი ამ სამყაროში ბგერებად ქცევის უნარი მაჩუქა განგებამ. მუსიკის წმინდათაწმიდა ვალია, ადამიანი უკეთეს ადამიანად აქციოს და ყოველთვის, როცა ვწერ, ამოსავალი წერტილი ჩემთვის ზუსტად იმ ადამიანების ემოციური მოთხოვნილებებია, რომლებიც ამას მოისმენენ. ბოლოს მაინც გიპასუხებთ კითხვაზე, მე მგავს ჩემი მუსიკა. ძალიან გულწრფელი ვარ წერისას და ამას გრძნობს მსმენელი. სხვაგვარად წარუმატებლობა გარანტირებულია.
– არის თუ არა შენთვის საინტერესო კინომუსიკის შექმნა და როგორი კინოსთვის?
– უკიდურესად საინტერესო იყო ყოველთვის და ამჟამად ზუსტად კინომუსიკით ვარ დაკავებული. ჟანრულად ყოველთვის ძალიან სიუჟეტური გამომდიოდა ყველა კომპოზიცია. მხვდა ბედნიერება წილად, დამეწერა სრულმეტრაჟიანი ფილმის მუსიკა, პირველი ქართულ-ამერიკული პროექტი იყო, რომელიც „ანქორ-ბეი’“-მ გაყიდა მთელს მსოფლიოში და ძალიან კარგი გამოხამაურება მოჰყვა ფილმის მუსიკას რეცენზიებში. რაც უფრო ღრმაა სცენარი და ნიჭიერი რეჟისორი, მით უფრო დიდი ბედნიერებაა, ასეთი ფილმისთვის მუსიკის დაწერა. მიყვარს ისეთი გამოწვევები, რომლებიც შეუძლებელი ჩანს საწყის ეტაპზე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მუსიკის წერა ფილმისთვის, მუსიკა ფილმის სულია, ასე ვიტყოდი. ზუსტად შენ კარნახობ მაყურებელს მთელ ემოციურ ფონს, ის რაც არ აქვს ვიზუალურ მხარეს, ყველაფერი უნდა შეავსო, ძალიან უბრალო მაგალითი რომ მოვიყვანო, უბრალო ქუჩის კადრი, ვთქვათ, ფილმის დასაწყისში, და ამ დროს რა ხასიათის მუსიკაც ისმის, იმას ელოდება მაყურებელი. წარმოუდგენელი ძალა აქვს მუსიკას ყველგან და ყოველთვის. მთელ ფილმს კრავს უხილავი გარსით, ამიტომაც ხშირად უბრალოდ კომპოზიტორობაზე მეტია საჭირო, რომ ეს ფილმის სული იპოვო და მუსიკაში გადმოსცე.
– რომ არ ყოფილიყო მუსიკა… 13595600_1336725166356088_960330586_n
– ვერ წარმომიდგენია, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ვერ წარმომიდგენია, რას გავაკეთებდი. იმდენად არასდროს, არცერთი წამით არ მიფიქრია სხვა რამის კეთება, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან მშრალი და მოსაწყენია უმუსიკოდ თუნდაც ერთი დღე და არც არასოდეს მქონია ასეთი დღე, იმიტომ რომ სულ მესმის თავში მუსიკა, განუწყვეტლივ, ზოგი მოსმენილი, ზოგიც ჯერ არარსებული, მაგრამ სულ არის. ასე რომ, არც ვიცი, რა არის აბსოლუტურ სიჩუმეში ცხოვრება მუსიკის გარეშე. ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი…
– არის თუ არა მუსიკა შენი ოჯახის ტრადიცია?
– კი, არის. მამა წარსულში ძალიან პოპულარული ანსამბლ „ბერიკონის“ სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, სიმღერებს წერდა და წერს, სიმღერების ტექსტებს, ლექსებს, ხატავს გადასარევად, ძერწავს, მოკლედ, ნიჭის რაოდენობაში ვერ დავეწევი… დედა ძალიან კარგი მუსიკალური მსმენელია და მრჩეველი. ჩემი ძმა ასევე მუსიკოსია, ძალიან კარგი დირიჟორი იქნება, ამის დიდი იმედი მაქვს და წერს კიდეც მუსიკას. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ სახლშიც და სკოლაშიც სულ მუსიკა იყო ჩემ გარშემო, და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს. მათ ყველანაირად შემიწყეს ხელი, რომ ამ გზაზე მევლო.
– სამომავლო გეგმები…
– ყოველთვის ვერიდები მომავალზე ლაპარაკს და კოშკების შენებას, მაგრამ, გეტყვით, რომ მაქვს ლოს-ანჯელესში რამდენიმე ძალიან სერიოზული სტუდიიდან მოწვევა, რომლებიც ფილმის მუსიკაზე მუშაობენ და უახლოეს მომავალში ვგეგმავ ჩასვლას. ძალიან მადლიერი ვარ იმის, რომ ასე გამიმართლა საქმეშიც და ადამიანებშიც. ამიტომ ჩუმად ვარ და უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. არავის ვაწუხებ ჩემი მიღწევების აფიშირებით. მირჩევნია, ძალიან ბევრი გავაკეთო და ცოტა ვთქვა – ვიდრე პირიქით, ერთი ბეწო გავაკეთო და ავიკლო მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკით. უღრმესი მადლობა, რომ თქვენი დრო და ენერგია დამითმეთ და ვიმედოვნებ, საინტერესო რესპონდენტი ვიყავი…

                                                                                                                                                                                                            ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები