ევროსაბჭოს ექსპერტები: საქართველოს ციხეებში სიკვდილიანობა და ავადობა შემცირებულია

ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირებულია სიკვდილიანობის და ავადობის მაჩვენებელი ციხეებში, განსაკუთრებით თვითმკვლელობები, ასევე ტუბერკულოზითა და ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები; შემცირებულია პატიმართა რაოდენობა და საპატიმრო დაწესებულებების დატვირთვის მაჩვენებელი; პატიმრებს ხელი მიუწვდებათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე – “ლიბერალის” ინფორმაციით, ეს ძირითადი მიღწევები ასახულია ევროპის საბჭოს ექსპერტების ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც პენიტენციალური ჯანდაცვის განვითარების 2014 -2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს.
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით მომზადებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014 წელს შეიქმნა და ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: სამედიცინო მომსახურების დივერსიფიკაცია, გადამდებ დაავადებათა პრევენცია, ჯანდაცვის გაუმჯობესება, სუიციდის პრევენცია, ადამიანური რესურსებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
გასულ წელს ევროპის საბჭოს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა შუალედური შეფასება ჩაატარეს, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველოს ხელისუფლებამ ამ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნების შესრულების პროცესში.
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავას თქმით, 2013 წლამდე ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც პენიტენციალური სიტემის წინაშე იდგა იყოს პენიტენციალური ჯანდაცვა, თუმცა, ამ კუთხით აქტიური რეფორმების განხორციელება დაიწყო ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან ერთად.
“დღეს ევროსაპჭოს ექსპერტებმა კონკრეტული ანგარიში წარმოადგინეს თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმა. ამ მხრივ ანგარიშში პოზიტიური შედეგებია დაფიქსირებული. რაც გამოიხატება, მაგალითად, სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირებით. თუ 2011 წელს 140 ადამიანი გარდაიცვალა, 2012 წელს გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. პოზიტიურად არის ასევე შეფასებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, გასულ წელს მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა, როცა წინა წლებში საკმაოდ მაღალი იყო თვითმკვლელობების რაოდენობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის პროგრამა, ასევე სიკვდილიანობას არ უკავშირდება ისეთი დაავადება როგორიცაა ტუბერკულიოზი”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ევროსაპჭოს ექსპერტებმა მიღწევებთან ერთად რეკომენდაციებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ნოზოკომიური ინფექციების მართვის სისტემები.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პერმანენტულად ხორციელდებოდეს პენიტენციურ სისტემაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება.
ექსპერტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გააქტიურდეს ტრენინგი ძალადობის პრევენციის/სტამბოლის პროტოკოლის დანერგვის კუთხით სამედიცინო პერსონალისთვის და უზრუნველყოფილი იყოს ფოტო გადაღების ხელმისაწვდომობა ძალადობის ვიზუალური ნიშნების დოკუმენტირებისთვის. ასევე სრულიად უნდა იყოს დაცული სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობა. დაინერგოს ზიანის შემცირების დამატებითი ღონისძიებები წამალდამოკიდებული პირებისთვის, მათ შორის ქალებისთვის. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს პურველადი სკრინინგული გამოკვლევები აივ-ინფექციაზე, ჰეპატიტებსა და სიფილისზე. გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის მათზე ზრუნვის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები