მედია: სანაზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
ისრაელის მიერ ჰუსიტების თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ადგილობრივი ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.
„სანაში, თავდაცვის სამინისტროს მორალური ხელმძღვანელობის დირექტორატის ოფისზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვა ადამიანამდე გაიზარდა“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.
თავის მხრივ, ანსარ ალაჰის [ჰუსიტების] მთავრობის ჯანდაცვის სამინისტრომ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტელეარხ „ალ მასირას“ ეთერში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სანასა და ჯაუფის პროვინციაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 118 დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ ჰუსიტები და ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ რეგულარულად ესხმიან თავს ერთმანეთის სამიზნეებს.