როდის შეეძინა კობა დავითაშვილს მეექვსე ვაჟი, არ იცის

„ხალხის პარტიის“ ლიდერმა, ხუთი შვილის მამამ კობა დავითაშვილმა მეექვსე შვილის არსებობის შესახებ „კვირასგან“  შეიტყო.
„არ ვიცი, პირველად მესმის, ალბათ შეცდომაა, ალბათ საპირველაპრილო ხუმრობაა“, – აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
2013 წლის 20 დეკემბრის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დეპუტატს ხუთი შვილის ნაცვლად მეექვსე შვილიც ჰყავს. ლუკას, თორნიკეს, მათეს, ბართლომესა და ანდრიას შემდეგ, მას კიდევ ერთი ვაჟი აღმოაჩნდა და სახელად მასაც ანდრია ჰქვია. თუმცა, ამ უკანასკნელის არსებობა თავად კობა დავითაშვილმა არ იცის.
საქმე იმაშია, რომ საჯარო სამსახურის ქონებრივ დეკლარაციაში, „სახალხო პარტიის“ ლიდერს ყველაზე უმცროსი ვაჟი  ანდრია ორჯერ აქვს მითითებული და დოკუმენტის თანახმად, ორივე  2008 წლის 12 აგვისტოს შეეძინა.
როგორც ჩანს, ტექნიკური შეცდომა მოხდა, რომელმაც დავითაშივილი ექვსი შვილის მამად „აქცია“.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ საჯარო სამსახურის დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დემნა ლობჟანიძეს დაუკავშირდა.
„ალბათ კობა დავითაშვილმა ჩაწერა ერთი შვილი ორჯერ, პროგრამა არაფერ შუაშია.  როცა თანამდებობის პირი  დეკლარაციას ავსებს, შემდეგ ღილაკს აჭერს და ინფორმაცია ვებგვერდზე 48 საათში ავტომატურად ქვეყნდება. როგორც ჩანს, კობა დავითაშვილმა ღილაკს ხელი ორჯერ დააჭირა. ბიუროს არა აქვს ვალდებულება, დეკლარაციაში რაიმე ცვლილება შეიტანოს, ეს თავად კობა დავითაშვილის მიერ დაშვებული შეცდომაა. როგორც ჩააბარა ბატონმა კობამ დეკლარაცია, ასევე განთავსდა“, – აღნიშნა დემნა ლობჟანიძემ.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა უკანასკნელად ქონებრივი დეკლარაცია ერთი წლის წინ შეავსო, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში,  ტექნიკური შეცდომა „კვირას“ გარდა არავის შეუნიშნავს.

736835_1426654454249699_221493299_o (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები