NDI საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო ვითარებას დააკვირდება

NDI 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო ვითარებაზე დაკვირვებას აწარმოებს, – ამის შესახებ NDI-ის რეგიონულმა დირექტორმა, ლორა ჯუიტმა დღევანდელ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
როგორც NDI-ის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, ორგანიზაციას სურს მთავრობას ის რეკომენდაციები შესთავაზოს, რომელიც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო გარემოს ნდობის ამაღლებას.
„გვინდა შევთავაზოთ მთავრობას რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესებისადმი ნდობის ამაღლებას. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროცესები, რაც წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება, უკვე სახეზეა. იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს შესაბისობაში, მთავრობამ და საარჩევნო სუბიექტებმა ყველაფერი უნდა იღონონ. უნდა აღმოიფხვრას ძალადობის და დაშინების ფაქტები”, – განაცხადა ლორა ჯუიტმა.
დელეგაციის წევრის, მაიკლ პოზნერის განმარტებით, საარჩევნო ციკლი ჯერ კიდევ დასაწყისშია, მაგრამ დაშინებისა და ძალადობის შიში არსებობს, წინა პერიოდის გავლენის გამო. ასევე, შიშს განაპირობებს კორცხელში მომხდარი ინციდენტიც.
„ჩვენ შევხვდით ამ ინციდენტში მონაწილე პირებს, ვნახეთ ფირები, შევხვდით არასამთავრობო სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ ექვს პირს ბრალი წაუყენეს ამ ინციდენტის გამო, ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები მთავრობისთვის. პირველ რიგში, ასეთ დროს სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობა უნდა იყოს მობილიზებილი და მათ სპეციალური კურსები უნდა ჰქონდეთ გავლილი. ასევე, ყველა სუბიექტმა, პარტიებმა უნდა დაგმონ მსგავსი საქციელი, ასევე პარტიებმა უნდა შეიმუშაონ ქცევის კოდექსი პარტიის შიგნით. რაც შეეხება დაშინების ფაქტებს, განსაკუთრებით ასეთ დროს ქალებზე უფრო ხდება დაშინება. მაგალითად, 2014 წლის თვითმმართელობის არჩევნებში ერთ-ერთმა ქალბატონმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რადგან შეეშინდა დაშინების”, – განაცხადა მაიკლ პოზნერმა.
მისივე თქმით, ბოლო დროს გავრცელდა უკანონოდ გადაღებული ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც დასაგმობია.
„ასევე, იყო გარკვეული სიტყვიერი თავდასხმა ჟურნალისტებზე. ჩვენი მოწოდება და რეკომენდაცია იქნებოდა, რომ პოლიტიკოსებმა დაგმონ ასეთი დამოკიდებულება მედიისადმი. ჩვენი ანგარიში შეეხება ისეთ ასპექტებს, როგორიც არის სამართალდამცავი და სასამართლო სტემის მიმართ ნდობის არსებობა. განვიხილეთ „რუსთავი 2“-თან და „მაესტროსთან“ დაკავშირებული საკითხები. იკვეთება, რომ ნამდვილად არის გარკვეული ჩარევა და იბადება ამ მიმართულებით კითხვები. ასევე კითხვები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებითაც, როგორ მოხდა ამ ცვლილებების შემუშავება და მიღება”, – განაცხადა მაიკლ პოზნერმა.
მისივე განმარტებით, რეკომენდაციები, რომლებიც NDI-ის ანგარიშშია, პირველ რიგში, სასამართლოს შეეხება და იმ პირებს, ვინც კანონი დაარღვია, ბრალი უნდა წარედგინოთ.
“რაც შეეხება სასამართლო განჩინებებს,ის ცალსახა სიგნალს უნდა აგზავნიდეს, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია. ძალადობის ნებისმიერ ინციდენტებზე მყისიერი რექცია უნდა მოხდეს“, – განაცხადა მაიკლ პოზნერმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა საქართველოში 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა. NDI–ის დელეგაციის წევრები არიან: სემ კოპერსმითი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არიზონას შტატში; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები