ომარ ნიშნიანიძე ვიზალიბერალიზაციაზე – ნატოსი არ იყოს, მოსწყინდება კაცს სულ კაკუნი
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა.
ნიშნიანიძის განცხადებით, ევროპა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გზაზე საქართველოს მხარს არ დაუჭერს, რადგანაც საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პარტნიორია.
„არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც ვჭირდებით. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ნატოსი არ იყოს, მოსწყინდება კაცს სულ კაკუნი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძლიერდება, ჩვენ მათაც უნდა შეგვიწყონ ხელი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დროულად გადაწყდეს ეს საკითხი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნებამდე მოხდება. ევროპა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ეს არჩევნებამდე არ მოხდება. ტრაგედია არც ის იქნება, თუ ეს ახალ წლამდეც არ მოხდება, მაგრამ ევროპისთვის ცუდი იქნება ეს იმიტომ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია გეოსტრატეგიულად“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.