ნატო საქართველოსთვის მაპის მიცემის საკითხს დეკემბერში განიხილავს

ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის – მაპის მიცემის საკითხს დეკემბერში განიხილავს. ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდობით წერს, რომ ალიანსის ბევრი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას
“ნატოს ბევრი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას. არსებობს შეთანხმება, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება დეკემბერში იმისთვის, რომ ვარშავის სამიტის წინ თავიდან ავიცილოთ დებატები”, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველო დეკემბერში მაპს მიიღებს.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე ქვეყნები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ ვარშავის სამიტზე მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდება მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა საქართველოს განხორციელებული თავდაცვის სტრუქტურული რეფორმების დონით ჩამორჩება, ასევე ნატოს მისიებში მინიმალური წვლილი შეაქვს და ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა.
Washington Post-ის ინფორმაციით, საქართველოსთვის მაპის მინიჭებისა და ალიანსში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები გერმანია და საფრანგეთი არიან. წყაროს ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის ფაქტორია. გერმანია და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, რადგან რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას შედეგები მოჰყვება. ამასთან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეების აზრით, საქართველო დაუცველია და ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომზე არ წავა.
ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აღნიშნული პოზიციის გამო იმედგაცრუებულია. ასეთი პოზიცია გულისხმობს, რომ რუსეთს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ კურსზე ვეტოს დადება შეუძლია.
“ზედმეტად ბევრი საუბარია რუსეთზე. უფრო მეტად ადარდებთ, რას ამბობს და რას ფიქრობს რუსეთი, და ძალიან ცოტას ფიქრობენ, რა სურს ნატოს. საქმე ეხება ნატოს შესაძლებლობას, შეასრულოს საქართველოსთვის მიცემული დაპირება წევრობის შესახებ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ინტერვიუში.
“2008 წლის მარტში რუმინეთში, ბუქარესტში ნატოს სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ უარი თქვეს საქართველოსთვის მაპის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ალიანსმა არ გამორიცხა, რომ საქართველო რაღაც ეტაპზე შეუერთდება ნატოს. ხუთი თვის შემდეგ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ამან ნატოს ზოგიერთ ქვეყანას გაუჩინა კითხვა, შეიკავებდა თუ არა კრემლი თავს, საქართველოსთვის მაპი რომ მიენიჭებინათ ან ალიანსში მოეწვიათ”, – წერს Washington Post-ი.
ამერიკული გამოცემა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზეც წერს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაბლოკეს იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები