ომარ ნიშნიანიძე – მეც და ქართველმა ხალხმაც კარგად ვიცით, რა ეკუთვნით ბოკერიებს, მელიებს, კურდღლებს და წიწვებს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე დარწმუნებულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან კორცხელში საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს ერთგვარი გაფრთხილებაც იყო და მსგავი რამ აღარ უნდა განმეორდეს.
„ის, რომ ვთქვა, კორცხელის ინციდენტი კარგი იყო-მეთქი, რა თქმა უნდა, არ იქნება სიმართლე, მაგრამ კორცხელის ინციდენტი გამაფრთხილებელი იყო. ამ ინციდენტმა ყველას უნდა ასწავლოს ჭკუა – პოზიციას, ოპოზიციას და ყველა ორგანიზაციას. ჩვენ ვართ ქვეყანა და ყველას ერთნაირად უნდა გვიყვარდეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება და ასეთი რამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ბევრჯერ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – ბოკერიებს რა ეკუთვნის, მელიებს, კურდღლებს და წიწვებს კარგად ვიცი მეც და ქართველმა ხალხმაც. მათ განაჩენი 2012 წელს გამოუტანეს და 2016 წელსაც არ დაზარდებიან და იგივეს გაიმეორებენ, მაგრამ ის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სუფთა, წმინდა და სტაბილური, ამას ჩვენ შევძლებთ. ველოდები, რომ კითხვები უკიდურესად ცოტა იქნება. ამ კითხვებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ველოდები, ყოველთვის იტყვიან ამას, მაგრამ მთავარია, რომ ქართველმა საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაინახონ, რომ არჩევნები ნორმალურ საარჩევნო გარემოში წარიმართა“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.