არჩილ კაიკაციშვილი – ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფაა
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიღბული გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას საქართველოს საზიანოდ მიმართულ მოქმედებებად აფასებს, რა დროსაც, მისი აზრით, ილახება როგორც სტრასბურგის, ასევე საქართველოს მართლმსაჯულების იმიჯი.
კაიკაციშვილის განცხადებით, მერაბიშვილს პატიმრობა კანონის ყველა ნორმის დაცვით მიესაჯა.
„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ ყოფილა ქვეყნის ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის – ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობის თუ ბრალეულობის თაობაზე. ევროსასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. ამასთან, სასამართლომ არც წინასწარი პატიმრობის გახანგძლივების პერიოდი მიიჩნია უკანონოდ. გადაწყვეტილების არცერთ მონაკვეთში საუბარი არ შეხებია საკითხს, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. შესაბამისად, ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ან სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გავრცელებული შეხედულებები, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საჭიროა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ არსებობდეს სათანადო პატივისცემა და გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო გარემოებები, სადაც მომჩივანის უფლებების დარღვევა ცნო, მოცემულ ეტაპზე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შესაბამისი პირების მხრიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს მხრიდან ვანო მერაბიშვილის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების მოთხოვნაზე უარი პროცესუალურ-სამართლებრივი მსჯელობის ნაწილია, მისი საკნიდან სავარაუდო გაყვანის ინციდენტი კი სახელმწიფოს მხრიდან მეტ არგუმენტებს მოითხოვს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს ვანო მერაბიშვილის ვადზე ადრე გათავისუფლებასთან, ან დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიდგომა ცალსახა აღმოჩნდა – პირის პოლიტიკური თანამდებობა არ არის იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი პროცესის პასუხისმგებლობისგან ან დაკავებისაგან თავშეკავების შესახებ“,-განაცხადა კაიკაციშვილმა.