გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დადებითი ფაქტორი არ არის

საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიაში ვიზიტისას Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია. ის რეფორმები, რომლებსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, გავუგზავნოთ რუს პოლიტიკოსებს სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, ხოლო ნატო-ში წევრობა ჩვენთვის რუსეთთან კონფრონტაციის ელემენტს არ წარმოადგენს. უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის კონსტრუქციულმა პოლიტიკამ და პრაგმატულმა მიდგომამ შედეგი გამოიღოს. სამწუხაროდ, გასულ წლებში ყველა მხარის მიერ დაშვებული იყო შეცდომები.
საქართველოს ორი ტერიტორია ოკუპირებულია, იქ რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დადებითი ფაქტორი არ არის”, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების პრობლემის მოგვარება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საფუძველზეა შესაძლებელი.
“თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველო რუსეთისთვის მტრული სახელმწიფო არ არის. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ურთიერთობების ნორმალიზებით, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე. რაც შეეხება ნატოს წევრობა, ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს – რომ მას ჰქონდეს სტაბილური პარტნიორი სამხრეთ საზღვართან. ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ძალის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს გამორიცხულია. ნატოს წევრობა ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად გვჭირდება. ამას გარდა, ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის. ეს არის სახელმწიფოთა კავშირი, რომელშიც არსებობს ადამიანის უფლებების საერთო სტანდარტები, საერთო დემოკრატიული ნორმები. საქართველომ მიზნად დაისახა, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ააშენოს ინსტიტუციური დემოკრატია. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ მივისწრაფით ნატოსკენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები