“მემარცხენე ალიანსი” ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიასა და შალვა ნათელაშვილის დაკითხვას ითხოვს
“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი და დევნილი არჩილ ბენიძე საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიასა და შალვა ნათელაშვილის დაკითხვას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩილ ბენიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც იგი მის მიმართ დარღვეული სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
”მემარცხენე ალიანსის” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს არჩილ ბენიძის 2008-2009 წლებში მის უკანონო პატიმრობასა და 4-წლიან დევნილობასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა.
მათივე ინფორმაციით, მის მიმართ ჩადენილ უსამართლობას და დანაშაულს ადასტურებს რამდენიმე გარემოება, მათ შორის, – ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2009 წლის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბენიძე პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული და იტალიის რესპუბლიკის მიერ გაცემული დოკუმენტი პოლიტდევნილობის შესახებ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ფულის გათეთრებაში უკანონოდ ბრალდებული არჩილ ბენიძის 2008 წლის საქმეს, სადაც შალვა ნათელაშვილი ფიგურირებს, როგორც ორგანიზატორი, თუმცა იგი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მაშინდელი სასამართლოსა და პროკურატურის მიერ არ დაკითხულა.
დღევანდელ პროცესზე, ბენიძემ პროკურატურისა და მართლმსაჯულების წინაშე დააყენა მოთხოვნა, რომ დაკითხვაზე დაიბარონ მისი უკანონო პატიმრობის დამკვეთი ვანო მერაბიშვილი, შემსრულებელი – ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია და მათთან გარიგებაში მყოფი შალვა ნათელაშვილი, რათა გამოაშკარავდეს, რომ საქმის მიმდინარეობისას ადგილი პოლიტიკურ გარიგებას ჰქონდა, რის გამოც არჩილ ბენიძე და მისი ოჯახი დაზარალდა.
”2008 წელს, როდესაც მე ვიყავი შალვა ნათელაშვილთან დაახლოებული პირი, ”ლეიბორისტული პარტიის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოხდა ნათელაშვილსა და მერაბიშვილ-სააკაშვილს შორის გარიგება, რის შედეგადაც ნათელაშვილს უნდა გაეყვანა მინიმუმ 10 კაცი, რადგან მეათე ნომრად წარმოდგენილი იყო მისი მეუღლე, ბელა ალანია. ვანო მერაბიშვილმა ვერ შეასრულა დანაპირები და პარლამენტში ”ლეიბორისტულ პარტიას” მხოლოდ 6 მანდატი ერგო. ამაზე განაწყენებულმა ნათელაშვილმა უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, რაც 2008 წლის პარლამენტს ლეგიტიმაციას უკარგავდა. აღნიშნული გარიგება ვერ შედგა, ნათელაშვილმა დააპირა ვანო მერაბიშვილის ”გადაგდება” და ბოიკოტი გამოუცხადა მაშინდელ პარლამენტს. სწორედ ამის მერე დაიწყო ჩემი დევნა, უკანონო პატიმრობა, რათა ნათელაშვილის წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება, რასაც ვერ მიაღწიეს. ამას მოყვა ჩემი 4-წლიანი ემიგრაცია,“ – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ ბენიძემ.
”მემარცხენე ალიანსი” მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძისა და სამართალწარმოების პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის, ი. ნადარეიშვილისგან მოითხოვს, რომ მოხდეს ზემოთ ხსენებული პირების უმოკლეს ვადაში პროკურატურაში დაბარება და აღნიშნულ საქმეზე დაკითხვა.