„არასოდეს გმართოს სიტუაციამ, სიტუაცია ყოველთვის თავად უნდა მართო…“

„თითქოს ველოდებოდი კიდეც, მქონდა ისეთი სიმპტომები, რომ  ეს პასუხი უნდა გამეგო… ამის მიუხედავად, მაინც ძალიან დიდი დარტყმა იყო. 15 წუთი არ ვტიროდი მიმიკით, უბრალოდ ცრემლები მომდიოდა, ჩემი „მე“ ტიროდა, ძალიან მძიმედ აღიქვა ეს დიაგნოზი“,  – რას განიცდის ქალი, როცა ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, როგორია მისი ფსიქოლოგიური განწყობა ამ დროს და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში. ანა მაზანიშვილი ის ქალბატონია, რომელმაც უმძიმესი დაავადება დაამარცხა.  დღეს ის ორგანიზაცია „ევროპა დონა“ საქართველოში პრეზიდენტია და ცდილობს ძუძუს კიბო სხვა პაციენტებისთვის განაჩენი არ აღმოჩნდეს…   

13451129_1324300777598527_370367430_n– 2012 წელს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს… ძალიან რთული ოპერაცია გადავიტანე, შემდეგ ასევე რთული რეაბილიტაციის პერიოდი. ხშირად მიწევდა კლინიკაში სხვადასხვა პროცედურაზე მისვლა. კონტაქტი მქონდა პაციენტებთან, მათ ახლობლებთან და ვხედავდი, რომ კიბოს დიაგნოზით ძალიან ითრგუნებოდნენ. რა თქმა  უნდა, ჩემთვისაც ასე იყო, რადგან კიბო სიკვდილთან ასოცირდება და ადამიანი რთულად ეგუება, ამ დიაგნოზთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება. მე ეს შევძელი და მინდოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ჯოჯოხეთის პირისპირ იდგნენ, მდგომარეობა რაღაცნაირად შემემსუბუქებინა. თუნდაც ფსიქოლოგიურად მოძლიერებულიყვნენ და ჩემგან დამოუკიდებლად ფსიქოლოგიურ სამუშაოს ვატარებდი. ერთხელ, ექიმმა მითხრა, რომ ის, რასაც ახლა პაციენტებთან აკეთებ, არის პაციენტთა ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეროგატივა და იქნებ მათთან ერთად ჩაერთო ამ საქმიანობაშიო. ასე აღმოვჩნდი 2012 წლიდან „ევროპა დონა“ საქართველოში, როგორც წევრი, 2013 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი და ახლა უკვე პრეზიდენტი… ყველა აქტივობა, ქმედება, რასაც ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით ვაკეთებთ, ისაა, რომ პოზიტივი შევუქმნათ ჩემნაირ ქალბატონებს, ცხოვრება გააგრძელონ ხალისით, შემართებით და რაც მთავარია, არ დანებდნენ, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაიმარჯვებენ…

– როცა დიაგნოზი გაიგეთ…  

13473775_1324300844265187_895588759_n– ძირითადად, დეპრესია ახლავს. საერთოდ ვამბობ, რომ არ ვარ მშიშარა ადამიანი. ბევრს წარმოუდგენია, რომ ვისაც აქვს კიბო, მთელი ცხოვრება უნდა იტანჯებოდეს. ძალიან რთული გადასალახია იმაზე ფიქრი, რომ ეს მოგიწევს შენც. თუმცა, როცა ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ, ეს ასე არ არის. როცა იცი, რასთან გიწევს ბრძოლა და ამას საღად გააცნობიერებ, ჩემი აზრით, ასე ყველაზე უფრო მარტივია ამ პრობლემის გადალახვა.
როცა ჩემი დიაგნოზი გავიგე, 15 წუთი  აბსოლუტურად გაოგნებული ვიყავი. თითქოს ველოდებოდი კიდეც, მქონდა ისეთი სიმპტომები, რომ  ეს პასუხი უნდა გამეგო… ამის მიუხედავად, მაინც ძალიან დიდი დარტყმა იყო. 15 წუთი არ ვტიროდი მიმიკით, უბრალოდ ცრემლები მომდიოდა, ჩემი „მე“ ტიროდა, ძალიან მძიმედ აღიქვა ეს დიაგნოზი. რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ აქ არ მთავრდება ყველაფერი. მყავს შვილები, მეუღლე, მშობლები, ადამიანები, ვისაც მე ვჭირდები, ვუყვარვარ და  მათთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მათ გვერდზე დიდხანს ვიყო. მით უმეტეს, როცა პატარა შვილები გყავს ადამიანს, უფრო მეტი მოტივი გაქვს. დილით გავიღვიძე აბსოლუტურად სხვა ადამიანმა, ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. სხვათა შორის, ჩვეულებრივი დიასახლისი ვიყავი, ბავშვებს ვზრდიდი და ამ დიასახლისობიდან გადმოვედი ძალიან აქტიურ ცხოვრებაში…

– მას შემდეგ, რაც კიბო დაამარცხეთ, რა შეიცვალა…

– აბსოლუტურად სხვანაირად ვხედავთ ყველაფერს. ვხვდებით, რომ ძალიან ბევრ არასწორ სიტუაციაში ვიხარჯებით. ჩვენ ალბათ სხვა პრიორიტეტები გვაქვს. ჩვეულებრივ ისეთ წვრილმანებს ვაქცევთ ყურადღებას, რაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, ის გვრჩებს. ჩვენს შემთხვევაში კი ასე აღარ არის… იგივე ჯანმრთელობის კუთხით. ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებო ვიყავი, 13 წელი ვაკონტროლებდი და საკმაოდ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინე. თუმცა, უმეტესობა არ არის მზად, რომ იყოს მობილიზებული, ხშირად მიდიოდნენ ექიმთან, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან შორს აღმოჩენილ დაავადებას უფრო აგრესიული მკურნალობა სჭირდება…

– ორგანიზაცია „ევროპა დონა“ საქართველო…

13454162_1324300814265190_2101104967_n– ჩვენი ორგანიზაცია არის „ევროპა დონა“-ს წევრი, რომელიც 22 წლის წინ იტალიაში, მილანში შეიქმნა. ორგანიზაცია ემსახურებოდა პაციენტთა უფლებების დაცვას და ინფორმაციის გავრცელებას. 2006 წლიდან ჩვენც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ვართ. დღეს ეს ორგანიზაცია სულ 47 ქვეყანაშია.

საბედნიეროდ, საქართველოში  სკრინინგი მეტნაკლებად გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება, ინფორმაციაც უფრო ხშირად ისმის. თუმცა, ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პაციენტების ორგანიზაცია ვართ. მე ვარ დაინტერესებული მხარე, ამიტომ ჩვენ ვიცით ეს პრობლემა შიგნიდან და როდესაც ვიცით რა არის, როგორ არის და როგორ გვეხება, ალბათ უნდა მოგვისმინონ. სახელმწიფოს იმდენი სახსრები არ აქვს, რომ ყველაფერზე თანხა გამოყოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ფონდი, სადაც გვინდა, რომ საზოგადოების ჩართულობა უფრო გააქტიურდეს. ასეთი რეალობა გვაქვს, ყველა მე-8 ქალი ამ დაავადების რისკის ჯგუფშია. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ძალიან ბევრი საკითხია ძირეულად შესაცვლელი. პირველ რიგში, ექიმთან მისვლის კულტურა. ქცევის ნორმად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ 6 თვეში, ან წელიწადში ერთხელ მივიდნენ ექიმთან და გაესინჯონ. ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. ასევე სამწუხაროა ის, რომ ფინანსების უქონლობის გამო. ხშირ შემთხვევაში ვერ ვიტარებთ სრულფასოვან მკურნალობას. ვამბობთ, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არ არის, თუმცა აუცილებელია დროულად ჩატარებული სათანადო მკურნალობა. ჩემი ორგანიზაციის ეგიდით, ძუძუს კიბოს პრევენციისთვის საზღვრისპირა სოფლები მოვიარეთ. გორის მუნიციპალიტეტთან 2014 წელს მემორანდუმი გავაფორმეთ. მას შემდეგ, გორის რაიონში აბსოლუტურად ყველა საზღვრისპირა სოფელი მოვიარეთ, სადაც საკმაოდ ბევრი კვანძი და სიმსივნის მომენტიც აღმოვაჩინეთ. ხელშეწყობისთვის დიდი მადლობა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ონიაშვილს, ასევე  – დავით ჩიხრაძეს. საოცარი ადამიანები არიან, რომლებიც იქაურ მოსახლეობაზე რეალურად ზრუნავენ.

– ყველაზე მთავარი ამ დროს…

13453845_1324300824265189_2111094435_n– მთავარია, არ უნდა გატყდეს ფსიქოლოგიურად. როცა ჩვენ გვაქს ავთვისებიანი სიმსივნე და ვიცით, ფსიქოლოგიურად იმისთვისაც ვართ მზად, რომ ეს შეიძლება დაბრუნდეს, აქვს ეს ალბათობა… როცა ამისთვის შემზადებული ხარ, ადვილად შეგიძლია მოერიო, რადგან, ადამიანი  გონებიდან მართავს ყველაფერს. ამიტომ, არასოდეს გმართოს სიტუაციამ, სიტუაცია ყოველთვის თავად უნდა მართო.

– ოჯახი…

– ოჯახმა გადამატანინა ყველაფერი. ჩემო ოჯახის, მეუღლის თანადგომა რომ არ ყოფლიყო… პირდაპირ ვიტყვი, რომ ალბათ დიდწილად მათთვის და მათ გამო გაკეთდა ჩემში დიდი ცვლილებები. დღეს, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში ჩემი მეუღლე მიდგას გვერდით. შვილების ფაქტორზე არაფერს ვამბობ. დედა ვარ და ეს თავისთავად იგულისხმება. მეუღლე ჩართულია ჩემთან ერთად – რა შეიძლება გაკეთდეს გოგონებისთვის, მიწევს ანგარიშს და ძალიან  მეხმარება. ეს მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა. საერთოდ ყველასთვის მეგობრების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

– პროფესია…

13474012_1324300794265192_448189403_n– პროფესიით მათემატიკოსი ვარ. თუმცა, ვარ ძალიან ცნობისმოყვარე და სიმსივნესთან დაკავშირებული ყველა საკითხი კარგად შევისწავლე.  მყავს ექიმების ძალიან კარგი  გუნდი, ვისთანაც მომიწია ურთიერთობა. ძალიან თბილები და ყურადღებიანები, ისინი ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის იმედები არიან. ესენი არიან: გიორგი ძაგნიძე, ნინო ქართველიშვილი… მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მომცეს. რთულია, როცა არ გესმის საგანი, ამაზე ისაუბრო. იგივე პაციენტებთან ურთიერთობაში თუ არ გესმის, ვერც აუხსნი. პაციენტი უნდა დააკმაყოფილოს ექიმის პასუხმა. თუმცა, ექიმს როცა ბევრი პაციენტი ჰყავს, ყველასთან საათობით საუბარს ვერ შეძლებს. მისგან მიიღებ დანიშნულებას და სწორედ იმ დანარჩენს, წვრილმანებსა და დეტალებში გარკვევის ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე ჩვენი ორგანიზაცია. ჩვენთან ყოველთვის აქვთ კითხვა, რატომ მე?!  და ამაზე პასუხი არ არსებობს. რადგან მოხდა, უნდა გაატარო და მიიღო. ვინც არ ეგუება, მისთვის ძალიან რთულია… რისკები ყველგან არსებობს, თუმცა ამ დიაგნოზს არასოდეს არ უნდა დანებდე, რადგან განაჩენი ნამდვილად არ არის…

ნინო ჯაჯანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები