ვახტანგ მაისაია აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშზე: ამერიკელები საქართველოს მოტივაციისა და აქტიურობის გაზრდას ცდილობენ

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საქმეში საქართველოს წვლილის შეფასება იმით იყოს მოტივირებული, რომ ამ კუთხით ამერიკას საქართველოს გააქტიურება სურს.
ამის შესახებ ექსპერტმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ნაბიჯები, რაც საქართველომ აღნიშნული მიმართულებით გადადგა, ლოკალური ხასიათისაა და მიღწული წარმატებებიც შესაბამისად ფრაგმენტულია, რადგან მსოფლიოს დიდ ქვეყნებს შორის „ისლამური“ საფრთხესთან სისტემურ ბრძოლაში მიღწეული შედგებით, ვერც თავად ამერიკას აქვს საქმე თვითკმაყოფილებისთვის.
„ამ მიმართულებით, დიდ წარმატებებზე საუბრის მოტივი არც თავად ამერიკას აქვს, რადგან მან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სისტემური ბრძოლის კუთხით დღემდე დიდ შედეგს ვერ მიაღწია. ამ მხრივ, გაცილებით მეტი წარმატება აქვს საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს. ამიტომაც აღმოჩნდა საფრანგეთი ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნე. როდესაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეს შედგები ისეთივე ფრაგმენტული ხასიათისაა, როგორიც მის შესაძლებლობებს შეეფერება, აშშ-ის დეპარტამენტის შეფასებაში საუბარია ლოკალურ მიმართულებებზე და ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს საინფორმაციო ომის თავის აცილებისა და ინტრენეტსივრცეში ინფორმაციის დაბლოკვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სხვა აქტივობები ლოკალური მიმართულებებია, რაც არსებული საფრთხის სტრუქტურულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ვფიქრობ, ამერიკელები ცდილობენ საქართველოს მოტივაციისა და აქტიურობის გაზრდას, რათა ტერორიზმთან სისტემური ბრძოლის საქმეში რეგიონულ დონეზე საქართველოს პოტენციალის გამოყენება მოითხოვონ“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
დღეს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ამ მხრივ, საქართველოს მიერ 2015 წელს გადადგმულ ნაბიჯებს ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში. საქართველოში გასული წლის ივნისში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის პანკისის მკვიდრნი – აიუბ ბორჩაშვილი და დავით ბორჩაშვილი. საქართველო განაგრძობს საზღვრების გაძლიერებას და ტერორისტების დაფინანსების წყაროების აღმოფხვრას“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სირიასა და ერაყში პანკისის ხეობიდან და აჭარიდან ჩასული რამდენიმე პირი ტერორისტების მხარეს იბრძვის. 2015 წლის ნოემბერში ინტერნეტში ვიდეო გვრცელდა, სადაც სირიაში მებრძოლი ქართველი მუსულმანები საქართველოში „ურწმუნოებზე“ შეტევების განხორციელებით იმუქრებიან. გასულ წელს გაეროს რეზოლუციის შემდეგ საქართველომ შესწორებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და გაამკაცრა ანტიტერორისტული კანონმდებლობა. ახლა ის სასჯელს ითვალისწინებს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის, ამ ორგანიზაციებში საბრძოლველად პირების „დავერბოვკებისთვის“,- წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები