“გადავწყვიტეთ, ახალ ზოოპარკში საინფორმაციო ტური 13 ივნისისთვის დაგვემთხვია, დამოუკიდებელ ექსკურსიებზე საუბარი არ არის, რადგანაც იქ ჯერ მშენებლობა მიმდინარეობს”- ზურაბ გურიელიძე
თბილისის ახალ ზოოპარკში, 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა. ზოოპარკის მონახულების შესაძლებლობა 80 ადამიანს ექნება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ახალი ზოოპარკის მშენებლობა წყალდიდობის შემდეგ დაიწყო. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რასაც თავის სხვადასხვა ობიექტური და არაობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ უკვე რაღაც გარკვეულ დონემდე მივედით, გარკვეული რაოდენობის დამთვალიერებლების მიღება შეგვიძლია. საქმე იმაშია, რომ ზოოპარკი ბოლომდე მზად ჯერ არ არის. შესაბამისად, ხალხს ფართოდ რომ გავუღოთ კარები და მოვიწვიოთ, ამისთვის ჯერ ცოტა ადრეა. ვგეგმავთ, რომ ეს ძალიან მალე გადაწყდეს, თუმცა, ზუსტი თარიღის დასახელება ცოტა მიჭირს. ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ საინფორმაციო ტური ჩაგვეტარებინა. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ახალ ზოოპარკში.
13 ივნისი, ასე ვთქვათ, გარდამტეხი თარიღია, გარდა იმისა, რომ წყალდიდობა იყო, ასევე იმ პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ძალიან ბევრი ცვლილება იყო. გადავწყვიტეთ, რომ საინფორმაციო ტური 13 ივნისისთვის დაგვემთხვია, საზოგადოების წარმომადგენლები მოგვეწვია, რომლებსაც დათვალიერების სურვილი ჰქონდათ. დაახლოებით, 80 ადამიანზე გავჩერდით. ახლა, ჯერჯერობით, დამოუკიდებელ ექსკურსიებზე საუბარი არ არის, ეს ორგანიზებულად უნდა იყოს, რადგან იქ მშენებლობა მიმდინარეობს, გარკვეული უსაფრთხოების ზომებია მისაღები. გამყოლების თანდასწრებით, რა თქმა უნდა, ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი ორგანიზებული ტური მოგვეწყო. ნახავენ, რა ხდება ზოოპარკში, როგორ მიდის მშენებლობა, რა ცხოველები გვყავს. გარდა ამისა, გვაქვს გარკვეული კონსერვაციული პროექტები. ამის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია იქნება გადმოცემული. პერიოდულად მსგავს ტურებს გავიმეორებთ, მაგრამ პირველ რიგში, ვეცდებით, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ზოოპარკი, რომ უკვე შეუფერხებლად შეძლონ ნახვა”- განაცხადა გურიელიძემ.
მისი თქმით, ახალ ზოოპარკში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც გურიელიძემ აღნიშნა, როდესაც სამუშაოები დასასრულისკენ წავა, მაშინ შეძლებს თქვას, როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი.
“ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღის თქმა გამიჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსებაზე. იმ დაფინანსებიდან, რაც ჩვენთვის წელს არის გამოყოფილი, რაღაცების გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია და სწორედ ამას ვაკეთებთ. იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით შემოდგომაზე უკვე მეცოდინება პასუხი, სად ვართ. აქ არის კიდევ სხვა საკითხები, ეს გახლავთ იგივე ჩვენი კანონმდებლობა, რომელსაც უნდა მივყვეთ და ეს დროს ძალიან ზრდის. აქ მშენებლობების ტენდერები იგულისხმება. კიდევ ასეთი პრობლემაა – სამშენებლო კომპანიების გამოუცდელობა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ დამთავრებულიყო, სამწუხაროდ, იმ პერიოდში ვერ დამთავრდა. ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ, როდესაც უკვე დასასრულისკენ წავა, მაშინ უფრო შევძლებ გითხრათ, როდის გაიხსნება. რომ გავხსნათ, აუცილებელი არ არის ზოოპარკი მთლიანად იყოს გადასული, იქ არსებული ცხოველები იძლევიან იმის საშუალებას, რომ პირველი ვიზიტორები მივიღოთ. სულ მინიმალური ინფრასტრუქტურისთვის, რაც არის გასათვალისწინებელი, არის საჭირო თანხები და არც ისე ბევრია ეს თანხები, აქედან ნაწილი ჩვენ მიღებული გვაქვს და სწორედ ამ თანხებით ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავასრულოთ”- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
თამუნა შეყილაძე