სოზარ სუბარი: მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება – ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია

მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ სარჩელზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოში მმართველი გუნდის ინიციატივა აღიქმება როგორც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„როცა ადამიანები ამბობენ, რომ გვინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, უნდა მივიღოთ თამაშის ევროპული წესები, რომელიც არის იქ. ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ არა მხოლოდ ყველაზე ლიბერალურია, ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა სტანდარტი დარღვეულია გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. სინამდვილეში ეს გამოხატვის თავისუფლება არ არის გამოხატვის თავისუფლება. მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სიკეთედ ვერ ჩაითვლება ცილისწამება, დეზინფორმაცია, ადამიანის შეურაცხყოფა, გინება. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია. ბუნებრივია საქართველოც უნდა იყოს ამ სტანდარტში.

ზიზღის და სიძულვილის კამპანია 100%-ით არის დაფინანსებული და წახალისებული დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოდან და დონორებისგან. ამას ვითმენთ იმიტომ, რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზანია ევროინტეგრაცია, ისინი კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თითქოს პასუხის გაცემის უფლებაც არ გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყო კლავდნენ ადამიას ქუჩაში ტყვიით, ტყვიით კლავდნენ და ზღვაში აგდებდნენ, აწამებდნენ. დღეს ამდენი ძალაუფლება არ აქვთ და ამას ცდილობენ ცილისწამებით, ადამიანებისთვის უამრავი სიბინძურის დაბრალებით “, – აღნიშნა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით მიმართა. უწყებაში შეტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითები. საუბარია „ფეისბუქში“ დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები