ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად ტელეკომპანია „პოსTV“-ის შეტყობინება დაედო.
„ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიმ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია „პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი – მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.