“ახალ ზოოპარკში ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება, მათ შორის არიან: ჟირაფები, ანტილოპები, მარტორქები, ბეჰემოთები, აფრიკული კამეჩები”- ზურაბ გურიელიძე

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ახალ ზოოპარკში, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება, მათ შორის არიან : ჟირაფები, ანტილოპები, მარტორქები, ბეჰემოთები, აფრიკული კამეჩები. ამის შესახებ გურიელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“საკმაოდ ბევრი სახეობის ჩამოყვანაა დაგეგმილი. ცოტა განსხვავებული პრინციპია. ესაა ბიოგეოგრაფიული მიდგომა და პირველ ეტაპზე ჩვენ ვაპირებდით, კავკასიის და აფრიკის ექსპოზიცია გაგვეხსნა. ამ ეტაპზე, ალბათ პირველად კავკასიას გავხსნით, მხოლოდ იმიტომ, რომ აფრიკისთვის ჯერ ყველაფერი დასამთავრებელია. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რაც ცხოველებისთვისაა აუცილებელი, უკვე აშენებული, მაგრამ დასამთავრებელია.

ძალიან ბევრი ახალი სახეობის ჩამოყვანა იგეგმება, მათ შორის ჟირაფებისაც. ჟირაფების ზამთრის სადგომი, რომელიც ყველაზე უფრო რთული და ძვირადღირებულია, მზად არის. ახლა გარე ვოლიერებია გასაკეთებელი. თუ ორივე არ იქნა, ამ ცხოველების ჩამოყვანა შეუძლებელია. სხვადასხვა ანტილოპები უნდა ჩამოვიდეს, უნდა დაემატოს მარტორქები, ბეჰემოთები. ჩვენი ბეგი, 13 ივნისის მთავარი მოქმედი პირი, კიდევ მარტოა. მისთვის საზაფხულო აუზი მზადაა, ზამთრის აუზს დასრულება სჭირდება და ამის შემდეგ კიდევ დაემატება ცხოველები. კიდევ უამრავი სხვადასხვა ცხოველია: მაგალითად, წყლის ანტილოპები და აფრიკული კამეჩები. ძალიან ბევრი ისეთი სახეობა, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. პირველ რიგში, ეს აფრიკული სახეობები იქნება. დაემატება საფარის ტიპის ვოლიერი, ეს ნიშნავს, რომ შიგნით სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, დამთვალიერებლები ამ ცხოველებს ახლო კონტაქტში ნახავენ, მაგრამ აქამდე ჯერ უნდა მივიდეთ, იმიტომ, რომ წელს ნამდვილად ვერ მოვასწრებთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპოზიცია სწორედ კავკასია იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო რეგიონში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში ბიომრავალფეროვნებას ვგულისხმობ. კავკასია ბიომრავალფეროვნების მსოფლიო 35 წერტილიდან ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს, თუ რამხელა პრიორიტეტი ენიჭება მის კონსერვაციას. ცხელი წერტილი ნიშნავს იმას, რომ აქ საკმაოდ მაღალი მრავალფეროვნებაა და ამავე დროს მაღალი საფრთხეებია. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან საინტერესო ცხოველები გვყავს, ძალიან ბევრის არსებობის შესახებ არც კი სმენიათ. აი, მაგალითად ძალიან ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში გავრცელებული იყო, მაგალითად, დომბა. ეს არის ევროპული ბიზონი, რომელიც საქართველოში გავრცელებული იყო, ახლა გადაშენებულია. ჩვენ მათ აღდგენაზე ვმუშაობთ. უამრავი ასეთი ცხოველია”- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის ახალ ზოოპარკში, 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა. ზოოპარკის მონახულების შესაძლებლობა 80 ადამიანს ექნება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები