ჩორჩანის მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი: გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო თუ არა, სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ რუსები და მათაც გააკეთეს საგუშაგო, წაიღეს სოფლის ტყე – ისინი მდინარის გამოღმა მანამდე არასდროს გადმოსულან, მაგრამ ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, ამათ შემოიწიეს კილომეტრნახევარი, ის მდინარეც გადმოლახეს

“გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ,შემდეგ რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით,” – ამის შესახებ ჩორჩანის მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება.

ხარაზიშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა ტერიტორია მავთულხლართებით შემოღობეს და სოფლის მოსახლეობისთვის ტყით სარგებლობა შეუძლებელი გახდა.

“როდესაც რუსების საგუშაგო გაკეთდა, ის ტერიტორია შემოიღობა მავთულხლართებით. სოფელში ჩამოდიოდა მდინარე, ისინი მდინარის გამოღმა მანამდე არასდროს გადმოსულან, მაგრამ ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, რუსებმა შემოიწიეს, ის მდინარეც გადმოლახეს. სოფელი მანამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, შეშა იქიდან გამოგვქონდა, ჯონჯოლზე დავდიოდით, პირუტყვი დაგვყავდა. ახალა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ, ერთ მწყემსს, რუსმა “სალდატმა” ისიც კი უთხრა, რომ 200 მეტრზე ახლოს არ მოხვიდე, თორემ გესვრიო.” – განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები