“სავალუტო კურსი არათუ სტაბილურია, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო მყარდება” – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სავალუტო კურსის რაიმე რყევა მოსალოდნელი არაა.
“ზაფხულია და ბუნებრივია, ბევრს აინტერესებს სავალუტო კურსი როგორი იქნება, რადგან დასასვენებლად წასვლას აპირებენ. ეკონომიკისთვის ტურისტული სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვთქვათ, რომ სეზონური ფაქტორი ეკონომიკაზე ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ივნისიდან დაწყებული ყოველთვის იზრდება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ეს აღმავლობის პიკია, როცა ყველაზე მეტი ტურისტია შემოსული და ბუნებრივია, შემოსავლებიც უფრო მეტია. ტურისტების შემოსვლის თვალსაზრისით, წელს საერთოდ, სარეკორდო მაჩვენებელია მოსალოდნელი. ალბათ, კიდევ ერთ რეკორდს მოვხსნით. ტურიზმიდან შემოსავლის შემოსვლის საკმაოდ დიდი მოლოდინია, ბუნებრივია, ეს უცხოური ვალუტის შემოდინებაა. უცხოური ვალუტის შემოდინება, თავის მხრივ, სავალუტო კურსზე პოზიტიურად აისახება. მოლოდინი იმისა, რომ მაღალი ტურისტული ნაკადები იქნება, კარგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ ეს, თავის მხრივ, საგარეო ვალების მომსახურებასაც აბალანსებს.
ვხედავთ, რომ სავალუტო კურსი სტაბილურია. არათუ სტაბილურია, არამედ , პირიქით, კიდევ უფრო მყარდება. მოლოდინი ასევე სტაბილური იქნება, რაიმე რყევებს არ უნდა ველოდოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სავალუტო რყევების თვალსაზრისით ყველაზე დიდი პიკური სიტუაცია გადავლილი გვაქვს. ეს ციკლი შარშან შემოდგომაზე გავიარეთ, როცა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დღესაც გამოჩნდა – ეროვნულ ბანკს სწრაფად რომ არ ემოქმედა, არ დაეხარჯა ის 600 მილიონი, რაც ინტერვენციებზე გამოიყენა, სავალუტო კურსი დღეს ასეთი წყნარი და პროგნოზირებადი არ იქნებოდა. რეზერვს როცა ხარჯავ, თუ შემდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია პოზიტიურია, ყოველთვის გეძლევა შესაძლებლობა, ეს რეზერვები აღადგინო. ანუ, როგორც გამოიტანო დოლარი ბაზარზე და რეზერვი დახარჯო, ისე, პირიქით, შეისყიდო და საერთაშორისო რეზერვები გაზარდო. ეროვნული ბანკი ამას კიდევაც ახორციელებს. ვნახავთ, რომ სავალუტო რეზერვების შევსებას საკმაოდ დიდი მოცულობით დაამთავრებს. ჩემი პროგნოზით, მინიმუმ 500-600 მილიონი იქნება. რაც დაიხარჯა, მინიმუმ ის იქნება ამოღებული. ეკონომიკის ცალკეულ ექსპერტებს, ოპოზიციურად განწყობილ საექსპერტო საზოგადოების რაღაც კატასტროფული მოლოდინი ჰქონდა, რომ საერთაშორისო რეზერვები მილიარდით შემცირდებოდა. მსგავსი არაფერი მოხდება. როცა ბაზარზე დადებითი კონიუნქტურაა , ეროვნული ბანკი, ბუნებრივია, ინტერვენციებს ყოველთვის ახდენს და უცხოურ ვალუტას ყიდულობს”- განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარია.