მეცნიერ-მკვლევარებთან (არ) თანამშრომლობის შედეგები საქართველოში!
მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ 30 მაისს (2016 წლის) გამოქვეყნებულ წერილზე (ქართულ პოლიტიკას გლობალური გავლენა არ გააჩნია! წყარო: http://kvira.ge/?p=258482), სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ გლობალური პოლიტიკის ფარგლებში უნდა განახორციელოს „იძულებით ემიგრაციაში მყოფი პირების უფლებების დაცვა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე კი ქართული ბიზნეს ორგანიზაციების ლობირება“, მყისიერი რეაგირება მოხდა და 24 საათში დაანონსდა საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეების დანიშვნის გადაწყვეტილება (წყარო: http://www.2030.news/index.php?newsid=7603) .
არსებითია აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია პრობლემების თუ გამოწვევების გადაჭრა ახალი სტრუქტურის, უწყების თუ ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური პოლიტიკის ფარგლებში, საჭიროა არა კომერციული ატაშის ადგილების შექმნა (აღნიშნულ ფუნქციას აკრედიტებული ელჩებიც თავს კარგად ართმევენ, ხოლო ახალი ადგილების დამატება ბიუროკრატიის ზრდის გარდა ეკონომიკური ეფექტი არ ექნება), არამედ მაღალი რანგის, გლობალური იმიჯის მქონე პოლიტიკოსის მიერ მოცემული საკითხის კოორდინაცია და რეაგირების მექანიზმების ფორმირებაა. პროცესების მართვისათვის, კი საჭიროა მხოლოდ ეფექტიანი კომუნიკაციის ქსელი (ინტერნეტი, ვებ-საიტი, ცხელი ხაზი, ოპერატორის 24 საათიანი მუშაობა) .
თუ დავაკონკრეტებთ, ქართულ ბიზნეს ორგანიზაციებს, პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გლობალური პოლიტიკური წონა და მყისიერი რეზონანსი შველის.
პოლიტიკის ეპიზოდებიდან მკაფიოდ გვახსოვს, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილის იყო. თუმცა, ქვეყანაში მთავარი აქტორების გავლენის გამო აღნიშნული იდეის ავტორობა სხვაგვარად (სხვა აქტორის ავტორობით) გაჟღერდა. მოცემული ტენდენცია დღემდე გრძელდება. შესაბამისად, ჩვენც არ გვაქვს სურვილი ვინმეს ვუმტკიცოთ, რომელი იდეის ავტორები ვართ და რომელი რეკომენდაციები უდევს საფუძვლად მთავარი აქტორების დაანონსებულ ინიციატივებს.
არჩევნების წინ ინიციატივების დაანონსება და მასზე მუშაობის დაწყება ბადებს ლეგიტიმურ კითხვას, მანამდე რატომ არ გაკეთდა? შესაბამისად, კარგი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის წინასწარ განისაზღვროს ვალდებულებების შეუსრულებლობის განმსაზღვრელი პასუხისმგებლობა, შედეგების მიღწევის მაჩვენებლები, განვითარების კრიტერიუმები და ვექტორები.
დღეს, ევროკავშირის დირექტივებისა და სამუშაო დავალებების „ამოწურვის“ შემდეგ, ბუნებრივია რესურსამოწურულ პოლიტიკურ გარემოს სურს განვითარების ვექტორებისა და იდეების წყაროები. აღნიშნულ წყაროდ წარმოჩენილი იქნა ქვეყანაში იგნორირებული მეცნიერ-მკვლევართა პოტენციალისა და რესურსის ათვისების საკითხი. შესაბამისად, დღეს მეცნიერ-მკვლევარების მიერ შექმნილი შრომების, სტრატეგიებსა და პროგრამების ათვისების პროცესი მიმდინარეობს ფარულად, „მოდიფიცირებული სახით“.
ფაქტია, რომ ქართველ მეცნიერ-მკვლევარებთან ართანამშრომლობის ფარგლებში, აღმასრულებელი უწყებები ისედაც ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
ჯამში, ჩვენ გულწრფელად გვიხარია, რომ ქვეყანაში ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინების მსგავსად, ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება მეცნიერ-მკვლევარების რეკომენდაციებისა და წინადადებების გათვალისწინება (თუმცა, ამას საჯაროდ არავინ აღიარებს) .
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ანალოგიური გლობალური პოლიტიკა საჭიროა განათლებაშიც, კერძოდ:
- ჩვენს მოსაზღვრე რეგიონებში, სხვა ქვეყნების მიერ კონტროლირებად ტერიორიებზე დღემდე ფუნქციონირებს სკოლები, სადაც სწავლა ქართულ ენაზე ხდება (მაგალითად, აზერბაიჯანი). სამწუხაროდ, აღნიშნული სკოლები განიცდიან ქართული სახელმძღვანელოების დეფიციტს, ხოლო პრობლემის გადაჭრა „პოლტიკური ჩარევის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, იქნებ ამჯერად გამოიტანონ დამუშავებული ინიციატივები და გადაჭრან აღნიშნული პრობლემები;
- ყველასათვის ცნობილია, რომ უცხოეთში არსებობს საკვირაო სკოლები და სასწავლო ცენტრები, სადაც ემიგრაციაში მყოფი პირების შვილები სწავლა-განათლებას იღებენ. ქართული გლობალური პოლიტიკის ფარგლებში კარგი იქნებოდა შემდეგი საგანმანათლებლო ინიციატივები: შესაბამისი სასწავლო პროგრამებითა და ლიტერატურით უზრუნველყოფა. ასევე ეროვნული პროპაგანდისტული ლიტერატურის მიწოდება. ამით, გაადვილდება ქართული ფესვების მქონე თანამემამულეების დაბრუნებისა და ინტეგრაციის პროცესი.
დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული შრომები, ანალიზი, დასკვნები და რეკომენდაციები ემსახურება:
- სახელმწიფოს კეთილდღეობაში წვლილის შეტანას;
- მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნას და მის გარშემო საზოგადოების კოორდინირებას;
- მეცნიერ-მკვლევარების როლის ზრდას. მათ შეუძლიათ თამამი რეფორმების გატარება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
- გლობალური თუ ლოკალური გამოწვევების პირობებში, ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და საზოგადობის ერთიანობას;
- ახალი პოლიტიკისა და ახალი პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებას, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა საფუძველზე იქნება ფორმირებული.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე