ქართულ პოლიტიკას გლობალური გავლენა არ გააჩნია!

საქართველოს გლობალური გარემო განიცდის მძაფრ ცვლილებებს, სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებს, გლობალური კონკურენციის ზრდას, ეკონომიკური და სავაჭრო ზონების ზეგავლენის „გამოწვევებს“, კიბერსაფრთხეებს, იძულებითი ემიგრაციის ზრდას, ახალი მსოფლიო პოლიტიკის ფორმირების გამოწვევებს.

არსებითია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვცდილობთ გლობალურ გარემოში ინტეგრირებას, ბიზნესსექტორს მოვუწოდებთ გლობალურ ბაზარზე გასვლისა და დამკვიდრებისაკენ, მეცნიერ-მკვლევარებისა თუ სხვა სფეროს აქტივობას ვზომავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ევროპული განათლების საფუძველზე განვიხილავთ კონკურენტუნარიან კადრებს. ამასთან, პოლიტიკურ სივრცეში გლობალური პოლიტიკის წარმოება და გლობალურ სივრცეში „კონკურენტუნარიანი“ ქართველი პოლიტიკოსები არ ვიცით (არც ვზომავთ).

უკანასკნელ პერიოდში, ერში „არ აღმოცენებულა“ გლობალური პოლიტიკოსი (მსოფლიო დონის მეცნიერების მსგავსად, მსოფლიო დონის პოლიტიკოსები არ გვყავს). ამიტომ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული პოლიტიკა საჭიროებს გლობალური პოლიტიკის ინსტიტუციურ მმართველებსა და გლობალური პოლიტიკური ინსტრუმენტების მართვის უნარის მქონე პირებს (და არა ინგლისურის მცოდნე პოლიტიკოსებს).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის უკანასკნელი ეპიზოდები გვიჩვენებს სახელმწიფო სისტემის ცვლილების საჭიროებას. ამასთან, აღნიშნული უნდა მოიცავდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ პროცესებსა და ფუნქციებზე, როგორიცაა:

  • ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და პროგრამების შედეგები;
  • საჯარო სექტორის საკადრო პოლიტიკის არაეფექტიანობა;
  • საჯარო სექტორში მეცნიერ-მკვლევარების მცირე რაოდენობა და იგნორირება;
  • კონფლიქტების ესკალაციის არასრულფასოვანი პროგრამები;
  • დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების არაეფექტიანი გზები;

კვლევები ადასტურებს, რომ საერთაშორისო წესრიგში საქართველოს წინსვლა შესაძლებელია პოლიტიკური ტაქტიკითა და გეოსტრატეგიული რესურსებით (გეოპოლიტიკური, ბუნებრივი, ტექნოლოგიური, ადამიანური რესურსი). ასევე, ევროპული ფასეულობის, ადამიანის უფლებებისა და  დემოკრატიული პრინციპების დაცვით. ამასთან, მნიშვნელოვანია ლოკალური გამოწვევების დაძლევაც. პირველ რიგში, აღნიშნული მოცემულობის საფუძველს წარმოადგენს:

  • ერის ინტელექტუალური რესურსის მობილიზება;
  • ტურბულენტურ პოლიტიკურ გარემოში, ერის პოლიტიკური კონსოლიდაცია;
  • პოლიტიკური ლიდერის „აღმოცენებით“ სოციალურად დაუცველი ფენების გააქტიურება;
  • ეკონომიკური პროგრამებით ბიზნესისა და სამოქალაქო შესაძლებლობების წარმოჩენა;
  • საზოგადოების ეკონომიკური აქტივობის ამაღლება და შიდა კაპიტალდაბანდებების ზრდა;
  • მორალური, სოციალური და იდეოლოგიური ზრდა;
  • სტრატეგიებითა და გეგმებით მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნა;

გლობალურ პოლიტიკურ ეპოქაში, ქართველი მეცნიერ-მკვლევარებიც წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ ძალას, რომლებიც ისწრაფვიან იმისათვის, რომ რეგიონში საქართველო გახდეს დომინირებული ქვეყანა, მოიპოვოს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება, დაძლიოს ტერიტორიული გამოწვევები, დაიცვას ქართველი წინაპრების მრავალსაუკონოვანი ფასეულობები და მისწრაფებები.

ფაქტია, რომ მეცნიერ-მკვლევარების რესურსი სახელმწიფო სისტემის ძლიერების გარანტიაა. აღნიშნული ჯგუფი ფლობს ფართო პოტენციალს, რათა უზრუნველყოს:

  • ახალი პოლიტიკური ელიტისადმი საზოგადოების მაღალი ნდობა;
  • საქართველოს მაღალი პოლიტიკური უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობითი გადაწყვეტილების ეფექტიანობის ზრდა;
  • საქართველოს ევროპული მისწრაფებების მსგავსად, ევროპული სტილის „ქცევები და აქტივობა“ (იგულისხმება საკადრო პოლიტიკა, სტრატეგიული დაგეგმვა, ეკონომიკური აქტივობა);
  • საზოგადოებრივი „მოთხოვნების შესაბამისი“ სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების სისტემის ფორმირება, კერძოდ: მართვის შედეგების, რეფორმების საჭიროებებისა და მიზნების შესაბამისი ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბება და სამართლებრივი მონიტორინგი;
  • ჯამში, საქართველოს მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფის პოტენციალი გარანტირებს, რომ სწრაფად მოხდეს საქართველოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოდერნიზება, შეიქმნას მძლავრი სახელმწიფო სისტემა და ევროპული ტიპის ეკონომიკა.

საქართველოს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ გარემოში, ქართველი მეცნიერ-მკვლევარები  შექმნის გარემოს, სადაც:

  • ქართული სახელმწიფოს ძლიერება ქართველი მეცნიერ-მკვლევარების რესურსს დაეფუძნება;
  • საზოგადოებას ქართველი მეცნიერ-მკვლევარების მიერ შექმნილი სტრატეგიები და გეგმები გააერთიანებს;
  • საქართველოს რესურსს ქართველები გამოიყენებენ;
  • ქართულ ბიზნესგარემოში ქართული კაპიტალი წარმოჩინდება;
  • წარმოებული იქნება გლობალური პოლიტიკა და ქვეყანა ლიდერ პოზიციას მოიპოვებს რეგიონში;
  • დაცული იქნება იძულებით ემიგრაციაში მყოფი პირების უფლებები;
  • საერთაშორისო ბაზრებზე მოხდება ქართული ბიზნეს ორგანიზაციების ლობირება (პროცესების კონტროლის მიზნით, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ბიზნესთან ექნება პირდაპირი კომუნიკაციების საშუალებები);

დაბოლოს, შეიძლება აღინიშნოს, რომ პოლიტიკური და სოციალური გაკოტრების პირობებში, არსებული ვითარებიდან გამოსვლისათვის აღარ ამართლებს ძველი პოლიტიკური ტექნოლოგიები და ძველი პოლიტიკა. ამიტომ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, საჭიროა:

  • სახელმწიფოს გლობალური იმიჯის ზრდა (სახელმწიფო მარკეტინგის საფუძველზე) და იდეოლოგიის სრულყოფა;
  • ახალგაზრდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ლობირებას გაუწევს მეცნიერებასა და განათლებას, ცენზსა და რეგალიას, პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას;
  • ჯანსაღი და კოორდინირებული საზოგადოების მშენებელი მეცნიერ-მკვლევართა პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება;
  • ჯამში, საზოგადოებამ უნდა „წარმოშოს“ სტრატეგიული უნარების ახალი პოლიტიკური რესურსი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიმღები ახალი პოლიტიკური ძალა;

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები