ტყავშემოხვეული, მოვიკინგო მთის ხალხი – უძველესი საქართველო რეჟისორ ირაკლი გოგიას ხედვით…

რეჟისორ ირაკლი გოგიას ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ქართველი კლასიკოსი მწერლის შთამომავალმა, ლელა რაზიკაშვილმა ასე შეაფასა – „ყოჩაღ! მე ასეთი „სტუმარ-მასპინძელი“ ჯერ არ მინახავს“… ახმეტელის თეატრში სპექტაკლს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც რეჟისორი ირაკლი გოგია აღნიშნავს, ეს, ძირითადად, მსახიობების თეატრალურმა კოსტიუმებმა განაპირობა. რა მოლოდინი ჰქონდა რეჟისორს და რა სჭირდება ქართულ მაყურებელს, ირაკლი გოგია მოგვიყვება…13330290_1310993672262571_1495303996_n

– მინდა აღვნიშნო, რომ უმეტეს შემთხვევაში მოლოდინი მეტია ხოლმე და შედეგი ნაკლები. ამ შემთხვევაში მოლოდინს გადააჭარბა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ იდენტიფიკაცია უფრო ახლოს არის მოლოდინსა და შედეგს შორის. მსახიობებმა ძალიან კარგად იმუშავეს… ყოველთვის მინდოდა ვაჟა-ფშაველა დამედგა. როცა გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რომ ვაჟა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. ის დიდი აზრი, რაც „სტუმარ-მასპინძელშია“, ეს არ არის 2 საუკუნის წინანდელი აზროვნება, ესაა არქაული საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული აზროვნება. ამაზე დგას ჩვენი ქართული ტვინი, ქართული სული. ვაჟა-ფშაველას ყოველთვის ვადარებ და ვამბობ, რომ ეს არის ქართველების განძი. ამდენი სამშვიდობო იდეა, კეთილშობილება და ამხელა სიბრძნე, რომელიც რა ენაზეც უნდა თარგმნო, მაინც არ იკარგება – იშვიათობაა. შოთა რუსთაველს არ ვაყენებ მწერალთა რიგში. ის უფრო მაღლაა, ზეცაშია. ილია ჭავჭავაძე, როგორც  საზოგადო მოღვაწე, ჩემთვის ძალიან დიდია. ხოლო ქართველი მწერლების მეფე, პოეზიისაც და პროზისაც, ვაჟა-ფშაველაა. ამ სპექტაკლს სუფთა ხელებით, ზედმეტი ფსევდოთეატრალობის გარეშე მივუდექით. გვინდოდა ის იდეა გაგვეჟღერებინა, იმ სარიტუალო ფორმებით, რომლითაც დატვირთულია ქართული მთა. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თეატრალურმა კოსტიუმებმა, იმიტომ რომ ეს არ არის ქართულ ორნამენტებიანი და პაჭიჭებიანი ზვიადაური და ჯოყოლა. ეს არის ტყავშემოხვეული მოვიკინგო მთის ხალხი, რადგან ჩვენ გადავედით ძალიან ძველ საქართველოში და არა, ვთქვათ, რელიგიების პერიოდის საქართველოში… მაყურებელს როდესაც მოსწონს და ტაშს გიკრავს, ყოველთვის მაშინ ჩანს, ჩვენი ნამუშევარი ღირდა და გაამართლა თუ არ გაამართლა.
– ქალბატონი ლელა რაზიკაშვილის შეფასება…13318586_1310993705595901_185795135_n
– ქალბატონმა ლელამ ასეთი შეფასება სპექტაკლის ნახვისას გააკეთა, სახალხოდ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. მაშინვე დაიგეგმა, რომ 15 მაისს, ვაჟა-ფშაველას არაფორმალური დაბადების დღეზე,  ჩარგალში, მის სახლ-მუზეუმში გვეთამაშა. ახმეტელის თეატრის „სტუმარ-მასპინძელი“ ადგილობრივმა მაყურებელმა ვაჟას სახლის გვერდით მინდორში იხილა. იქ სულ სხვა ენერგეტიკა იყო. ალბათ თვითონ ვაჟაც გვეხმარებოდა, ენერგიას გვაძლევდა… პატრიოტიზმზე, ტრადიციებზე ლაპარაკი საქართველოში ცოტა ცუდი ტონი გახდა და მე კი პირიქით ვფიქრობ… აჯობებს, ფროიდის პოპულარიზაციას თავი დავანებოთ და ვაჟა-ფშაველას პოპულარიზაცია, მისი გზით სიარული, კანონების დაცვა დავიწყოთ. ეს არის კანონონები მშვიდობის, არაძალადობრივი მიდგომის, კონფლიქტების მოგვარების, სიყვარულით ურთიერთობის, რომელიც ძალიან მძლავრად გვაქვს. ის სრულიად ერგება ქართულ მენტალიტეტს, ქართულ რიტმს. გამომდინარე და ამოსავალია თანასწორობის.
ჩვენი თეატრის იდეაც ქართულ საწყისზე, ქართულ დრამატურგიაზე, ქართულ კლასიკური მწერლობის ადაპტაციაზეა. ჯერ გავაკეთოთ ბევრი ქართული, როცა ამოვწურავთ და დრო გვექნება, მერე მივყოთ ხელი და დავდგათ 21-ე საუკუნის გერმანული ან ფრანგული პიესები…
– თქვენი პროფესია რის საშუალებას გაძლევთ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ რეჟისორი ყოფილიყავით ...
– მე ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს… მე ასე ვთვლი, რომ ეს არის კომპლექსების მოხსნა. ყველა შენი კომპლექსი მაშინ მოგეხსნება, როდესაც ამას ითამაშებ და გაიტან სცენაზე, გარეთ გამოიტან. თუ მე იმას მივაღწევ, რასაც ყოველთვის ვცდილობ. ესაა – თვითონ შენი ქვეყნის კომპლექსები გამოიტანო და ქვეყანასაც მოხსნა ეს ტვირთი, რომელიც ასე მძლავრად გვაქვს. ზოგი იმ კომპლექსით არის შებოჭილი, რომ ზედმეტად კონსერვატორია, ზოგი ზედმეტად ლიბერალია და შუალედს ვერ პოულობენ. შუალედი კი ზუსტად არის განათლებაში, შემოქმედებითობაში და სინდისში…
– ყოველთვის თეატრის რეჟისორობა გინდოდათ?13329772_1310993698929235_522127740_n
– თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა: ქალბატონი მედეა კუჭუხიძე, ბატონი გოგი მარგველაშვილი და ბატონი ავთო ვარსიმაშვილი. ძალიან ბევრი კარგი რამ მასწავლეს. დრო რომ გადის, უფრო კარგად აფასებ, რომელმა რა დეტალამდე მიგიყვანა და რა ამოგახსნევინა შენს პროფესიაში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი პედაგოგები მყავდა. სამივესთან დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას. შეიძლება გარკვეული პერიოდი ვერ შევხვდეთ ერთმანეთს, ყოველთვის თავში მიზის სამივე მათგანი – აბა, ახლა ამ სცენას რომ ვაკეთებ, როგორ შემისწორებდნენ და რას მირჩევდნენ… რაც შეეხება თეატრის რეჟისორობას, 14 წლიდან თეატრში ვმუშაობდი. რაც თავი მახსოვს, თეატრის გარდა არაფერი მდომებია. ბავშვობიდან ვიყავი სცენის მუშა, რეჟისორის ასისტენტი, გამნათებელი. ყველა ეს საფეხური გავიარე, სანამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და სანამ სკოლას დავამთავრებდი. კინო ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით დოკუმენტური კინო. ალბათ ავიხდენ ამის ოცნებასაც და გადავიღებ დოკუმენტურ კინოს. მხატვრული ფილმი უბრალოდ სხვა რამეა, ვგიჟდები, მომწონს, მაგრამ მე მაინც თეატრალი ვარ.
– როგორც მსახიობი?..13335298_1310993528929252_1391658191_n
– არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე უნიჭო მსახიობი თუ არსებობს, ეს მე ვარ. როცა მსახიობი არ მომეწონება, გაბრაზებული ვამბობ ხოლმე – შეიძლება ჩემზე უნიჭო მსახიობი სცენაზე იდგეს? მსახიობობა რაღაც ჯილდოა, რომელიც დაბადებიდან გეძლევა. თუმცა, ყველა იმ ენერგიას ყველა იმ კონფლიქტს, რომელსაც გადიან შენი პერსონაჟები, როცა სცენაზე ცოცხლდებიან, შინაგანად შენც გადიხარ და ბევრჯერ შემიმჩნევია რეპეტიციაზე, რომ მე დაღლილი ვარ ემოციურად და  რაც სცენაზე ხდება, ეს ყველაფერი მეც გადავიტანე…
– რამდენად არის თეატრით მაყურებელი დაინტერესებული?13335201_1310993702262568_1235133751_n
– როდესაც ერთ თეატრში ხარ ჩაფლული, იშვიათად ახერხებ სხვა თეატრში წასვლას. დღეში ორჯერ ვთამაშობთ სპექტაკლებს და ყოველთვის გვყავს მაყურებელი, არ გვაკლია. აქედან გამომდინარე, მაყურებელი საქართველოში არის, ქართველებს თეატრი უყვართ. ვართ ქართველები იმისკენ ვართ მოწოდებულნი, რომ გვქონდეს კარგი თეატრი და თეატრი, რომელიც არის, პირველ რიგში, ქართული თეატრი. ქართული თეატრი არ დააარსა მსოფლიომ, არამედ – ილია ჭავჭავაძემ, – პროფესიული ქართული, მუდმივმოქმედი თეატრი, რომელიც დღემდე არ გაჩერებულა. სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოში არ გადაჯიშებულიყო ფასეულობების შეფასება, არ გადაჯიშებულიყო ენა, არ გადაჯიშებულიყო მიდგომები და ქართული რელიგია…
– როგორ ფიქრობთ, გაგიმართლათ, რომ რეჟისორის გზა გერგოთ?…
– მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ამ ქვეყანაში დავიბადე. ამ ქვეყანაში რომ დაიბადები და სწორად ვერ აღიქვამ, რასთან გაქვს საქმე, რა ენერგეტიკასთან, მაშინ ცოტა მეტი უნდა დაფიქრდე შენს ქვეყანაზე და მეტი უნდა გაიგო. ბედნიერებაა, როცა მიხვდები, რომ შენ ხარ ქართველი, დაიბადე საქართველოში და გაქვს ქართული გენოკოდი, ქართული რიტმი, სისხლი… აქედან გამომდინარე, უკვე ბედნიერია ნებისმიერი ქართველი, უბრალოდ ჩვენს ქვეყანას სჭირდება სამი ერთიანობის კანონი, ასე დავარქვი. ესაა – განათლების, კრეატიულობის და სინდისის კანონი. ამაზე დგას ადამიანი, რომელიმე თუ გამოაკლდა, არცერთი აღარ არის…

ნინო ჯაჯანიძე

13342155_1310993708929234_693085828_n 13342129_1310993602262578_1595978582_n 13330540_1310993718929233_168385791_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები