არ არსებობს ლამაზი და უშნო ქალი, არსებობს მოვლილი და მოუვლელი მანდილოსანი

„ ადრე, დაახლოებით 10-15 წლის წინ, სამარცხვინოდ ითვლებოდა, თუ კაცი კოსმეტოლოგთან სახეს გაიწმენდდა,  ან წარბს გაიკეთებდა, ზოგადად, თავს თუ მოუვლიდა.“ –  რა კომპლექსები დაძლიეს ქართველმა მამაკაცებმა და როგორ მაკიაჟს ატარებენ დღეს მანდილოსნები. „პერსონას“ მკითხველს ექიმი-კოსმეტოლოგი, ვიზაჟისტი ია ტყეშელაშვილი მოუყვება.13277997_1303188329709772_1505664011_n

– სკოლის პერიოდში, 14-15 წლის ასაკში, მოდელი ვიყავი. ყოველთვის მინდოდა, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი. ხატვა მეხერხებოდა და, როგორც ყველა გოგონას, ეს პროფესია მიტაცებდა. თუმცა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით სამედიცინოზე, სტომატოლოგიურზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ექიმ-სტომატოლოგად ვმუშაობდი. მიუხედავად ამისა ბავშვობის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მოდელებთან და ესთეტიკასთან შეხება მქონოდა, ვიზაჟის კურსები გავიარე. კურსების დამთავრების შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა შემთხვევით ფილმზე მუშაობა დავიწყეთ. იქედან კი ტელევიზიაში გადავედით. საბოლოოდ მედიცინას ისევ დავუბრუნდი, ოღონდ არა სტომატოლოგად. ესთეტიკური მედიცინა, ანუ კოსმეტოლოგია ავირჩიე.

– ია ტყეშელაშვილის ხელწერა…13245986_1303188326376439_570882968_n

– ჩემი გამოცდილებიდან და პირადი შეხედულებით დავრწმუნდი, რომ ყველაფერი არის ძალიან ლამაზი, რაც ბუნებრივთან უფრო ახლოსაა. თმის ფერია ეს თუ მაკიაჟი. როცა სახეზე რადიკალური ცვლილება შეგაქვს, ერთი შეხედვით შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვულგარული ჩანს და ადვილად მოსაბეზრებელი ხდება.

– ტენდენციები მაკიაჟში, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.

– ფსიქოლოგიური მომენტია, რაც მოდურია, ადამიანების უმეტესობას მოსწონს…  როცა მოდიდან გადადის, ვუყურებთ და გვეცინება, აღარ მოგვწონს. მაკიაჟით უფრო რთულია მოდას აჰყვე. ამ დროს ხელს უნდა გიწყობდეს გარეგნობა… რა თქმა უნდა, შეიტან იმ შტრიხებსაც, რაც მოდურია და რაღაცას შეცვლი. მაგრამ ხანდახან არის ტენდენცია, მაგალითად, წითელ ტუჩსაცხს ყველა იყენებს, უნდა და ითხოვს. თუმცა ესეც ტუჩზე და სახის მოყვანილობაზეა დამოკიდებული. თუ შესაფერისი არ არის, ამ დროს ვცდილობ, არ იყოს მკვეთრი წითელი, იყოს შედარებით ჩამჯდარი ფერი, მაგრამ მოდის ტენდენციებს მაინც პასუხობდეს.

– თუ ითხოვენ ისეთ მაკიაჟს, რომელიც მას არ მოუხდება და როგორ მიგყავს ამ დროს შენს აზრამდე…13235981_1303188319709773_880841107_n

– ჩემს პროფესიაში მხოლოდ ვიზაჟისტი არ ხარ, გამოდის გარკვეული დოზით ფსიქოლოგი ხარ. ასეთ შემთხვევაში ვუხსნი, ვაჩვენებ ფოტოებს, სადაც ყველა ტიპის სახეა ასახული და როცა დამაჯერებელი ხარ, ხშირ შემთხვევაში შეთანხმებას ვაღწევ. თუმცა ყოფილა, როცა თავის აზრს ჯიუტად იცავენ და ამ დროს ვცდილობ, მაქსიმალურად მოუხდეს და კმაყოფილი დარჩეს. ჩემი მთავარი მიზანიც ესაა, პირველ რიგში, თავად უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად და ბედნიერად, როცა ასეთ შედეგს ვიღებ, რა თქმა უნდა, მეც კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევარით. ქალები ყველაზე ბედნიერები მაშინ არიან, როცა გრძნობენ, რომ ლამაზად გამოიყურებიან…

– საკუთარ თავზე თუ მოგისინჯავს მკვეთრი ფერები და მაკიაჟი?13233429_1303188339709771_298296680_n

– კი, რა თქმა უნდა. ჩემს თავზე ყველაფერი მომისინჯავს. ვთვლი, რომ სანამ ამ პროფესიის სწავლას იწყებ, დასაწყისში ხარ და ყალიბდები, ჯობია, ყველაფერი საკუთარ თავზე ნახო. ეს პროფესია გაძლევს ამის საშუალებას, შეგიძლია შემდეგ წახვიდე და ჩამოიბანო. ჩემი თმის და კანის ფერიდან გამომდინარე, შემიძლია სხვადასხვა ფერი მოვსინჯო. მაგალითად, როცა მანდილოსანს წითური თმა აქვს, ეს ცოტა პრეტენზიულია. ეს ფერი  იმდენად მყვირალაა, ამ დროს მაკიაჟში ზედმეტად კონტრასტული ფერების გამოყენება  უკვე ზედმეტად ჩანს. ამ შემთხვევაში უფრო გიწევს სტანდარტულად ღია ფერების გამოყენება. მუქის ფერის თმასა და ღია ფერის კანზე უფრო მეტად შეიძლება ფანტაზიის გაშლა…

– ვიზაჟი რამდენად უახლოვდება ხელოვნების სფეროს?

– არ ვიცი, ჩემგან ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება,  ხელოვნება რომ დავარქვა, მაგრამ ერთგვარად ალბათ არის კიდეც. მარტო პრაქტიკით ვერაფერს იზამ. შეიძლება ასჯერ რომ ხაზს გაავლებ, მერე გამოგივიდეს, მაგრამ ფერების აღქმა, ხატვის ნიჭი, გემოვნება საჭიროა. ასე ვფიქრობ…

– მაკიაჟით რადიკალური ცვლილება როდის ხდება?13227891_1303188336376438_2057794147_n

– ძირითადად, რადიკალური ცვლილება გამოდის, როცა ქალბატონს გამკვეთილი კონტურები არ აქვს. აქვს ღია ფერის წარბი, პატარა თვალები და ა.შ…  ასეთი სახე მაკიაჟით რადიკალურად იცვლება და სხვანაირი ხდება. როცა ადამიანი არის მკვეთრი ნაკვთებით, რაც უნდა ბევრი იმუშაო, დიდ ცვლილებას არ მოგცემს…

– რამდენად საჭიროა პერმანენტული მაკიაჟი ?

– პერმანენტული მაკიაჟი, ძირითადად, კეთდება წარბზე, თუ ღია ფერის ან მეჩხერი აქვს. ან ფორმის შეცვლა უნდა. თვალის შემთხვევაში, როცა ხშირად იყენებენ ლაინერს ან ფანქარს. ტუჩზე, როცა ფერი გაცრეცილი აქვთ. შეიძლება ყოველდღიურად მაკიაჟის კეთება მოგვბეზრდეს, პერმანენტული მაკიაჟი კი ეხმარება ქალბატონებს, დილიდანვე მოწესრიგებულნი იყვნენ.   ამ მხრივ გამართლებულია, რადგან დაახლოებით წელიწად-ნახევარიან შედეგს გვაძლევს. თუმცა არის ქალბატონების კატეგორია, რომლებიც მაკიაჟს სისტემატურად არ იკეთებს, ამ დროს, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის…

– დღეს, ძირითადად, როგორი მაკიაჟით დადიან…13231133_1303188333043105_1186515924_n

– ეს ძალიან კურიოზული მომენტია, როცა პროფესიონალურად უყურებ. ჩემთანაც რომ მოდიან, უფრო თინეიჯერებს და 25 წლამდე ახალგაზრდებს მოთხოვნა მკვეთრ მაკიაჟზე აქვთ. პირობითად რომ ვთქვათ, კლუბური შტრიხები. კლუბში სადაც ნაკლები განათებაა, შეიძლება მაკიაჟის მაქსიმუმი გაიკეთო. თუმცა ის მომხმარებელი, რომელიც მე აღვნიშნე, ასეთ მაკიაჟს დღის შუქზე ატარებს. შეიძლება 45 წლის ქალბატონიც ნახო აბსოლუტურად მკვეთრი მაკიაჟით, რომელიც ასევე კურიოზულად გამოიყურება, მაგრამ ეს უფრო იშვიათია.

– დღეს როგორ  ფიქრობ,  პროფესიულად სწორი მიმართულება აირჩიე?13275720_1303188316376440_1404738235_n

– ამაზე ბევრი მიფიქრია და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ სამედიცინოზე ამდენი წლის ნასწავლი რაღაც პერიოდი თითქოს მიტოვებული მქონდა. თუმცა ბავშვობიდან მიზიდავდა კოსმეტოლოგია და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საჭიროა სახის სწორად მოვლა, რომ ახალგაზრდობა დიდხანს შევინარჩუნოთ. ყველა ჩემს პაციენტს თუ ქალბატონს, რომელიც ვიზაჟზე მოდის, დევიზივით ვეუბნები, რომ – არ არსებობს ლამაზი და უშნო ქალი, არსებობს მოვლილი და მოუვლელი მანდილოსანი. დღეს, მით უმეტეს, როცა უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ჯანმრთელად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ყველამ, ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც თავს უნდა მოუაროს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ის არის ყველაფრის საწინდარი.

– მამაკაცები…

– ადრე, ალბათ, 10-15 წლის წინ, სამარცხვინოდ ითვლებოდა, თუ კაცი კოსმეტოლოგთან სახეს გაიწმენდდა,  ან წარბს გაიკეთებდა, ზოგადად, თავს თუ მოუვლიდა. თუმცა არის ისეთი ადგილები, მაგალითად, ყური, ცხვირი გაისუფთავებ და ჰიგიენურად ლამაზად გამოიყურები. ასევე წარბიც, როდესაც მამაკაცს უხეში წარბები აქვს, ვთვლი, რომ უნდა გაისუფთავოს. ძალიან კარგია, რომ ამის ტენდენცია თანდათან წამოვიდა და სამარცხვინოდ აღარ ითვლება. რაც შეეხება მაკიაჟს, ძირითადად, წვეულებების დროს მომმართავენ. თუ ქორწილია და სიძეს სახეზე აკნეს პრობლემა აქვს, ამ შემთხვევაში დეფექტი იფარება.

– შვილები თუ ინტერესდებიან შენი პროფესიით?

– სამი შვილი მყავს. უფროსი კახი, 17 წლისაა და წელს ეკონომიურზე აბარებს. მეორე 9 წლის ნინოა, რომელიც ჩემი პროფესიით საკმაოდ დაინტერესებულია და ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ პლასტიკური ქირურგი გახდეს. ყველაზე პატარა კი ორწლინახევრის ეკატერინე მყავს და ისიც წარმატებით იყენებს ჩემს ფუნჯებს…

 

ნინო ჯაჯანიძე

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები