თინა ხიდაშელი: დღეს ორ კონტინენტზე გაისმა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები

საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს რეაგირების ძალების შენაერთი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ქართულ-ამერიკული სწავლების ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ დღეს ვაზიანში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ისტორიული სწავლების გახსნის ცერემონიალიდან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ასეთ დღეებში იქმნება ისტორიის საინტერესო ფურცლები. სწორედ ასეთ დროს იბადება რწმენა ჭეშმარიტი თანამშრომლობის, პარტნიორობის და ერთად დგომის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ხელმძღვანელებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება დღეს ამ სწავლების საქართველოში ჩატარების“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, დღეს ორ კონტინენტზე გაისმა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამი სახელმწიფოს ჰიმნები აშშ-ში Invictus „ძლიერთა თამაშებზეც“ გაისმა და „სახელმწიფო დროშები გამარჯვებულთა კვარცხლბეკებთან ფრიალებდა“.
მინისტრმა „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე სამხედროებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„მინდა, დღევანდელ დღეს მივულოცო ჩვენს ბიჭებს ძალიან დიდი წარმატება „ძლიერთა თამაშებში“, მინდა მადლობა გადავუხადო მათ გამძლეობისთვის, იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, სიძლიერის დემონსტრაციისთვის, იმისთვის, რომ არაფერი არ არის შეუძლებელი. თუ ძალიან მოინდომებ, არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავ. საქართველო პატარა ქვეყანაა. პატარა ქვეყანა დიდი მონდომებით და კიდევ უფრო მეტი შემართებით. საქართველო მზადაა ყველა გამოწვევის მისაღებად და ღირსეულად გასამკლავებლად, Invictus-ის თამაშებზე ჩვენმა გუნდმა სწორედ ეს აჩვენა საუკეთესოდ“, – აღნიშნა მინისტრმა.
თინა ხიდაშელი განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს მიესალმა, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები