გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო – საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი – 2016″ გახსნა და სწავლებაში მონაწილე ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს მიმართა.
“მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ,,ღირსეული პარტნიორობის,, სწავლების დაწყება. დღეს ერთმანეთის გვერდით დგანან ჯარისკაცები, რომლებმაც სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციების დროს, თავისი ღირსებით, თავისი შემართებით, თავისი ბრძოლისუნარიანობით ასახელეს სამშობლო.
ესენი არიან ქართველი, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღეს ეს ადამიანები სწორედაც, რომ ღირსეული პარტნიორობის, ღირსეული თანამებრძოლების სახით დგანან ქართულ მიწაზე,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი სწავლება არის გაგრძელება იმ სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ნატოს ალიანსის მიმართ დავსახეთ.
,,ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მტკიცე , მამაცი და თამამი ნაბიჯები გადადგა.
გახდება იმიტომ, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ. გახდება იმიოტომ, რომ ასეა საჭირო უფრო სტაბილური, უფრო პერსპექტივაზე ორიენტირებული მსოფლიოსათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სწავლებაზე შეკრებილ სამხედროებს.
საჩვენებელი სწავლების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ის სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა, რომელიც სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას.
ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ქართულ-ამერიკული სწავლების ორგანიზატორები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ს ევროპული სარდლობა.ქართულ-ამერიკული სწავლება საქართველოში მეორედ ტარდება და მასში 1 300 სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის 500 ქართველი, 650 – აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და 150 ბრიტანელი ჯარისკაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები