„ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს – ძალადობით დაკარგულის ძალადობითვე დაბრუნების, ან დიპლომატიით“
მსოფლიო ისტორიას ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის ორი გზა ახსოვს, ძალადობით დაკარგულის ძალადობითვე დაბრუნების, ან დიპლომატიით, – აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.
შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას ის დადებითაც ეხმაურება, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს შეხვედრა დღის წესრიგში არ დგას. ბარამიძის განმარტებით, დიპლომატიური გზა შესაძლოა, საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესიც იყო.
„ლავროვთან შეხვედრა ოფიციალურ დღის წესრიგში, სამწუხაროდ, არ დგას, 4 წელია ამას ვამბობთ და, გვსურს თუ არ გვსურს, არც ჟენევის და არც პრაღის ფორმატი არ არის სრულყოფილი. ბატონი აბაშიძის ჩემი დიდი პატვისცემის მიუხედავად, ეს ის დონე არ არის, ეს ჯერ ელჩების დონეზე იყო მოსამზადებელი, შემდეგ – წარმომადგენლების დონეზე, შემდეგ – საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ბოლოს, პირველი პირების დონეზე. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, პირიქით, აუცილებელიც არის, რადგან მსოფლიო ისტორიას ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის ორი გზა ახსოვს – ერთი ძალადობით დაკარგულის ძალადობითვე დაბრუნების, რაც ძალიან რთულია და მეორე გზა – დიპლომატიური, მრავალრაუნდიანი და მრავალწლიანი მოლაპარაკებების მეშვეობით, რაც გულისხმობს ურთიერთდაინტერესებას, პოლიტიკურ ვაჭრობას, გაცვლა-გამოცვლას. სხვა გზა არ გვაქვს“,- განაცხადა ბარამიძემ.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დასავლეთს რუსეთთან კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა, კერძოდ კი, მისი განმარტებით, სანქციების შეწყვეტა თუ გახანგრძლივება ყირიმთან და მინსკის ხელშერულების დაცვასთან იყო დაკავშირებული. საქართველოს ხელისუფლებას კი ყველაფერი უნდა ეღონა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც იგივე მომხდარიყო, რადგან 2008 წლის ომის დროს, საქართველომ არანაკლები დანაკარგი მიიღო.