ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე დღეს იმსჯელებს

ევროკავშირის საბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკითხს ტექნიკურ დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები განიხილავენ.
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემაც.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.
”ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა პროცესი და პროცედურა ორივე ორგანოში – როგორც პარლამენტში, ასევე საბჭოში. დანიშნულია 11 მაისს ევროკავშირის საბჭოში კიდევ ერთი განხილვა და ასევე შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ, ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება ამ გეგმებსა და გაცხადებულ დღის წესრიგში არ არის”, – განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოში გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები