ზაქარია ქუცნაშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივად სწორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეხმაურება. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივად სწორი.
დეპუტატის მოსაზრებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება 8 ივნისიდან, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საკმარისი უნდა იყოს.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივად სწორი, რადგან მან გამჭვირვალე გახადა წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი და შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიისათვის შეჯიბრი 8 ივნისს დაიწყება. თუმცა ეს სულაც არ უზღუდავს საარჩევნო სუბიექტებს, რომ ახლავე იმუშაონ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაზე”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებითურთ ქვეყნის პირველ პირს უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი სამართლებრივი აქტი ივლისში გამოეცა, რათა ”ქვეყნის ბიუჯეტს 6-7 თვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება არ ჰქონდა”. პრემიერის აღნიშნულ პოზიციაზე საპასუხოდ, თავის მხრივ, პრეზიდენტმა ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დააანონსა.
აღნიშნულის შემდეგ პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევდნენ.
კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის დღეს გაიმართა.
უცვლელია არჩევნების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები