საკუთარი ხელით შექმნილი ოცნება…

თვითნაკეთი ავტომობილი, რომელიც ათეული წლებია მნახველს გულგრილს არ ტოვებს. 1970-იან წლებში შექმნილი ანზორ ელოშვილის „თბილისი“, მაშინდელი ჟურნალ-გაზეთების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ ანზორ ელოშვილმა კიდევ 2 ავტომობილი ააწყო… თუ 50 წლის წინ „თბილისში „თბილისით“ დაქროდა“, დღეს დედაქალაქის ქუჩებში ორადგილიანი რეტრომოდელით, სახელწოდებით „ანზო“ დადის… რატომ არ გახდა ანზორ ელოშვილის ავტომობილი სერიული წარმოების და რას გეგმავს 80 წლის გამომგონებელი მომავალში…13081626_1285407278154544_1291870548_n

– თავიდან სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, თუმცა სანამ დავამთავრებდი, გადავიფიქრე და სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. მინდა გითხრათ, რომ ასევე ძალიან მიყვარდა ცეკვა, უმაღლესში სწავლის პერიოდში მქონდა საშუალება, ანსამბლში მეცეკვა. ამ დროის განმავლობაში სულ ვხატავდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თვითნასწავლი მხატვარი ვარ…

– გამოფენაზე არ გიფიქრიათ?

– არა, გამოფენა არასოდეს მომიწყია. მეუბნებიან, რომ წელს ზაფხულში, ან შემოდგომაზე გავაკეთო, მაგრამ ასაკში ვარ და ასეთი რაღაცები აღარ მაინტერსებს… ახლაც ვხატავ, მაგალითად, მეუღლის პორტრეტის დახატვა დავიწყე. ბალერინა მყავს შვილიშვილი და მერე ის უნდა დავხატო… თუმცა, ძირითადად, ასლები მაქვს გაკეთებული, პორტრეტებს იშვიათად ვხატავ.

– ავტომობილი…13082093_1285407284821210_370498281_n

– უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, დავქორწინდი. ტექნიკა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. შვილი რომ გვეყოლა, გავუკეთე მანქანა, რომელშიც აკუმულატორს ჩადგამდი და თვითონ დადიოდა. ეს ახლა დიდი არაფერია, ასეთი საბავშვო მანქანები უკვე გავრცელებულია, მაგრამ მაშინ იშვიათობა იყო. 70-იანი წლების თბილისში უცხოური მანქანა სულ რამდენიმე დადიოდა. ამის შემდეგ ვიფიქრე, მანქანა გამეკეთებინა. სწორედ ამის შემდეგ ავაწყე ჩემი პირველი თვითნაკეთი ავტომობილი, რომელსაც „თბილისი“ დავარქვი, მერე დაწერეს გაზეთში, რომ „თბილისში დაქრის „თბილისი“, უცხო მანქანა. გავიდა დრო, 1983 წლიდან დავიწყე ახალი ავტომობილის შექმნა, რომელიც 1986-ში დავამთავრე და დავარქვი „თბილისი 86“. 10 წლის წინ კი დავიწყე კიდევ ერთი ავტომობილის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო ავტომობილების შექმნა, არასოდეს მქონია სურვილი, სპონსორი მენახა, ან ჩემი ავტომობილი სერიული ყოფილიყო. ეს ჩემი ჰობია, ახლაც სულ ავტოფარეხში ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მსიამოვნებს…

– ბოლო ავტომობილს რა დაარქვით?

– სიმართლე გითხათ, აღარ ვიცოდი, რა დამერქვა. მირჩიეს, ანზორი მეწოდებინა. ემბლემებიც გავაკეთე და უკან, საბარგულზე „ანზო“ დავაწერე. ეს ავტომობილი რეტროს სტილშია, ორადგილიანია და ძალიან ლამაზი გამოვიდა. თბილისის ქუჩებში რომ გამოვიყვანე, როგორი ავტომობილის გვერდითაც არ უნდა გავაჩერო, ყურადღებას მაინც ჩემი იპყრობს. ასეთი თბილისში არ დადის…

– როგორ იბადება ახალი ავტომობილი?13090042_1285407274821211_409422101_n

– რა თქმა უნდა თავიდან ჩანახატს ვაკეთებ. დაახლოებით 20 წლის წინ გადავწყვიტე, რომ მე ეს მანქანა უნდა გამეკეთებინა. ამ სტილის ავტომობილი ძალიან ძვირად ღირებულია. ამის საშუალება არ მქონდა და თავად გავაკეთე.

თავიდან მანქანა მოვქსოვე მავთულებისგან, იმ ნახატის მიხედვით, რომელიც უნდა გამეკეთებინა. მავთულებისგან მოქსოვილ მანქანას, ტონანახევარი გაჯი დასჭირდა. საერთოდ, თაბაშირში კეთდება, მაგრამ გაჯი, რა თქმა უნდა, უფრო იაფია. გამოვძერწე მანქანა, მერე გადავლესე, გავშკურკე და ისე შევღებე, მნახველები რომ მოდიოდნენ, მეკითხებოდნენ კარი არ იღებაო? ეგონათ, რომ უკვე დამთავრებული იყო. შემდეგ გავაკეთე ყალიბი და მისგან მინაბოჭკოვანი ქსოვილით ავტომობილი ჩამოვასხი.

ამ მასალას სპორტულ მანქანებში იყენებენ, რომელიც არც იწვის, მაგარია, უძლებს დარტყმას და უძლებს ჟანგს. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. შესაძლებელია, ერთ წელშიც ააწყო, მაგრამ ძალიან რთულია. ავტომობილზე მუშაობისას უნდა შეისვენო, თუ არ გამოეთიშე, შეიძლება გაგიჟდე…

– რას განიცდით, როცა ასრულებთ ნამუშევარს…13090283_1285407268154545_1679579876_n

– ძალიან სასიამოვნო პროცესია, თან როცა გვერდით ოჯახის წევრი ან მეგობარი გიზის და ყველა გეუბნება, რომ ძალიან მოსწონს. გარედან ხელით განიშნებენ, რომ კარგია.
–  ეს, მართლაც, სასიამოვნო განცდაა. გამოდის, რომ თქვენი ხელით იხდენთ თქვენს ოცნებას?

–  რასაც მე ვისურვებ ტექნიკისდარგში, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. არ მიჭირს და თან ძალიან მეხალისება.

– ავტოგამოფენა…

– წინა ავტომობილებიც ძალიან ხშირად მიმყავდა ხოლმე თბილისობაზე. ბოლო ხუთი წელია, ამ ახალი მანქანით ვუერთდები დედაქალაქის ზეიმს. მხოლოდ ავტომობილების გამოფენა ჩვენთან არ ყოფილა, თორემ, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას.

– ოჯახი რას ამბობს თქვენს გატაცებაზე?13115561_1285407281487877_680773849_n

– დიდი შვილები მყავს. უფროსი ბიჭი 48 წლისაა, მეორე – 44-ის. ორივე დაოჯახებულია და შვილიშვილები მყავს. ჩვენს ოჯახში ყველა მხატვარი და არქიტექტორია.

ხელოვნება ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ჩემი წინა ავტომობილები, ჩემს შვილებს ვაჩუქე. რა თქმა უნდა, იმ ორი მანქანისგან აღარაფერი დარჩა. ეს ბოლო კი ჯერ ისევ მე მეკუთვნის.

– თუ აპირებთ ახალი ავტომობილის გაკეთებას?

– ახლა მინდოდა „ინგლისური კარეტა“ გამეკეთებინა. მოდელიც შევქმენი ჩემს მეგობართან ერთად. მან ცხენებიც კი შეიგულა ჩვენი ახალი კარეტისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, შარშან გარდამეცვალა და დავრჩი ასე მარტო… ახლა ამ ასაკში უკვე მსგავს გასართობ რამეს თუ გავაკეთებ, თორემ ასეთ სერიოზულ საქმეს ხელს ვეღარ მოვკიდებ. მანქანას უკვე ვეღარ გავაკეთებ, დრო აღარ მეყოფა… ძალიან შრომატევადია…
13115398_1285407288154543_1271597851_n
m
13115818_1285407311487874_1710958943_n

                                                                                                                                                                                       ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები