ეროვნული რეკორდის შემდეგ მსოფლიო რეკორდისთვის მზადება – თამარ ბაბილუა მორიგ მუსიკალურ მწვერვალზე ასვლას აპირებს…    

თამარ ბაბილუა (ბაბი) რამდენიმე დღის წინ ეროვნული რეკორდსმენი გახდა. მუსიკალური კომპოზიციების 25- საათიანი შესრულებით ბაბიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. როგორც თვითონ ამბობს: „მუსიკა ჩემშია და მე ვარ მუსიკაში“.  სწორედ ამის გამო ის მორიგი ახლა უკვე მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება…  2

– 2015 წელს  აღმოვაჩინე პიანისტი – ბენ სპიტერსი, რომელიც მაიკლ ჯექსონის ჩემს საყვარელ ერთ-ერთ ნაწარმოებს უკრავდა. დავინტერესდი ამ პიროვნების  ბიოგრაფიით და აღმოვაჩინე, რომ გინესის მსოფლიო რეკორდსმენი იყო. წუთში, ერთი ნოტი 765-ჯერ ჰქონდა აღებული. გინესის ოფიციალურ გვერდზე მოვიძიე მუსიკალურ დარგში და კონკრეტულად ფორტეპიანინოზე რა რეკორდების დამყარება შეიძლებოდა. იმ დროისთვის არსებობდა ასეთი რეკორდი – 22 საათი და 10 წუთი ხანგრძლივ დაკვრაში. მაშინ პირდაპირ ასე, სპონტანურად გადავწყვიტე, რომ ეს რეკორდი გამეუმჯობესებინა. სპორტული ინტერესის გარდა, მქონდა მატერიალური დაინტერესება, ჯილდოდ 50 ათას ევროს გასცემდნენ. მე ფოთიდან ვარ და თბილისში მინდოდა ბინა მქონოდა, რომ ჩემი შვილი აქ გადმომეყვანა და ერთად ვყოფილიყავით. დავიწყე ამისთვის აქტიური მზადება, გავტესტე და 19 საათი დავუკარი გადაბმულად, მართალია მერე ორი დღე ტანსაცმლიანად მეძინა, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯე. მოხდა ისე, რომ შარშან, პირველ აპრილს გავიგე მე-4 სტადიის სიმსივნე მქონდა… ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შევძელი იმ პერიოდში რეკორდის დამყარება. როცა ქიმიოთერაპიაზე ვიწექი, ზუსტად მაგ დროს, 11 ოქტომბერს, ინდოელმა მრატ ჯაი შარმამ  მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და 127 საათი და 8 წუთი დაუკრა. ვაპირებდი ამ რეკორდის გაუმჯობესებას, მაგრამ ექიმებისგან მკაცრი უარი მივიღე, ძალიან დიდი რისკი იყო, რომ კომაში ჩავვარდებოდი…
4– თუმცა, თამარ ბაბილუას რეკორდი მაინც შედგა…
– დიდად არც მჭირდებოდა ჩემი თავისთვის ამის მტკიცება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე და ეროვნული რეკორდი დავამყარე.
– ჩაირთო ეროვნული რეკორდის წამმზომი…
– ალბათ  გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ, მაგრამ ამ 25 საათისთვის საერთოდ არ მოვმზადებულვარ.  ერთადერთი, ორი კვირით ადრე მეგობარმა მირჩია,  10 საათი დაჯექი და მოსინჯეო. ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ ყოველდღე, 13 საათი დაკვრა ისედაც მიწევს. შესაბამისად, ძალიან დიდი გამოწვევაც არ ყოფილა.  ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მივედი, მაშინ მივხვდი, რომ თურმე გინესზე მოვედი… არანაირი მოლოდინი არ  მქონდა, რაღაც ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდი, მაგრამ როგორც კი წამმზომი ჩაირთო და ნელ-ნელა ხალხმა მოსვლა დაიწყო, ისეთი ემოცია იყო, ამის გადმოცემა, მართლაც, შეუძლებელია. მხოლოდ მუსიკაში იგრძნობოდა, რაც მე მაშინ დავუკარი…
– კომპოზიციები წინასწარ შეარჩიე?
– ეროვნული რეკორდის დამყარებისთვის მოთხოვნა რომ გავაგზავნე, 500 კომპოზიცია მქონდა ჩაწერილი, საბოლოოდ რომ დაითვალეს, დაახლოებით 1700-მდე კომპოზიცია შევასრულე. თავიდან სიის მიხედვით დავიწყე, მაგრამ მერე ხალხი რომ მოდიოდა, ზოგს თვითონ უჩნდებოდა რომელიმე კომპოზიციის მოსმენის სურვილი, ზოგზე მე ვიცოდი, რა უყვარდა და იმას ვუკრავდი… 12 საათის შემდეგ, 15- წუთიანი შესვენებისას სიჩქარეში თითი კარში მომყვა. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა, რომ ენას ვყლაპავდი, მაგრამ მეგობრები მამშვიდებდნენ, რომ კარგად ვარ, კარგი ფერი მაქვს და უცებ ენერგია მოვიკრიბე და მაშინაც იმ სიტუაციიდან მუსიკამ გამომიყვანა…
– ამ რეკორდზე თუ შეუთანხმდი ექიმებს…5
– ჩემთვის ასეთი დატვირთვა, სიმართლე გითხრათ, არ შეიძლება. თუმცა ისეთი რეჟიმი მაქვს ყოველდღიური გრაფიკის გამო, რომ  ექიმები წინააღმდეგობას ვეღარ მიწევდნენ. ქიმიოთერაპიების დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ, მართლაც, გაუსაძლისი ტკივილია, რა ტკივილგამაყუჩებლებს მინიშნავდნენ, იმასაც არ ვსვამდი. ეს ჩემმა ექიმმა დღემდე არ იცის… რა ვქნა, ჯიუტი ვარ,  როცა მუსიკას ეხება საქმე, მაშინ ასე ხდება ხოლმე.
– დამთავრდა 25 საათი…
– სანამ დავამთავრებდი, დაახლოებით საათნახევრით ადრე, მეგობარს ვუთხარი, რომ იქნებ კამერები გამოვრთოთ, დავსხდეთ ერთად და დავუკრათ-მეთქი. მერე ყველამ ერთად ტაშის დაკვრით გამომაფხიზლა… აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი საათი განსაკუთრებით გაიწელა. ბოლო წუთები რომ მახსენდება, მართლა ემოციური იყო, ყველა ერთად ვიყავით.  უკუთვლა რომ დაიწყო, მივხვდი, ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი, ამიტომ შეუძლებელი იყო,  რომ  კარიბის ზღვის მეკობრეების საუნდტრეკი არ დამემთავრებინა. ბოლო კომპოზიცია სწორედ ეს იყო.
– რეკორდმა რა მოგცა…
– მე და ჩემი მეგობრები დაახლოებით 30-მდე სპონსორს დავეკონტაქტეთ. ეს უარიც არ იყო, ინტერესი არ იყო მათი მხრიდან. ვთვლი, რომ  როგორი ცხოვრებისეული გამოწვევაც არ უნდა მივიღოთ, არასოდეს უნდა დავნებდეთ. სადღაც რაღაც კი მთავრდება, მაგრამ არის მომენტები, როცა ღირს და ეს ნამდვილად ღირდა ჩემთვის. საკუთარი თავის გარდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ ადამიანს დავუმტკიცე, რომ არცერთ დაბრკოლებას, არცერთ ბარიერს თავი არ უნდა დავუხაროთ…
– შენს ცხოვრებაში მუსიკა…
– მუსიკა ჩემს ცხოვრებაში სამი წლიდან შემოვიდა. დედამ აღმოაჩინა, მერე ისე მოხდა, რომ სასწავლებელში შევედი და უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. მახსოვს, სამი წლის ვიყავი, ტელევიზორში რაღაც მუსიკა მოვისმინე, მივუჯექი ფორტეპიანოს და აწყობა დავიწყე. ჩემმა მშობლებმა კი არ გაუშვეს  ჩემი ნიჭი, მივყევით და მოვედით აქამდე.
– როგორ ავითარებს შენს მუსიკას…6
– რომ ვთქვა, დღეს ჩემი ცხოვრება შეიცვალა-მეთქი, დიდად არ შეცვლილა. უბრალოდ, მედიამ  უფრო წინა პლანზე გადმოიწია. რეკორდსმენის სტატუსი უფრო მეტია ნებისმიერი ადამიანისთვის. დანარჩენი კი ჩვეულებრივი რუტინა მაქვს, ისეთი, როგორიც მქონდა და ვაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ორი წელია ბენდ „ნიუტონის“ წევრი ვარ.  ვუკრავთ სხვადასხვა კლუბში. ბენდთან ერთად მუშაობა ალბათ ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. გარდა იმისა, რომ „ნიუტონის“ წევრები ჩემი ახლო მეგობრები არიან, იმ 25 საათის განმავლობაში ჩემს გვერდით მონაცვლეობით იყვნენ. არცერთი წუთი არ მტოვებდნენ. სექტემბერში ალბომის გამოშვებას ვაპირებთ, გერმანიიდან – ტალინიდან მუსიკალურ ფესტივალზე შემოთავაზებები გვაქვს. პარალელურად ვმუშაობ „თინ კლუბში“. ეს არის თინეიჯერების სასწავლებელი, სადაც  ვოკალი, აკუსტიკური გიტარა, ფორტეპიანო და ცეკვა ისწავლება.
– გოგონა, რომელიც სამი წლიდან მიუჯდა ფორტეპიანოს, მიაღწია, რაც უნდოდა?
– ამ კითხვას ვუპასუხებ ასე – ძალიან დიდი კი. მუსიკა და მე იმდენად განუყოფლები ვართ, რომ სხვაგან, სხვა პროფესიაში არც წარმომიდგენია ჩემი თავი… და არც პარალელურად – იმიტომ რომ მუსიკა ჩემშია და მე ვარ მუსიკაში.
– წერ მუსიკას, როგორია შენი მუსიკა?
– ჩემი მუსიკა ცოტა დრამატულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოზიტიური და მხიარული ვარ, ჩემი მუსიკა ყოველთვის ჩემს მაგივრად ლაპარაკობს ხოლმე და ბაბისგან განსხვავებით ცოტა უფრო დრამატულია. როცა გავიგე ჩემი ჯანმრთელობის შესახებ, ძირითადად, იმ პერიოდში ვწერდი. ჩემი ყველაზე სევდიანი მუსიკაა, რომელსაც გამოვარჩევ ,,hold back the river”-ია.
– რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში…

– მეოთხე სტადიის სიმსივნე დავამარცხე. ამჟამად ნულზე მაქვს, მაგრამ ვინაიდან ეს სიმსივნე  ავთვისებიანი იყო, საჭიროებს ყოველთვიურ კონტროლს, რადგან მაინც არის  გარკვეული რისკი 50/50-ზე…
– ოჯახი…3
– ჩემი ოჯახი შედგება მშობლებისგან, დედმამიშვილისგან, შვილისგან და მეგობრებისგან. ჩემი ნინი 6 წლისაა, იზრდება ფოთში, მის გაზრდაში დედა მეხმარება. პერიოდულად მე ჩავდივარ, ან აქ ჩამომყავს. სხვათა შორის, ნინის ჩემგან მუსიკალური ნიჭი გამოჰყვა. მღერის ფანტასტიკურად. არ მინდა, რომ ამას გაყვეს, რადგან საქართველოში როგორც საჭიროა ისე დაფასებული არ არის და თან საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ თვითონ ძალიან დიდი სურვილი აქვს. ჩაიკეტება ხოლმე ოთახში, ისე რომ არავინ უნდა იყოს, მღერის და თან დრამზე უკრავს…
– სამომავლო გეგმები…
– რეკორდს რაც ეხება, ზაფხულში მინდა ჩემი შვილის დაბადების დღეს დავამთხვიო. ვაპირებ, ბენ სპიტერსის რეკორდი გავაუმჯობესო და შევეცადო წუთში ერთი ნოტი 800-ჯერ ავიღო. ამაზე ვმუშაობ და ვარჯიშიც დავიწყე. ძირითადი გეგმები კი ეხება „ნიუტონს“ და ჩემი სიმღერების პოპულარიზაციას. მინდა პირადი ალბომი გამოვცე და ჩემი მუსიკა უფრო ცნობადი გახდეს…
– რა ადგილი უკავია მუსიკას სამყაროში?
– მუსიკას სამყაროს განუყოფელ ნაწილს დავარქმევდი. ჩემთვის ყველაფერი რითმულია. ხალხს ვურჩევდი, რომ თავიანთ ცხოვრებაში  მუსიკას მეტი ადგილი დაუთმონ, რადგან მუსიკა ბევრად უფრო მეტის საშუალებას იძლევა, ვიდრე შეიძლება გარედან ჩანდეს…

7
8
9
10

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები