„მენატრება თბილისის ქუჩებში ხეტიალი… გაზაფხულის ელფერში და  მთაწმინდა – საბაგიროდან თბილისის დანახვა“

ქართველმა მუსიკოსმა  ჩიკაგოში მელოდიას ფეხი თვრამეტი წლის წინ აუწყო.  მას შემდეგ ნინო არობელიძემ საკუთარი ძალები მუსიკის სხვადასხვა ჟანრში მოსინჯა. თუმცა ახლა  მის ხმას ძველებური „ვინტიჯ“ ელფერი დაკრავს და, როგორც მუსიკის კრიტიკოსები ამბობენ: „მისი ხმა და ფრაზები ინდივიდუალური და ლაღია… და თუ აქამდე ნინოს მუსიკას არ იცნობთ, აუცილებლად უნდა მოისმინოთ“… ნინო არობელიძემ მონატრებულ ქართველებს ახალი ალბომიდან სიმღერა შორეული ჩიკაგოდან ექსკლუზიურად „პერსონას“ მკითხველს შესთავაზა…

 

– 14 წლის ვიყავი, 1998 წელს შტატებში რომ წავედი. იმ პერიოდის საქართველოში მეცნიერების დარგი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დედა ბიოქიმიკოსია, მამა ინჟინერ –ჰიდრავლიკოსი იყო. ძალიან
1გაუჭირდათ თავის გატანა და ამიტომ საქართველოს დატოვება გადაწყვიტეს. საინტერესო და რთული პერიოდი იყო ჩემთვის – ახალ კონტინენტზე ცხოვრების შეგუებას, ყველაფერ ნაცნობს მოწყვეტილი. თბილისის 23-ე სკოლაში ქართულად, რუსულად და ფრანგულად ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განათლება საკმაოდ მულტიკულტურული იყო, ინგლისური არ ვიცოდი და თბილისიდან წასვლამდე, ინგლისურს სამი თვის განმავლობაში კერძო მასწავლებელთან ვსწავლობდი. ამის შემდეგ, პირდაპირ ამერიკული სკოლის მე-9 კლასში დავიწყე სწავლა. თავი აკვარიუმში მეგონა, ნახევრად დაგუბებული ყურებით და პანტომიმით ვაგებინებდი მასწავლებლებს ფოტოსინთეზის, გეომეტრიის და “ოდისეის და ილიადის” დავალებებს კლასში. ხუმრობა, ხუმრობად, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი დახმარება მუსიკაში აღმოვაჩინე, სკოლის გუნდში რომ მიმიღეს. რითმით და მელოდიით უფრო ავითვისე უცხო ენა და მალე წერა ძალიან შემიყვარდა.
– მუსიკალური განათლება საქართველოდან დაიწყო?3

– მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მქონდა. ვთვლი, რომ მუსიკა პირველად ფილმებიდან მივიღე. ძირითადად, სინემატური აღქმა მაქვს, ვიზუალს რომ ვხედავ, ჩემზე უფრო სხვანაირად მოქმედებს. ჩემთვის ასევე საინტერესო მუსიკა იყო, როცა MTV–ის არხი აღმოვაჩინე. შემდეგ რუსული არხი, სადაც სულ სოულს უკრავდნენ და მახსოვს, ყველანაირ რადიოს ვუსმენდი, რასაც ვიჭერდი. სკოლაში, ვცეკვავდი ქართულ ანსამბლში რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მე თავიდანვე მაოცებდა და მიზიდავდა დოლ-გარმონის დინამიკა და ურთიერთგაგება. იმ ენერგიას, რაც ცოცხალი მუსიკიდან მოდის…
– მუსიკის ჟანრი…4

– მე ჯაზი, სოული, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონიკა და სხვადასხვა ფოლკლორული ფორმები ძალიან მაინტერესებს. თავიდან უნივერსიტეტში სწავლა რომ დავიწყე, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი, თუმცა თეატრალური და სამხატვრო ინტერესიც მქონდა. დიპლომატია ძალიან მიზიდავდა. ამიტომ, 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნის ემიგრანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, სტრუქტურულად გამეგო, რატომ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა საქართველოში. როცა პოლიტილურად და სოციალურად გათვითცნობიერებული ხარ, უფრო ადვილია იმოძრაო, როგორც გლობალური საერთაშორისო პიროვნება. თეატრალური კუთხით კი, ბავშვობის მეგობრის რჩევით თბილისში ვიყავი „ბერიკების“ თეატრში მე-8 კლასის პერიოდში. იმპროვიზაცია პირველად აქ დავიწყეთ. როცა შტატებში ჩამოვედი და ჯაზთან შეხებაში მოვედი, დაიწყო ჩემი ინტერესი ჯაზის მიმართ, რადგან სწორედ ამ მუსიკალურ მიმართულებაში ვიპოვე ისეთივე თავისუფლების ნაპერწკალი, რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს ყველანაირი ხელოვნების ფორმაში.
– როგორია ნინო არობელიძის მუსიკა…12939194_1266492503379355_558263310_n
– ნინო არობელიძის მუსიკა როგორია? – აჯობებს ჩემს მსმენელებს ვკითხოთ. მაგრამ პირადად ჩემთვის, ეს არის რითმული, მელოდიური და გულწრფელი, მრავალკუთხიანი და მრავალფეროვანი ხალიჩა, რომელიც სინემატურ ხასიათს მოიცავს და სისტემატურად ნოსტალგიის და ერთგვარად “ვინთიჯ” ელფერს მოიცავს, თუმცა თანამედროვე და პროგრესიული სტილის და ჟანრის კატეგორიაშია.
– ოჯახი…
– მეუღლე, პაბლო გორდი ბლუზი, სოულ და როკმუსიკოსი, პროდიუსერი და მულტიინსტრუმენტალისტია. მისი ოჯახი ნიუ-იორკიდან გადმოვიდა 70-იან წლეში, თვითონ ჩიკაგოში დაიბადა, გაიზარდა და დაფუძნდა, როგორც მუსიკოსი. ჩვენ, ისე გამოდის, რომ მუსიკამ გვაპოვნინა ერთმანეთი და ჩვენი მუსიკალური კოლაბორაცია Forbidden Knowledge-ი, მრავალი საკონცერტო პროგრამის და Urbanismz ალბომად გამოიხატა. მალე ეს თანამშრომლობა და მეგობრობა ცხოვრების თანამგზავრობაშიც გადაიზარდა. მე და პაბლო ოთხი წლის წინ დავვოჯახდით და პატარა ლეონი შეგვეძინა.12939608_1266492530046019_1424118912_n
– ელოდი, რომ წარმატებული იქნებოდი და შენი მუსიკა ამდენ ადამიანს ეყვარებოდა?
– წარმატებას, როგორც ჩემს პიროვნულ წარმატებად არ ვხედავ, ანუ თუ ჩემი მუსიკა მოთხოვნას იპოვის და შევძლებ, რომ გავაგრძელო ახალი ალბომების ჩაწერა და კონცერტების გამართვა და მოგზაურობა, ეს არის ჩემი ბედნიერება და ბედნიერება ჩემი გაგებაა წარმატების. თუ შევძელი და წვლილი შევიტანე საერთო აუდიოსამყაროში, ძალიან მიხარია. ნამდვილად არ ველოდებოდი… იმის გამო, რომ ადამიანებს ბევრი საერთო გვაქვს, თავიდანვე მივხვდი და ვიგრძენი, რომ თუ ჩემსას გავაკეთებდი, ვიტყოდი და გამოვხატავდი, რაც ჩემთვის სპეციფიკურია, ვიღაც მოისმენდა და რაღაც რეზონანსს გრძნობდა. თუნდაც მაშინ, 15 წლის ასაკში, როცა მეგობრებთან რამეს დავუკრავდი, მამხიარულებდა ის, რომ არ მეუბნებოდნენ, გთხოვ, გაჩერდიო. ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. თავიდან არასოდეს მეგონა, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, პოპულარობას იპოვიდა. რაც უფრო გაფართოვდა ჩემი მსოფლმხედველობა და მუსიკალური ლექსიკონი, მივხვდი, რომ ადამიანები, ვისაც მართლა წარმატება აქვს, ყველანი ექსცენტრიულები არიან, ანუ ხელოვანის პოპულარობა და ის, თუ რა ითვლება მოდურად, ხშირად პოლარულად განსხვავებული ცნებებია. პოპულარობაზე არასოდეს ვფიქრობ, რადგან ვიცი, რომ ეს ჩემს შემოქმედებაზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს. არ მინდა ვნერვიულობდე იმაზე, რა გაიყიდება და რა არა…
– გიტარა…12966418_1266492496712689_708026618_n
– თავიდან გიტარაზე დაკვრა ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი ინსტრუმენტი იყო იმ კლუბებში, სადაც ფორტეპიანო არ ჰქონდათ ეს არა ჯაზკლუბებზეა ლაპარაკი, უფრო როკკლუბებზეა ლაპარაკი. ძალიან მობილური, ფოლკლორული დაპანკ–როკული მიდგომაა გამოსვლისთვის. ჩემი პირველი შეხება გიტარასთან – საინტერესო და უცნაური ვლადიმერ ვისოცკი იყო. ბავშვობაში ვნახე, რა საინტერესოდ გამოხატავდა თავის აზრებს და ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ გენიოსი იყო. მისი ამერიკული მუსიკალური ტყუპია ჩემთვის ტომ ვეიტსი, რომელმაც თინეიჯერობის დროს პიანინოზე დაკვრის სწავლა მომანდომა. როდესაც მუსიკაზე სერიოზულად გადავწყვიტე კონცენტრაცია, გიტარა ძალიან მომწყურდა, რომ კარგად შემესწავლა და დავიწყე სერიოზულა მუშაობა. ჩემი პირველი ჯგუპი CrossRoads Project-ი, კვარტეტი იყო და სწორედ ამ ჯგუფს გავუძეხი.
– დატვირთული ხარ?..12969425_1266492563379349_1958356727_n
– გუშინ ჩემი ახალი სოლო ალბომის, Girl Named Nino-ს ტურნეს პირველი კონცერტი მედისონში დავუკარით. შემდეგ შაბათს მილუოკიში გამოვდივართ, ხოლო თვის ბოლოს ჩიკაგოში ვიზეიმებთ ალბომის გამოსვლას, კონცერტით! მაისში აღმოსავლეთ სანაპიროზე ნიუ- იორკსა და ბაფალაში გვიხილავენ. ზაფხულში ჩეხეთში, პრაღასა და ოსტრავაში კონცერტებით ვგეგმავთ ჩასვლას. დატვირთული ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის ჯანსაღია.
– ალბომები…
– ჩემი პირველი ალბომი CrossRoads Project- Strange Brew იყო, 2010 წელს. Urbanismz  ჩემი და პაბლო გორდის Forbidden Knowledge კოლაბორაცია პროექტი (ფანკის, ჰიპ-ჰოპის და ჯაზის ფიუჯანი). 2014 წელს გამოვიდა NOMAD ჩემი სოლო ალბომი, ხოლო ჩემი მეორე სოლო ალბომი GIRL NAMED NINO, რომელიც ჩემს ტრიოსთან ერთად ჩავწერე, ამ კვირაში 7 აპრილს, მსოფლიო მაშტაბით უნდა გამოვიდეს.
– საქართველოში თუ აპირებ კონცერტის გამართვას?
– მე კონცერტის გამართვას ყველგან ვაპირებ, მაგრამ საქართველოში – განსაკუთრებით. ძალიან მინდა შემოდგომაზე თბილისში ჩამოსვლა ჩემს ტრიოსთან ერთად. იგეგმება, რომ ოდესაში დავუკრათ სექტემბრის ბოლოს და უზომოდ გამახარებს, მუსიკით ხელდამშვენებული რომ გეახლოთ მონატრებულ სამშობლოში.
– ყველაზე მეტად რა გენატრება საქართველოში?..12966050_1266492480046024_312110154_n
– მენატრება თბილისის ქუჩებში ხეტიალი; გაზაფხულის ელფერში იასამნის სურნელი რომ მოგასკდება, აყვავებულ ქუჩებში; ჯერ კიდევ მძინარე ქალაქის ადრეული დილით გამოსვლა სახლიდან, ლამპიონები ჯერ კიდევ რომ ანთებულია და შენი ნაბიჯების ხმა რომ გესმის…
მარჯანიშვილის თეატრი, გორკის და არტოს ბაღი, სოლოლაკი, აბანოთუბანი, ვერა და მთაწმინდა… საბაგიროდან თბილისის დანახვა.
ზვარე, კარდანახი და მცხეთა. გურია, რომელსაც ველი, რომ მოვინახულო და ჩავიხუტო. კიტრი და პომიდორი და გუდის ყველი. დედას პური, კახეთში მეზობელი რომ მოგიკითხავს, ახლად დაკრეფილ რქაწითელთან ერთად.
მშრალი კერკი და ქლიავის ტყლაპი, სურამიდან. კოცონის სურნელი ზვარის ტყესთან…
12920919_1266792753349330_1527758531_n
12921084_1266792850015987_1686037687_n
12939684_1266792740015998_693083569_n
12959323_1266792783349327_1811579140_o
12966411_1266792826682656_2045655441_n
12969344_1266792820015990_1979236164_n

აუდიო-ფრაგმენტი-ახალი ალბომიდან, girl named nino- “მინდა” (“I wish”). მუსიკა, სიტყვები და არანჟირება-ნინო არობელიძე. ვოკალი და აკუსტიკური გიტარა-ნინო. Drums-meg thomas. elctric guitar, bass, -Pablo Gordy.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები