როგორ ისწავლა გიორგი თედორაძემ ადამიანებსა და ნივთებს შორის ურთიერთობის ფილოსოფია…  

დიზაინერი, რომელიც დანარჩენ სამყაროს საკუთარი ნამუშევრებით ელაპარაკება, გიორგი თედორაძეა. რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი დიზაინერები და რატომ არ იქმნება საქართველოში ავტოტრანსპორტის დიზაინი… 1

– ბავშვობიდან ვხატავდი, ძალიან პატარა ასაკიდან… თუმცა არ მიფიქრია, რომ პროფესიად დიზაინერობა ამერჩია. ვფიქრობ, ამ პროფესიის ინტერესებით ადამიანები უბრალოდ იბადებიან. მაშინ, როცა ხატვა დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შეიძლებოდა ეს განვითარებულიყო.  ვხატავდი იმიტომ, რომ მომწონდა, თან ბევრ რამეს ვსწავლობდი. მუშაობის, ხატვის პროცესში, იდეების ფურცელზე გადმოტანისას გაცილებით უფრო მეტად იხვეწები და იკვალავ გზას. თან არანაირი საშუალება იყო, რომ  მიმართულება მიმეცა. ყოველთვის თვალში მხვდებოდა ის ობიექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა, იქნებოდა ავტომობილი ან არქიტექტურული დეტალი, შენობა თუ ა.შ. მინდოდა შემეგროვებინა მათი ფოტოები. როცა ინტერნეტი შემოვიდა და ჩვენს ცხოვრებაში დამკვიდრდა,  რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ ინფორმაციაზე მქონდა  წვდომა. აქედან დაიწყო,  სერიოზულად რომ ჩავუღრმავდი დიზაინს.  საქართველოში დიზაინი სხვანაირად ესმით, უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს არის ნივთის გარეგნული მხარე, გარსი, შეფუთვა… რეალურად დიზაინი ეს არის ფილოსოფია. ადამიანებს და ნივთებს შორის ურთიერთობის ფილოსოფია. ენა, რომლითაც დიზაინერი ეკონტაქტება დანარჩენ სამყაროს. ძალიან დიდხანს მოვუნდი ჩემი ყველა ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც მქონდა. პროექტებზე მუშაობა 2007 წლიდან დავიწყე. გამოფენა მქონდა თბილისის საერთაშორისო ავტოსალონზე, ამ პერიოდიდან დაიწყო კონკრეტული დამკვეთების პირველი დაინტერესება და ბევრი საინტერესო კონტაქტი.3

– გამოფენა…

– ჩვენ არ გვაქვს ავტოსალონის გამოცდილება, მაშინ თბილისის საერთაშორისო ავტოსალონი მეორედ იმართებოდა. ამ გამოფენაზე მქონდა გატანილი მხოლოდ ტრანსპორტის დიზაინი. იქ მივხვდი, ზოგიერთი ადამიანისთვის ფანტასტიკის სფერო იყო, ვერ იჯერებდნენ, რომ შეიძლება ქართველმა შექმნას მანქანის დიზაინი. ბევრმა ქართველმა დიზაინერმა დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ძალიან კარგი, საინტერესო და დახვეწილი პროდუქტის შექმნა დიზაინის თვალსაზრისით. პირველი ინტერესები სწორედ ამ გამოფენიდან წამოვიდა, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ჩემი დამკვეთები მეგობრები იყვნენ. სამწუხაროდ, ტრანსპორტის დიზაინის კუთხით ვერ ვახერხებ განვითარებას, თუ რამე პროექტს ვაკეთებ, ეს მხოლოდ ჩემი ინტერესის სფეროდ რჩება … ჩვენთან, ძირითადად, შეფუთვის დიზაინი ვითარდება.

– როგორია გიორგი თედორაძის დიზაინი?2

– ალბათ ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი იქნება, რომ დავიწყოთ იქიდან, საერთოდ როგორ კეთდება პროექტი. ჩემთვის კარგი დიზაინი არის მარტივი, ესთეტიკური და ფუნქციონალური. მომხმარებელს უნდა რჩებოდეს იმის შეგრძნება, რომ როდესაც პროდუქტს დასრულებული სახით ნახავს, ის სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს და არა სხვანაირად. მისი გამოყენება უნდა იყოს მარტივი და ინტუიტიური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი დიზაინი ჩემთვის არის ინოვაციური, უნდა ცვლიდეს  გარკვეულ წარმოდგენებს და ქმნიდეს ახალს. ინოვაციები, რომელზეც ვლაპარაკობ, ისე უნდა ჩადო პროექტში, შეფუთო და დახვეწო, რომ საბოლოოდ მომხმარებელმა  ნახოს ფუნქციონალურად დატვირთული, მიზანშეწონილი და ვიზუალურად მყარი.

– თქვენი განხორციელებული პროექტი, რომელშიც არაფერს შეცვლიდით…4

– საკუთარი ნამუშევრების მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან ცუდად ხვდებიან კრიტიკას. საზოგადოებაში, სადაც მე ვტრიალებ, თუნდაც ეს იყოს დიზაინერების საზოგადოება, ყოველთვის ვკითხულობ – მითხარით, რა გხვდება თვალში ცუდად, გამაკრიტიკეთ… ვფიქრობ, ეს არის განვითარების ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა. როცა პროექტზე მუშაობ, დროთა განმავლობაში იმდენად ერთვები სულით და გულით, რომ ბოლოს შეიძლება რაღაც დეტალები ვერ შეამჩნიაო, შვილივით ზრდი. ამიტომ ყოველთვის გჭირდება სხვა ხედვა. ასევე კარგია, თუ პროექტს რამდენიმე დღით გადადებ, დაისვენებ და მერე სხვა თვალით შეხედავ…

– რისი დიზაინის კეთება გიყვარს ყველაზე მეტად…13

– ვინაიდან ჩვენთან არ არის შეკვეთები ტრანსპორტის დიზაინზე და ამ კუთხით ვერ მოვახერხე განვითარება, როგორც მე მინდა, შესაძლოა, ვთქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტი არის Nissan City. City-ზე ვმუშაობდი იმიტომ, რომ მომწონდა და მჯერა, რომ დაახლოებით ამ ტიპის ავტომობილები მომავალში თავის ადგილს დაიკავებენ ქალაქში. შეიძლება თბილისში იმდენად ჯერ კიდევ არ იგრძნობა, მაგრამ მსოფლიოს დიდ ქალაქებში ადგილის არ არსებობა სერიოზული პრობლემაა. ყოველწლიურად იწარმოება ძალიან დიდი რაოდენობის ავტომობილი, ამას ემატება ეკოლოგიური პრობლემები… სწორედ ეკოლოგიისა და ადგილის – ამ ორი იდეის გათვალისწინებით მთელი გული და სული ჩავდე Nissan City-ს პროექტში. პერსონალური პროექტი იყო, პრაქტიკულად ჩემთვის ვაკეთებდი, მაგრამ ევროპული პრესის ყურადღება მიიქცია, თან – ძალიან დადებითად. ფაქტობრივად დღეში მომდიოდა 50-60 წერილი ელფოსტით, იმის თხოვნით, თუ იყო უფრო მეტი ინფორმაცია ამ ავტომობილზე, გადამეგზავნა. ეს არის იდეის დონეზე პროექტი, მაქვს მხოლოდ ნახაზები, ესკიზები, რენდერები და შეფუთული პროექტი… ეს არის კონცეპტუალური ხედვა. იდეა, რომელიც ვიზუალურად გამოვხატე…

– საერთაშორისო გამოფენები…6

– საერთაშორისო გამოფენებზე არასოდეს ვყოფილვარ წარდგენილი. ამას აქვს თავის მიზეზები. ინდივიდუალურად დიზაინერები იქ, როგორც წესი, არ გადიან.  დამოუკიდებელი დიზაინერი საკუთარ თავს ამდენის უფლებას ვერ მისცემს. საერთაშორისო ავტოსალონებზე წარდგენის ორი საშუალება არსებობს. დიზაინის სკოლა, რომელიც თავის სტუდენტების ნამუშევრებს წარადგენს  და ასევე სხვადასხვა კომპანია. სამწუხაროდ, ჩვენთან  არცერთი მიმართულება არ გვაქვს, პატარა მცირე მწარმოებელი კომპანიაც კი არ არის, რომელიც ტრანსპორტის დიზაინზე იმუშავებს. აქ არ არის მხოლოდ ავტომობილებზე საუბარი. ბევრი სხვა მიმართულება შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, სკუტერის ან მოტოციკლის დიზაინი, რატომაც არა… ან სრულიად ახალი ტიპის ტრანსპორტის მოფიქრებაც შეიძლება, არც ეს არაა ფანტასტიკის სფერო, ასეთი შემთხვევები მსოფლიოში არაერთი ყოფილა. რადგან ჩვენთან არცერთი მიმართულება არ არის, არც სასწავლებელი გვაქვს დიზაინის, რომელიც სტუდენტების ნამუშევრებს წარადგენს და არც კომპანია, ამიტომ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. რაც შეეხება დასწრებას, ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მაინც დავესწრო. წელს იმედი მაქვს, ოქტომბერში რომელიმე საერთაშორისო ავტოსალონზე მოვახერხებ წასვლას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დიზაინერისთვის, რადგან საჭიროა, შენი ხედვა იყოს მრავალფეროვანი. 7ეს იქნება გამოფენა თუ უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება. ყველაფერი, რასაც ხედავ და ეხები, შენს თავში ილექება, რაღაც დიზაინერის ქიმიაა და შემდეგ ეს ყველაფერი ხდება შენი შთაგონების წყარო. რაც შეეხება თანამედროვე ტენდენციებს, თუ ავტომობილებზე ვისაუბრებთ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა – ელექტრომობილი, რასაც თავის ტექნიკური შეზღუდვები აქვს და დიზაინერებს უწევთ მათთან გამკლავება. სწორედ ამაში არის ინტერესი, რომ დიზაინერებმა უნდა მოახერხონ, ელექტროავტომობილები მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. ამას ახერხებს ბევრი კომპანია, მაგალითად BMW შემთხვევა, კომპანიამ სრულიად ახალი სერია ჩაუშვა წარმოებაში i3-ის და i8-ის სახით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ექნებათ კიდევ ერთი მოდელი -i5.i8, რომელიც  არის ჰიბრიდული ძრავით, ხოლო i3 მთლიანად ელექტრომობილია. ამ შემთხვევაში გერმანელებმა გვაჩვენეს, რომ შესაძლებელია ამ ტიპის ავტომობილიც გამოიყურებოდეს კარგად. ასევე საკმაოდ დახვეწილია  მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ელექტრომობილი Tesla.  ვფიქრობ, 21-ე საუკუნე შეიძლება მოვიაზროთ, როგორც დიზაინის საუკუნედ. დიზაინერების გავლენა ამ საუკუნეში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე წინა საუკუნეში. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პირველი მიზეზი არის კონკურენცია…

– ხომ არ უკავშირდება სამომავლო გეგმები Nissan City-ს… 12

– Nissan-ს რაც შეეხება, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ელექტრომობილი Leaf ჩაუშვა წარმოებაში. იაპონელებს ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება დაუგროვდათ, მათ შექმნეს ქალაქისთვის ზუსტი ზომის ელექტრომობილი და ამ მიმართულებით სამოდელო რიგის კიდევ ერთი მოდელით შევსება საინტერესო იქნებოდა, ამიტომ გავაკეთე Nissan City. ამ პროექტს შეხება არ აქვს კომპანია Nissan-თან, ეს არის უბრალოდ ჩემი კონცეპტუალური ხედვა და იდეა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესოა იმ კომპანიასთან მუშაობა, რომელიც ბაზარზე პირველად შემოდის.  ასევე საინტერესოა ის კომპანიებიც, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ. ამ შემთხვევაში ეს ისტორია უნდა გაითვალისწინო, წინა პროდუქტის ვიზუალი და ტრადიციული ელემენტები… ძალიან დიდი ენერგია მოაქვს, როდესაც აკეთებ პროექტს სრულიად ნულიდან. ახლა ვმუშაობ რამდენიმე კომპანიასთან, პირველ ნაბიჯებს დგამენ და ყველაფერს ვქმნით ნულიდან… სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა, რომ კიდევ რამდენიმე სფერო განვავითარო. მინდა შემკვეთიც და შემსრულებელიც თავად ვიყო. ვფიქრობ მიმართულებაზე, რომელსაც ავიღებ, განვავითარებ და მივცემ კომპანიის სახეს. დიზაინის და ზოგადად დიზაინერის ფუნქცია არ არის მხოლოდ ის, რომ დაინახოს, რა ხდება დღეს ან ხვალ. დიზაინერის ფუნქცია არის, დაინახოს, რა იქნება ზეგ და მასზეგ. თუ შენ იფიქრებ, რა იქნება ხვალ, ყოველთვის ზუსტად გეცოდინება, როგორ უნდა მოიქცე დღეს…

9
10

8

5

1411

                                                                                                                                                                       ნინო ჯაჯანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები