ალექსანდრე ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში N14 საშუალო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე N 14 საშუალო სკოლას ეწვია, სადაც თავად სწავლობდა. ჭიკაიძე მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. შს მინისტრმა მოზარდებს შსს-ს მიერ დაწყებული კამპანია გააცნო, რომელიც ე.წ. ბიოს წინააღმდეგ არის მიმართული და იმ საფრთხეების შესახებ ესაუბრა, რომლებსაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს. მინისტრმა ასევე მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა ასევე მოამზადა საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.