ესპანეთსა და პორტუგალიაში ხანძრებს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთმა მძვინვარე ხანძრებთან საბრძოლველად დამატებით 500 ჯარისკაცი გაგზავნა, რითაც მობილიზებულთა საერთო რაოდენობა 1900-მდე, ხოლო ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
“ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების დროს მეხანძრე გარდაიცვალა, როდესაც მისი სატვირთო მანქანა ციცაბო გორაკიდან გადავარდა”,- განაცხადა კასტილიისა და ლეონის რეგიონულმა მთავრობამ.
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ ნაწილში რამდენიმე მასშტაბური ხანძარი კვლავ მძვინვარებს, სადაც ამჟამად 27 000 მცხოვრებია ევაკუირებული.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ხანძრის გაჩენა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუნდაც ეს შემთხვევითი იყოს.
ამასთან, პორტუგალიაში, სადაც ასევე ხანძრებს ებრძვიან, კვირას ავტოსაგზაო შემთხვევაში კიდევ ერთი მეხანძრე დაიღუპა.
ესპანეთმა და პორტუგალიამ ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს საგანგებო დახმარების მოთხოვნა შეუძლიათ.