„მიხეილ სააკაშვილმა ნინო ჟვანიას შეურაცხყოფა მიაყენა“

   რეჟისორი გოგა ხაინდრავა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპრეზიდენტის განცხადებებს თავიდან ბოლომდე სიცრუეს უწოდებს. როგორც გოგა ხაინდარავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იგი გუშინწინ პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ხაინდრავა აცხადებს, რომ როგორც მაშინდელი მთავრობის წევრი, სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ბურუსით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა. გოგა ხაინდრავას განცხადებით, 1 თვის თავზე იგი დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ იყო.
“2 შემთხვევაში ნამდვილად არ შემიძლია სააკაშვილს პასუხი არ გავცე, რადგან 2 ადამიანს ეხება საქმე, ორივე გარდაცვლილია. ორივე შემთხვევაში პრაქტიკულად, ქალები არიან დარჩენილები, ამიტომ უბრალოდ ვალად ვთვლი, პასუხი გავცე. მაგალითად, ნინო ჟვანიასთან, როცა ფულზეა საუბარი. ეს არის სამარცხვინო. ამას მხოლოდ ბილწი ადამიანი თუ იტყოდა და მეგობრობაზე საუბარი აქ ზედმეტია. ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც მან ნინო ჟვანიას მიაყენა, ვითომ თავის მეგობრის ქვრივს, რომელმაც ზურას ქვრივის მანტია სამაგალითოდ ატარა. ასეთი ღირსეული ქვრივობა მთელმა საქართველომ ნახა. რაც შეეხება ფულს, საკითხი ეხება მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც მოხდა. ბატონმა ხარშილაძემ, რომელიც ზურას დაცვის უფროსი იყო, როდესაც ზურას გვამი იქნა აღმოჩენილი, და ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა ვითარებაში, ამოიღო მისი ჯიბიდან გასაღები, წავიდა, გახსნა სეიფი ზურას სამუშაო ოთახში, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში და დააცარიელა ეს სეიფი. იქ აბსოლუტურად არაფერი დატოვა. შემდეგ წავიდა და ასევე გახსნა და დააცარიელა ზურას სეიფი ვაშლიჯვარში, პარტიულ ოფისში. ეს იყო დანაშაულებრივი ქმედება. დაცვის უფროსს არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ ეს სეიფები გაეხსნა. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ნინოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ვერსიებში იყო ისიც, რომ არ არის გამორიცხული, რომ ამ სეიფში რაღაცა თანხა ყოფილიყო, და რადგან იმ მომენტისთვის არ იყო ნათელი, რამ განაპირობა ის უბედურება, რაც ჟვანიების ოჯახს თავს დაატყდა, ერთ-ერთი ვერსია შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ სეიფში შესაძლოა, რამე თანხა იყო და ზურას მოკვლა ამან განაპირობა. ეს არის ის ფაქტი, რომელიც ასე დამახინჯებულად, ისევე როგორც თავადაც სულიერად დამახინჯებულმა სააკაშვილმა წარადგინა”, – განაცხადა ხაინდრავამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ იგი ჟვანიას დედასთან არ დადიოდა იმიტომ, რომ ნინოსთან ეს ინციდენტი შეემთხვა, ხაინდარავს თქმით, ჟვანიას დედა ყოველთვის ცალკე ცხოვრობდა, ამიტომ ჟვანიას დედასთან მისვლის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასდროს ჰქონია და ჟვანიას მეუღლე ამაში ხელს ვერ შეუშლიდა. რაც შეეხება მოტივებს, რასაც შეიძლებოდა ჟვანიას გარდაცვალება მოჰყოლოდა, ხაინდარავს თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი იყო – პირველი: ელიტური კორუფცია, რასაც ზურაბ ჟვანია ხელს უშლიდა, ასევე პირდაპირი დაპირისპირება ჟვანიასა და სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას შორის ფოთის პორტთან, აეროპორტთან და მადნეულთან დაკავშირებით, სადაც ქართული ოქრო მოიპოვებოდა. ასევე მესამე მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო ურთიერთობა რუსეთთან, რადგან სააკაშვილის ბიძა, მისი გარემოცვა მერაბიშვილის თამადობით რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ. ამ მიზეზით ჟვანიასა და კახა ბენდუქიძეს შორის დაპირისპირება მთავრობის მე-2 სხდომაზევე დაიწყო და არ გათავებულა.
ამასთან, გოგა ხაინდრავამ სიცრუე უწოდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ბადრი პატარკაციშვილთან მიმართებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2007 წლის 2 ნოემბერის დაანონსებასთან ბადრი პატარკაციშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია. მისივე თქმით, სააკაშვილი საერთაშორისო ზეწოლამ აიძულა, რომ ტელეკომპანია “იმედი” ამუშავებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები