პრემიერ-მინისტრი: არჩევნებზე პარტია “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა
2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან” ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, – არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მისაღები ფორმაა, “ქართული ოცნება” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, პარტიების აზრით, საჭიროა, მთავრობაში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.
„პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და შევეცდებით, ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე. არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ნორმალურია, რომ არჩევნებზე პარტიები გავიდეთ დამოუკიდებლად. გარკვეული კოალიციების შექმნა კი არჩევნების შემდეგ ხდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.