როგორ უნდა გავხდეთ პროფესიონალები და წარმატებულები…

მათე ტაკიძე წლებია განათლებას და კულტურას ემსახურება. როგორ ცდილობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ; როგორი განათლების მიღებას ურჩევს სტუდენტებს და როგორია მისი წარმატების საიდუმლო, – მათე ტაკიძე „პერსონას“ მკითხველს გაანდობს.

– გავიზარდე ბათუმში, ვისწავლე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობით, ასევე დავამთავრე სასულიერო აკადემია 12895268_1261539003874705_310700832_nსაღვთისმეტყველო სპეციალობით და, გარდა ამისა, თბილისის პოლიტიკური სკოლა. ეს უკვე საკმაოდ განსხვავებული ჭრილია. თუმცა დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი განათლების სფერო და კულტურაა… მუდმივად ვსწავლობ. არასოდეს მაქვს განცდა, რომ ადამიანმა აღარ უნდა ისწავლო, კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება  ნებისმიერ დროს დაგჭირდეს. რაც შეეხება ჩემი პროფესიებისადმი დამოკიდებულებას, ამ პროფესიებით მე ვკითხულობდი  საქართველოს ეკლესიის ისტორიის სალექციო კურსს, მქონდა შეხება სტუდენტებთან. ეს იყო როგორც უნივერსიტეტი, ასევე ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სემინარია. ვიყავი პრორექტორი და სწავლული მდივანი. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვახერხებ ლექციების ჩატარებას, მაგრამ ეს მხოლოდ საქმიდან გამომდინარეა ასე…
– ოჯახი…12919304_1261538990541373_2125449428_n
– მყავს მეუღლე, ხელოვნებათმოდნე ნანა ვერულაშვილი, თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებული. ხელოვნების თემაზე მისი სტატიები  სხვადასხვა გაზეთში იბეჭდება. ახლა მუშაობს 82-ე საჯარო სკოლაში, წლების განმავლობაში იყო გაზეთ „ბათუმელებში“. სამსახურებრივად აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვართ. გვყავს ორი შვილი, იაკო არის 7 წლის, ხატავს ძალიან კარგად და ვაძლევთ საშუალებას, რომ მისი არჩევანის მიხედვით განვითარდეს. ილია კი 3 წლისაა და ბაღში დადის.
– რამდენი წლის წინ იყავით აქტიურად სასწავლო პროცესში ჩართული?
– დაახლოებით 10-15 წლის წინ. შემდეგ იყო სხვადასხვა ღონისძიება, სხვადასხვა აქტივობა და, ბუნებრივია, როცა ძალიან ბევრ რამეში ხარ ჩართული, სალექციო საათების ჩასატარებლად დრო აღარ გრჩება. თუმცა ნოსტალგია ყოველთვის მაქვს და როცა საშუალება მაქვს, ლექციებს ახლაც ვატარებ. დღეს უფრო საჯარო ტიპის ლექციები მაქვს – როგორც ისტორიის და საღვთისმეტყველო მიმართულებით, ასევე სხვა თემებსაც ვეხები. მაგალითად, თანამედროვე ცხოვრებაში რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა პროცესები მიდის, მენეჯმენტი და ა.შ. ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით ვცდილობ, სტუდენტებთან ურთიერთობა მქონდეს. მათ ვასწავლო ის, რაც გამოცდილებით მივიღე და არა მხოლოდ სწავლით და ცოდნით…
– იყავით ძალიან ახალგაზრდა ლექტორი…12899842_1261538987208040_1783785353_n
– ჩემზე ასაკობრივად ძალიან უფროსი, ბევრი ადამიანი სწავლობდა ჩემთან. რა თქმა უნდა, სასიამოვნო გრძნობაა და თან საინტერესო. როდესაც შედიხარ სალექციო კურსზე, იმდენად უნდა იყო მომზადებული, უპირველესად, ეს არის საკუთარი თავის პატივისცემა.  სალექციო საათის გარდა, უამრავი შეკითხვა ისმება, აინტერესებს სტუდენტს და, ბუნებრივია, მზად უნდა იყო.  ჩემთვის მთავარი პრინციპი იყო, სტუდენტებისთვის  კრიტიკული აზროვნება, ანალიზის უნარი მესწავლებინა… ვფიქრობ, ამას ვაღწვდი, იმიტომ რომ მუდმივად გვქონდა დებატები, სადაც ვაძლევდი საშუალებას, საკუთარი ნიჭის რეალიზება მოეხდინათ.
– ძნელია, სტუდენტებთან მოიპოვო ავტორიტეტი?…
– სტუდენტთან ურთიერთობა იწყება გულწრფელობით, ასევე იმით, როგორ კარგად ფლობ საკუთარ თავს და იმ სალექციო კურსით, რომელსაც კითხულობ, სტუდენტს თუ ვერ დააინტერესებ, არცერთი ლექციაზე არ გაჩერდება.  უნდა იყო ძალიან საინტერესო.  შენზე მოთხოვნილება სტუდენტისგან უნდა მოდიოდეს. როდესაც ხარ ძალიან სტანდარტული, მაშინ ეს  ძალიან მოკლე დროის განმავლობაში გრძელდება და მერე შენდამი დამოკიდებულება იცვლება. ამიტომ მე არასოდეს მქონია ასეთი მიდგომა, ვიყავი მაქსიმლურად ღია და მქონდა მათთან კომუნიკაცია, ადვილად შეეძლოთ, მოსულიყვნენ ჩემამადე. ეს მაძლევდა საშუალებას, უამარავ საკითხზე გვემსჯელა და ბოლოს, მივსულიყავით კონკრეტულ იმ თემამდე, რაც მე მაინტერესებდა, რომ მათ სცოდნოდათ. ამას კი ნამდვილად ვახერხებდით. არცერთი ჩემი სტუდენტი არ არის, რომელმაც ვერ მოახდინა საკუთარი ნიჭის რეალიზება და ესა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– მკაცრი – მომთხოვნი…12899888_1261539000541372_1059496744_n
– მკაცრი არ ვიყავი, არასოდეს შემიცვლია ტონი ურთიერთობაში. მომთხოვნი ნამდვილად ვიყავი. იცოდნენ, რომ ვიყავი ძალიან ღია, კონტაქტური და მეორე, რომ ექნებოდათ გამოცდები. იქ ვითხოვდი მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საკითხი უნდა სიღრმისეულად სცოდნოდათ. არასოდეს მქონდა მიდგომა, რომ სტუდენტი ზედაპირული ყოფილიყო და წიგნის სათაურებით ესაუბრა ჩემთან. ამიტომ ისწავლეს, რომ წიგნი კარგად უნდა წაეკითხათ და გაეანალიზებინათ. ამას ვასწავლიდი, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივად მისაღწევი და დრო დაჭირდა, მაგრამ შემდეგ თვითონაც მიხვდნენ, რას ვითხოვდი მათგან…
– ესეც იყო ერთ-ერთი ეტაპი…
– მათ შორის იყვნენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც  განსაკუთრებული აზროვნება ჰქონდათ და, ბუნებრივია, ბევრ რამეს სწავლობ. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში არიან და საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ დადებითი არ არის. მაგალითად, ხშირად ვხვდებოდი მეეზოვეს, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია.  გავიცანი, აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ფრანგულად დედანში კითხულობდა ფრანგ კლასიკოსებს. ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი იყო, საოცრად განათლებული და მისი ჰობი იყო, რომ დაელაგებინა ქუჩა. იმდენი რამ მივიღე, ვისწავლე ამ ადამიანისგან, საოცარი ისტორიები… ამით დღემდე  ბედნიერი ვარ. მარტო ენის ცოდნა არ ნიშნავს ინტელექტს, უბრალოდ ეს ადამიანი მოაზროვნე იყო.
– კინოფესტივალი და ფონდი…12899939_1261538973874708_524907171_n
– გვაქვს საერთაშორისო კინოფესტივალი და ხელოვნების და კულტურის განვითარების ფონდი – „წმინდა  ანდრიას ჯვარი“.  ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ: მიშა კობახიძე, თამარ ბართაია, გიორგი ოვაშვილი და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი. ჩვენ ვცდილობთ, ვიაქტიუროთ არა მარტო საქართველოში, ასევე გავიდეთ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით დიასპორებთან დაკავშირებით ვმუშაობთ ძალიან სერიოზულად. მათ ნაკლებად აქვთ შეხება ქართულ კულტურასთან, განათლებასთან. ამიტომ ვცდილობთ, შევავსოთ ეს ყველაფერი, როგორც შეგვიძლია. ჩავდივართ ხოლმე და გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, ეს იქნება ფილმების ჩვენება, ქართველი პოეტების ჩაყვანა, გამოფენები თუ კონცერტები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი საქველმოქმედოა. საზღვარგარეთ ჩვენი მეგობრების დახმარებით ყოველთვის ვახერხებთ  დარბაზის მოძიებას, გამოფენის ჩატანას, სხვადასხვა წიგნის წარდგინებას და ფილმების ჩვენებას.  გვაქვს ორი მიმართულება – თუ ჩავდივართ რომელიმე ქვეყანაში, სადაც ქართული დიასპორაა, ჩვენ ვცდილობთ ადგილობრივი მოსახლეობაც მოვიდეს, მათი კულტურის, ხელოვნების, განათლების წარმომადგენლები. გვინდა,  ვაჩვენოთ, რომ ხალხი, რომელიც მათთან ჩავიდა, კულტურის მატარებელი ერია და არ არის მხოლოდ საშოვარზე ჩასული ერი.  ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ჩვენი კულტურის პოპულარიზაციაა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გავდივართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც.
– თუმცა განათლების კუთხით აქტიურ მოღვაწეობას ისე აგრძელებთ…12899971_1261538980541374_514197187_n
– ვარ კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი. ესაა ტექნიკური-საინჟინრო მიმართულების კოლეჯი, სადაც დაახლოებით ათასი სტუდენტი სწავლობს. თითქმის სამშენებლო ყველა  მიმართულების ფაკულტეტი გვაქვს  და ასევე ბიზნეს ადმინისტრირება, ხელოვნების მიმართულება და ა.შ. ძირითადი მაინც თანამედროვე სამშენებლო-საინჟინრო ტექნოლოგიებს ვასწავლით. ვცდილობთ, კომპანიებთან მაქსიმალურად მჭიდრო კავშირი და ურთიერთობები გვქონდეს. გვაქვს პრეცედენტები, როცა კოლეჯის განვითარებისთვის კომპანიებმა საკმაოდ სერიოზული თანხა ჩადეს.  რაში იხარჯება ეს თანხა? უპირველესად, ახალი სტანდარტების შექმნაში, თანამედროვე ლიტერატურის მომზადებასა და გამოცემაში, პედაგოგების გადამზადებაში, გაცვლით პროგრამებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიების მოწყობაში. უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანასა და, შესაბამისად, ჩვენი ადამიანური რესურსის გადამზადებაში. ძალიან ბევრი კომპანიაა ჩვენი პარტნიორი დღეს და ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე ცივილური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. კერძო ინვესტიციების შემოსვლა კოლეჯების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ორმხრივი მუშაობის შედეგი…
– დაინტერესება თუ არის თქვენს სპეციალობებზე?12895497_1261538970541375_1028554969_n
– ბოლო პერიოდში, დაახლოებით 5-6 წელია სერიოზული მიდგომაა ამ თვალსაზრისით. ქართულ რეალობაში პრაგმატიზმი იზრდება, რაც ჩემთვის ძალიან გასახარია. ბავშვები ძალიან კარგად მოგვყვებიან, მათ იციან, რომ თუკი ექნებათ მოტივაცია, მათ დასაქმდებიან და ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ…  აღსანიშნავია, რომ დავიწყეთ ნორვეგიული საპილოტე პროგრამის განხორციელება, კოლეჯში ვამზადებთ  უნივერსალურ ადაპტირებულ გარემოს, რომელიც იქნება ეტლით მოსარგებლეებისთვის, ასევე მხედველობისა და სმენის არმქონეთათვის. გვექნება  ფერთა სპეციალური კონტრასტები, სხვადასხვა ტიპის პანდუსები, ლიფტი… მათთვის არის ყველა პირობა, რომ განათლების სრულად მიღების, ინტეგრაციის და შემდგომ დასაქმების  საშუალება ჰქონდეთ. ასეთი პრეცედენტები უკვე გვაქვს, ეტლით მოსარგებლე ერთ-ერთი კურსდამთავრებული უკვე დავასაქმეთ. მინდა ვუთხრა მათ მშობლებს, განათლება არის მათთვის ხელმისაწვდომი, გარემო ადაპტირებულია, სწავლა უფასოა და ყველა პირობა არის იმისთვის, რომ ჯერ ინტეგრაცია მოვახდინოთ და შემდეგ ძალიან წარმატებით აითვისონ პროფესია. ვინც მოგვმართავს,  თითოეულ მათგანს ვპირდები, რომ ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და მინდა აღვნიშნო, რომ გარემო არის შეზღუდული და არა შესაძლებლობები…

ნინო ჯაჯანიძე
12920883_1261539007208038_46470214_n
12939208_1261538977208041_1061545420_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები