რატომ ძლიერდებიან ამოუცნობი მოვლენები მარხვის დროს
„რატომ ძლიერდებიან ამოუცნობი მოვლენები მარხვის დროს“, – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ ნათელმხილველ, პარაფსიქოლოგ ნინო ვარსიმაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ვარსიმაშვილი ამბობს, რომ დემონური ძალები ცდილობენ, მორწმუნე ადამიანებს გზა აუბნიონ, განსაკუთრებით ეს იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც პირველად იწყებენ მარხვას.
“მარხვის პროცესში მორწმუნე ადამიანი ისწრაფვის სრულყოფილებისკენ, ხორციელი სურვილების დათმენით იწრთობს სულს, რითაც უახლოვდება უფალს, რაც ძალიან აწუხებთ დემონურ ძალებს. ისინი ცდილობენ, ადამიანები რწმენაში დააბრკოლონ და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მორწმუნე ადამიანებს გზა აუბნიონ, განსაკუთრებით ეს იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც პირველად იწყებს მარხვას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაირმა ცდუნებებმა და დაბრკოლებებმა არ უნდა შეგვაშინოს, ხელმოცარულობამ კი არ ჩაგვაგდოს სასოწარკვეთილებაში.
რაც უფრო დიდი განსაცდელი შეგემთხვევათ, არ უნდა დანებდეთ ბოროტ ძალთა სურვილებს, არ უნდა დამწუხრდეთ, პირიქით, არ შეწყვიტოთ მარხვა სულისა და ხორცის საკურნებლად. ბოროტი ცდილობს, მარხვის პროცესი ისე წაიყვანოს, რომ ადამიანმა ამაში ეჭვი შეიტანოს. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ თქვენ თავს არ ეკუთვნით და ბოროტი ძალა თქვენზე გამარჯვებას ცდილობს. დემონური ძალა თქვენზე გამარჯვებას ცდილობს. დემონური ძალა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაგეზაროთ ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარება-ზიარება,ან გაგიჩნდეთ უპასუხო კითხვები მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ რწმენა საჭიროა ლოგიკის გარეშე. რაც უფრო მეტად ჩართავთ ლოგიკას თქვენს რწმენაში, მით უფრო დაუახლოვდებით ეშმაკს, რადგან ნათქვამია -არა გამოსცადო უფალი შენი“, – ამბობს ნინო ვარსიმაშვილი.