ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცენტრის მიერ 2026 წელს გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართა
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცენტრის მიერ 2026 წელს გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციების პრეზენტაცია.
ხელნაწერთა ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მისასალმებელ სიტყვაში მან მიმოიხილა ცენტრის 2026 წლის საგამომცემლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის მნიშვნელობაზე ქართული კულტურული და წერილობითი მემკვიდრეობის დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის პროცესში.
პრეზენტაციის ფარგლებში ავტორებმა და რედაქტორებმა საზოგადოებას წარუდგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა და ცენტრთან თანამშრომლობით მომზადებული ახალი გამოცემები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სამეცნიერო დარგში მიმდინარე აქტუალურ კვლევებს.
წიგნების წარდგენა დაიწყო პერიოდული გამოცემით – „მრავალთავი 30“, რომელიც საზოგადოებას ნინო მელიქიშვილმა გააცნო.
ზაზა აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გამოცემები: „ივანე ჯავახიშვილი – მამულიშვილობა და მეცნიერება“ და დავით გვრიტიშვილის „ივანე ჯავახიშვილი – ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“.
გონელი არახამიამ ისაუბრა „სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია XV“-ში გამოცემულ გიორგი მჭედლიშვილის ნაშრომზე „ისტორიული ეტიუდები“, ხოლო თამარ ჭუმბურიძემ წარადგინა გამოცემა „ქართველოლოგია ევროპაში — მიხეილ თარხნიშვილი და იულიუს ასფალგი: წერილები“.
დავით სართანიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო „ივანე ჯავახიშვილის თხზულებანის“ პირველი ტომი. დარეჯან კლდიაშვილმა წარადგინა „სამხრეთ საქართველოს ხელნაწერთა მინაწერი საბუთების კორპუსი XI–XVI სს, II, ვაჰანის ქვაბთა განგების ისტორიული დოკუმენტები XIII–XVI სს“.
ლია სამყურაშვილმა და დალი ჩიტუნაშვილმა საზოგადოებას წარუდგინეს გამოცემა „სამეცნიერო მემკვიდრეობა V – რუსუდან გვარამია“. დალი ჩიტუნაშვილმა ასევე ისაუბრა „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა – ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ III და IV ტომებზე.
ღონისძიება დასრულდა შემაჯამებელი სიტყვით, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელოვანი როლი ქართული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.