რა გამოცდას უწყობს რეჟისორს დოკუმენტური ფილმი და რის საშუალებას იძლევა მხატვრული კინო…

რეჟისორი ნინო ბასილია ნეპალში დოკუმენტურ ფილმს იღებს. რა წინააღმდეგობები შეხვდა გადასაღებ მოედანზე და როგორია, „ღია ბარათები ნეპალიდან“ პერსონა „კვირას“ მკითხველს მოუყვება…

– ახლა ნეპალში ვარ. გადავიღე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, ტელებლოგი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, სადაც, ეგრეთ წოდებული სტალკერის როლი, მწერალმა ბესო ხვედელიძემ შეითავსა. ბესო უკვე მეთხუთმეტედაა ამ ქვეყანაში და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს აქაურობის მიმართ. მე – მეოთხედ. ამიტომ მომინდა ისეთი დოკუმენტური ფილმის გააღება, სდაც  ქართველი ადამიანის ფიქრი იმუშავებდა ამ ქვეყნის საოცარ ფერებსა და განწყობასთან ერთად. ბოლომდე ვერ მივაღწიე იმას, რისი გაკეთებაც მინდოდა. აქაური სამკაციანი გადამღები ჯგუფი ავიყვანე, რამაც ძალიან გამირთულა მუშაობა. მათ თავისებური, „ნეპალური“ მიდგომა აქვთ საქმისადმი და ვერ მოვახერხე ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა, თუმცა ამ სახითაც საინტერესოა. „ღია ბარათები ნეპალიდან“ – აი, ასეთი ჩვეულებრივი სათაური აქვს ფილმს.12910152_1259173014111304_1645999033_n

– იქამდე, სანამ კინო იქნებოდა შენს ცხოვრებაში…

– სანამ კინო შემოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში, იყო ბევრი რამ. იყო საზოგადოებრივი ჟურნალი „იმიჯი“, რომლის მთვარი რედაქტორი ვიყავი, იყო მოთხრობების კრებული და რამდენიმე პატარა რომანი, მათ შორის ერთ-ერთი, ჩემთვის გამორჩეული „შიში“. შემდეგ იყო სცენარები ტელესერიალებისთვის და ტელეფილმებისთვის, პიესები თეატრისთვის და მხოლოდ შემდეგ გადავწყვიტე რეჟისურის შესწავლა მოსკოვში, რადგან, ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ რუსული კინოსკოლა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.

– თეატრალური კარიერიდან კინოში…

– თეატრალური კარიერიდან კინოში ჩემთვის ძალიან გაიოლდა გადასვლა. თეატრმა ბევრი რამ მომცა, თუნდაც მსახიობებთან უერთიერთობის გამოცდილება, რაც ასე მნიშვნელოვანია კინოსთვის და სწრაფი აზროვნება – გადასაღებ მოედანზე, რაც ყველაზე რთულია.

– დოკუმენტურის ფილმები. ძირითადად, სოციალური თემები რატომ იყო შენთვის საინტერესო და რას ამბობენ ნინო ბასილიას ფილმები…
12884428_1259172997444639_1232362047_n
– დოკუმენტური ფილმი ყოველთვის საინტერესოა იმით, რომ რეალობას ეხები. მხატვრულ ფილმში კი ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ამბავი და შესრულება რეალობას მიუახლოვო. ასე რომ, დოკუმენტური ფილმით ნედლ მასალას ეხები და ემოციურად მგრძნობიარეა გადაღების პროცესიც. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გულწრფელი ვიყო იმ ისტორიასთან დაკავშირებით, რომელსაც ვიღებ და მაყურებელმაც ჩემი რაკურსით დაინახოს ეს ყველაფერი.

ხშირად ხარ საკუთარი ფილმების რეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე… რატომ ხდება ასე? ასე გაცილებით საინტერესოა მუშაობა?

– კი, გაცილებით საინტერესოა.

პირველი მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი, სოციალური დრამა „შიშველი“, როგორ მუშაობდი მასზე და რის გაკეთების საშუალებას იძლევა მხატვრული ფილმი დოკუმენტურისგან განსხვავებით?
12899860_1259173017444637_1145601334_n
– „შიშველი“ ფილმის სამუშაო სათაური იყო. მონტაჟის პერიოდში შევცვალე და დავარქვი „ანას ცხოვრება“. მას შემდეგ ფილმი ამ სახელწოდებით დადის ფესტივალებზე. წლის ბოლოს პრემიერა გვექნება. გადაღების პროცესი ერთი დიდი სიამოვნება იყო. მხატვრული ფილმი გაძლევს იმის საშუალებას, ადამიანებს მოუყვე ის კონკრეტული ისტორია, რაც დაწერილი გაქვს, რასაც გულისხმობ, რისთვისაც იღებ. დოკუმენტურში კი გადაღების პროცესში შესაძლებელია სრულიად შეგეცვალოს სათქმელი, შეიცვალოს ჩაფიქრებული დრამატურგიული ხაზი და მოგიწიოს ახლის შექმნა. დოკუმენტური კინო ბევრი მოულოდნელობითაა სავსე და ზოგჯერ ასე მგონია, პროფესია სწორედ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას გცდის.

– აქტიურად ხარ ჟურნალისტიკაში ჩართული, არ ტოვებ დოკუმენტურ ფილმებს (ასეთი სახით მაინც)…

– მე არ ვთვლი, რომ დოკუმენტური ფილმები ჟურნალისტიკას მიეკუთვნება. ფილმებს უნდა აკეთებდნენ რეჟისორები, რადგან ეს სრულიად განსხვავებული პროფესიაა და მას, ისევე როგორც ჟურნალისტიკას, წლობით სწავლობენ და ეუფლებიან. ჟურნალისტები კი აკეთებენ გადაცემებს. ასე, რომ ჩემი ჩართულობა, და თან აქტიური, ჟურნალისტიკის სფეროში, არც განიხილება.
12910204_1259173004111305_617099507_n
– რამდენად ზრდის ფესტივალები თავად რეჟისორს და თქვენი ფილმების წარმატებები…

– ფესტივალები რეჟისორებს არ ზრდის. უბრალოდ, საკუთარ თავში ცოტა მეტი თავდაჯერებულობა შეაქვს. ანუ, შენ მაყურებელს, აუდიტორიას, სწორად და პროფესიონალურად მიაწოდე სათქმელი. მიაწოდე და გაგიგეს. ახლა ჯერი შემდეგ ფილმზეა და ასე შემდეგ…

– რას ასახავს ნინო ბასილიას კადრი…

– თავისუფლებას.
– პერიოდი, რომელმაც სამომავლოდ გავლენა იქონია თქვენს ფილმებზე…

– ეს პერიოდი ჯერ არ დამთავრებულა.

– რა სირთულეების გადალახვა უხდება ქართველ რეჟისორს…

– რომ არ ჩავთვალოთ ფინანსური, მე სხვა სირთულეს ვერ ვხედავ. მთავარია, მუდამ არსებობდეს პროდიუსერი თუ ფონდი, რომელიც მზადაა, შენთან ერთად დაიხარჯოს. და საერთოდ, მაინც მგონია, რომ რეჟისორს არ გააჩნია ნაციონალობა და სქესი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა ნამდვილი რეჟისორი მსოფლიოს ერთ ქვაბში იხარშება.12910542_1259173007444638_1884253699_n

– რისთვის გჭირდებათ კინოს გარდა სხვა სფეროში მოღვაწეობა?

– არსებობს პროფესიები, რომლებიც ახლოს დგას ერთმანეთთან და ერთი მეორისგან გამომდინარეობს, და მათ „სხვას“ ვერაფრით ვუწოდებ. მაგალითად, მწერლობა, დრამატურგია, თეატრის რეჟისურა, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების რეჟისურა. ეს ყველა ერთმანეთის მონათესავე პროფესიაა და არც ვაპირებ სხვა პროფესიაში წასვლას.

– სამომავლო გეგმები…

– ნეპალში ნამდვილად არ მაქვს სამომავლო გეგმა და აქ როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის ერთი დღით ვცხოვრობ…

ნინო ჯაჯანიძე

 

12920994_1259173010777971_469477666_n

12910887_1259173000777972_1574735925_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები