ამერიკელი კონსტრუქტორები ახალი ზებგერითი თვითმფრინავის შექმნას გეგმავენ
ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატში მეცნიერთა ჯგუფი ახალი ზებგერითი ავიალაინერის შექმნაზე მუშაობს. კონსტრუქტორების გეგმის მიხედვით, ის ლეგენდარულ ფრანგულ-ბრიტანულ „კონკორდზე“ უფრო სწრაფი უნდა იყოს. ახალი თვითმფრინავის სიჩქარე საათში 2 600 კილომეტრი იქნება. ასეთი სიჩქარის მქონე ავიალაინერი ნიუ-იორკიდან ლონდონში 3 საათსა და 24 წუთში ჩაფრინდება, ხოლო ლოს-ანჯელესიდან სიდნეიში გადაფრენას 4,7 საათი დაჭირდება. ბილეთის ფასი, სავარაუდოდ, 5 ათასი აშშ დოლარი იქნება.
„ჩვენი მიზანია ისეთი სამგზავრო თვითმფრინავის შექმნა, რომელიც სიჩქარით ყველა ცნობილ ავიალაინერს აღემატება და რომელშიც ბილეთი ბიზნეს-კლასის ბილეთის ტოლი იქნება“, – განუცხადა სააგენტო „ბლუმბერგს“ კონსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ბლეიკ შოლმა. მისი თქმით, ტრანსატლანტიკური გადაფრენისთვის სჭირო დრო სულ მცირე ორჯერ შემცირდება.