მთავარი პროკურატურა: უახლოეს მომავალში პეტრიაშვილი დაზარალებულად იქნება ცნობილი
„უახლოეს მომავალში პეტრიაშვილი ცნობილი იქნება დაზარალებულად“, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შსს აწარმოებს გამოძიებას ალექსანდრე პეტრიაშვილის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. უახლოეს მომავალში პეტრიაშვილი ცნობილი იქნება დაზარალებულად. რაც შეეხება კვალიფიკაციას, როგორც საზოგადოებამ იცის, საქმეზე ერთხელ უკვე შეიცვალა კვალიფიკაცია და 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა მე-5 ნაწილზე. ამ ეტაპზე კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საფუძველი გამოიკვეთება, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები საქმის გადასაკვალიფიცირებლად“, – განუცხადა „კვირას“ ნათია სუხიაშვილმა.