პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, რეალიზაციის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები „ჰეროინი“, ,,კოკაინი’’ „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, ,,მცენარე კანაფი” ,,პრეგაბალინი’’ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით,), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა, შენახვა) 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) და 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები