შსს გორში სამხედრო მოსამსახურის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინა გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორში, ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი გამოკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი კვამლით გაიგუდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).