„ავტომობილი ჩემთვის სხეულის ნაწილია. როგორც საკუთარ თავს, ისე ვენდობი ჩემს ავტომობილს“…

პერსონა – საქართველოს ჩემპიონი ფორმულას კლასში. ევროპის ეტაპების გამარჯვებული საავტომობილო რალში, საპრიზო ადგილების მფლობელი. მევლუდ მელაძე – სპორტსმენი, რომელიც საკუთარი ხარჯებით ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღებას. როგორი მომავალი აქვს ქართულ ავტოსპორტს და რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი მრბოლელები…12834629_1244376335590972_1719349356_n

– საქართველოში ავტოსპორტი უმაღლეს დონეზეა, პიკშია თავისი არსებობის მანძილზე. ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როცა გვაქვს ან ძალიან დიდი ნახტომის საშუალება, ან ძალიან იოლად დავეშვებით დაბლა. ამიტომ ძალიან ფაქიზი მომენტია. ერთ-ერთი მიზეზი, რომ წელს ცოტა ხნით შტატებში წავსულიყავი, ესეც იყო. გეგმები ყოველთვის მქონდა, მაგრამ სათანადოდ გვერდში მდგომი არავინ მყავდა, მათ შორის სახელმწიფოსაც ვგულისხმობ. თუ ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალება არ ექნებათ, მაშინ ყველაფერი აზრს დაკარგავს. შიდა ჩემპიონატები მივიდა იმ დონემდე, რომ უკვე დროა, საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეთ. ამის მაგალითია დათა ქაჯაია, რომელიც შსს-ს გუნდიდან წავიდა და ევროპის თასი ძალიან მარტივად მოიგო. წელსაც ისევ შსს-ს გუნდის ხარჯზე მიდის ძალიან დიდ შეჯიბრზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და, სავარაუდოდ, იქაც გვასახელებს. იმის თქმა მინდა, რომ პოტენციალი გვაქვს და გვინდა ამის გამოყენება. მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონები ცალკეულ კლასებში უნდა მიდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებზე და სწორედ ამის თანხას ვთხოვ სახელმწიფოს. თუმცა დაფინანსების პრობლემა ჯერჯერობით მაინც არსებობს…
– დაიწყეთ მოლაპარაკებები საზღვარგარეთ, თქვენი გეგმების შესახებ…12084180_1244376262257646_588855817_n
– შტატებში ვაწყობ შეჯიბრებებს, მოლაპარაკებები მაქვს. სწორედ ამის გულისთვის წავედი, რომ მომესინჯა, რამდენად შესაძლებელია, შეჯიბრებების ორგანიზება. იქ საზომი ერთეულები სხვა არის, სხვა ციფრებია, რა თქმა უნდა, ეკონომიკა სხვა დონეზეა. გარკვეული ლაბირინთები იყო, ბიუროკრატიული გზების გავლა იქაც დამჭირდა, საბოლოოდ არცთუ ისე რთული აღმოჩნდა. არის თავისუფალი ნიშა, მით უმეტეს – სამოყვარულო შეჯიბრებების. საქართველოში წლების წინ დავიწყეთ ამის კეთება. შევიკრიბეთ რამდენიმე სპორტსმენი და ავტომობილისტთა კლუბი ჩამოვაყალიბეთ, ამის შემდეგ განვითარდა კლუბების თემა. ჩვენ ბიძგი მივეცით, შემდეგ ფედერაციაში გადავსახლდით და იქიდან კიდევ უფრო მეტი ბიძგი მივეცით. დღეს კლუბების მომრავლება აქედან მოდის. სწორედ აქაური გამოცდილება შეიძლებოდა იქ გამომეყენებინა. ძალიან ბევრი რამ წყვეტს, საქართველოში ვიქნები თუ ამერიკაში. რა თქმა უნდა, ვცდილობ, აქ ყველაფერი მოვაგვარო და მაქსიმალურად მეტი შევძლოთ, რადგან ამაზე საუკუნე მაქვს დახარჯული.
– 2016 წელი და ახალი სეზონი…
– საქართველოსთვის ყველაზე მისაღები GTCC-ია – საქართველოს ძარიანი ავტომობილების ჩემპიონატი, ბევრი ვიფიქრეთ, და ბოლოს, ასე დავარქვით. GTCC-ი გამარჯვებული კი მომავალში შესაძლებელია წავიდეს ETCC-ზე, ანუ ევროპის ჩემპიონატზე. ახალი სეზონიდან ეს ჩემპიონატი დავგეგმეთ, რამდენიმე კლასი გავაერთიანეთ იმისთვის, რომ ეს კლასი სრულად შედგეს. შესაბამისად, ძალიან ბევრი ავტომობილი იქნება, ზუსტი წესების დაცვით. ვფიქრობ, ძალიან კარგი ომი იქნება ამ კლასში.
– პირველად საჭესთან…12443283_1244376295590976_2124297423_n
– რაც თავი მახსოვს, როცა ეზოში  ვერთობოდი, სულ ვხაზავდი გზებს, სადაც ავტომობილი გაივლიდა.  დაღმართიდან სათამაშო მანქანებს ვაგორებდი, ვშლიდი, მაინტერესებდა, შიგნით რა იყო. თავიდან სულ პატარა ვიყავი, მამაჩემს კალთაში ვეჯექი და ისე ვატარებდი მანქანას. 9 წლის ვიყავი, როცა მითხრა, დამოუკიდებლად გაატარეო. ჩავჯექი და ისეთი პატარა ვიყავი, პედლებში ჩავძვერი. ამის შემდეგ, ამ ასაკში ერთი სოფლიდან მეორე სოფელში ბებიაჩემი დამყავდა სანათესაოს სანახავად. შემდეგ გარიგება მოხდა ჩემსა და მამაჩემს შორის, მას უნდოდა, რომ მე მოჭიდავე ვყოფილიყავი,  ჭიდაობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ის, შესაბამისად, მამარაგებდა სათამაშო ავტომობილებით, მერე დიდი ავტომობილით ან მოტოციკლეტით, იმიტომ რომ სანამ მანქანას გავატარებდი, 8 წლის ასაკში უკვე, ეგრეთ წოდებული, მინიმოპედით დავდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკიდან ვატარებდი ავტომობილს და არცთუ ურიგოდ, რეალურად ავტოსპორტში ძალიან დიდი, 27 წლის ვიყავი, რომ მოვედი.
– ავტოსპორტამდე?
– მანამდე ვიყავი მოჭიდავე, სამბოს ვჭიდაობდი. პირველი ვარ, ვინც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა. ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე, ისევ მოვიგე ევროპის ჩემპიონატი და ა.შ. როგორც მოჭიდავეს, ტიტულები საკმაოდ ბევრი მქონდა. ძალიან ცუდი დრო იყო, ავტოსპორტი არ არსებობდა. 27 წლის ასაკში აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვჩნდი ამ სფეროში. ჩემს მეგობარს ვიღაცამ ავტომობილი გაუკეთა და საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა. აღვშფოთდი და იმ ადამიანის სანახავად წავყევი. ერთ-ერთი სპორტსმენი, პროფესიონალი მრბოლელი აღმოჩნდა. ვიდავეთ და შეჯიბრება შევთავაზე. რა თქმა უნდა, მე ქალაქში შეჯიბრებაზე მქონდა აქცენტი, მაშინ არც კი ვიცოდი, რომ რუსთავში ავტოდრომი არსებობდა. საბოლოოდ ჩვენი დავა არ შედგა. ამის შემდეგ წავედი და ვნახე საავტომობილო ფედერაცია. ძალიან დახურული წრე იყო, არ უნდოდათ უცხოს მიღება და ამიტომ ორი წელი დამჭირდა, პროფესიონალის ლიცენზიის მისაღებად. ძალიან ბევრი ფული იყო საჭირო სპორტული ავტომობილის შესაქმნელად. ესეც მოვახერხე და პირველივე შეჯიბრებაზე მეორე ადგილი ავიღე. ახლა ნამდვილად წარმოუდგენელია, ქუჩიდან ვინმე მოვიდეს და დიდი შედეგი აჩვენოს, გამორიცხულია. თუმცა მაშინ უფრო მოდუნებული, ძალიან დაბალ დონეზე იყო ავტოსპორტი. კომუნისტების დროს ავტოსპორტს ტაქსოპარკები ამარაგებდნენ „სპორტსმენებით“. ასე აღმოვჩნდი ამ სპორტში, პირველივე სეზონზე ყველა შეჯიბრება მოვიგე და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ…
– სადამდე შეიძლება ენდო მანქანას…12804579_1244376328924306_796517961_n
– მექანიკური მოწყობილობა არის მანამდე, სანამ უყურებ, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, როგორც კი ამას გაისისხლხორცებ, ბოლომდე შენად აღიქვამ, მაშინვე ხვდები, რომ შენი ერთ-ერთი ორგანო ხდება. როგორც თითის მოხრა შეგიძლია, ასევე შეგიძლია ავტომობილს მოექცე. შეიძლება ხელიც დაიწვა ტაფაზე და ასევე ავტომობილთანაც რაღაც შეცდომა დაუშვა, უშეცდომო არავინ არის. მაგალითად, თითოეულ ჩემს გარბენზე შეიძლება ათობით შეცდომა დავითვალო, ვხედავ ჩემს შეცდომებს. სხვების ასამდე არის, მაგრამ ამას ვერ ამჩნევენ მანამდე, სანამ პროფესიონალები არ გახდებიან. იმიტომაც არის ძლიერი და სუსტი. ვისაც შეუძლია, რაც შეიძლება მეტი შეცდომა დაინახოს საკუთარ თავში და აღმოფხვრას, ის უფრო ძლიერია. ავტომობილი ჩემთვის სხეულის ნაწილია. როგორც საკუთარ თავს, ისე ვენდობი ჩემს ავტომობილს…
– ახალ სეზონზე თუ მონაწილეობ?
– ზოგადად, ავტოსპორტი ავადმყოფობაა. თუ შეგეყრება, მერე ქრონიკულში გადადის და თავს ვეღარ ანებებ. წელს, ვფიქრობ, როგორც მრბოლელი, ჩართული არ ვიქნები. მეორე მხრიდან გვაქვს პრობლემა, იგივე ავტომობილების ტექნიკურად შემოწმება, ან როცა რამე ინციდენტი ხდება, ამის გარჩევა და მე, როგორც სპორტსმენს, მიწევს  ჩართვა ამ გარჩევებში. ამიტომ მინდა, რომ ამ სეზონზე მეორე მხარე ვიყო. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სახეობებში მაინც მივიღო მონაწილეობა. მაგალითად, როგორიცაა – დრიფტი, იმისთვის რომ ფორმაში დავრჩე, ჩემი ადრენალინი დავხარჯო, რის გარეშეც არ შემიძლია და მესამე გარკვეული დოზით საკუთარ თავსაც რაღაცნაირად პატივი ვცე…
– რა ასაკამდე შეიძლება საჭესთან იჯდე და შეჯიბრებებში მონაწილეობდე…12833442_1244376325590973_675345207_n
– ეს ალბათ თავად ადამიანმა უნდა იგრძნოს, როდის არის ის მომენტი, როცა იმ შეცდომას უშვებ, რომელიც არ გეპატიება. ისტორიას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა ასაკის პილოტები გვყავს. ადრე „ფორმულა 1“-ის პილოტების უმეტესობა 40 წელს ზემოთ იყო. ახლაც 50 წელს ზემოთ არიან. იგივე წრიული რბოლების პილოტები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატს იგებენ, ისინიც ამ ასაკში არიან. ვერ ვიტყვი, როდის არის ზღვარი. წრიულ რბოლებში და საპრიზოებში ხშირად გვხვდება ხოლმე 63 წლის მრბოლელი. გააჩნია ფიზიკურ კონდიციებს, ამას ასაკი არ აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტოსპორტში 27 წლის ასაკში მოვედი, ვისაც სურს, რომ ამ სპორტში ჩაერთოს, უნდა მოვიდეს და ჩაერთოს, თუ ფიქრობს, რომ მაგარია…

ნინო ჯაჯანიძე

 12833392_1244376308924308_1652750396_n
12834916_1244376322257640_366171544_n
12835021_1244376305590975_980041230_n
10643416_1244376332257639_1637719270_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები