ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნზე ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ გადაწყვეტილების საფუძვლად ბრალდებულის მიმალვა ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა.
ლევან მექვაბიშვილის ადვოკატები ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 15 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდნენ, პროკურატურა კი – პატიმრობას. თავად ბრალდებულმა პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომში გუშინ დააკავეს. ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ლევან მექვაბიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აპრილს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები