პროკურატურა ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას მოითხოვს

პროკურატურა ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობას მოითხოვს. მედიის წარმომადგენლებთან შესაბამისი კომენტარი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
“აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა ლევან მექვაბიშვილის მიმართ პატიმრობას მოითხოვს. საფუძველი არის ის, რომ არსებობს მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის საფრთხე. ჩვენ შევეცდებით, დავუსაბუთოთ სასამართლოს, რომ სხვა აღმკვეთი ღონისძიება ხელს შეუშლის აღკვეთის მიზნის განხორციელებას“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
პროკურორის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების მიმართაც. რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა გადაკვალიფიცირდეს საქმე, პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, თუ საქმის მსვლელობისას გამოიკვეთება ახალი გარემოებები.
შეგახსენებთ,რომ 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომში გუშინ დააკავეს. ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები